 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2010 |
ჩვენი წვიმიანი ფანჯრიდან მოჩანს დაკლაკნილი მდინარე, ახლა ღამეა და თვლემს. (ღამით წყალიც იძინებსო, - ამბობენ) და გაღმა ნუცუბიძის პლატო - ყვითელხორკლებიანი დინოზავრი, კისრით სამხრეთისკენ - თვალს ადევნებს დროდადრო გადაფრენილ არქეოპტერიქსებს მოციმციმე ფრთებით... და ცას მიბჯენილი კორპუსები - დგანან მატყლის ბალიშებზე (როგორც ქათმის ფეხებზე - კუდიანი დედაბრების ქოხები) და ღამ-ღამობით დადიან აყვავებული ხეების გასწვრივ, გალუმპული მოაჯირების გასწვრივ და სახლიდან გაპარული მთვარეულებივით ბრუნდებიან გვიან, პირველივე ჩრდილების გაჩენისთანავე, როცა სამალავებიდან გამომძვრალი რკინისთავებიანი ხვლიკები ჩერდებიან, რათა მიეფიცხონ მზეს, დაიმუხტონ მზით, აივსონ მზით, და წარმოიდგინონ, რომ ათბობენ სამოსს, რომელიც აცვიათ, და კედლებს, რომელშიც ცხოვრობენ და ამასობაში ივიწყებენ ცას, რომელიც ბალიშებიანი კორპუსებიდან მოჩანს, და რომელიც ისეთივე მყიფეა, როგორც პრეისტორიული ქოთანი თიხის და ისეთი თხელი, რომ შეახებ ხელს და ტყდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|