ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მაისი, 2010


მარლენ დიტრიხი. ოღონდ ის არა, სხვა

გამარჯობა.
მე მარლენი ვარ, გვარად დიტრიხი. არა, ის დიდი მარლენ დიტრიხი არა. არც მისი შვილიშვილი, ან მისი შვილი. უბრალოდ, მარლენ დიტრიხი.
თქვენ მარლენი დამიძახეთ.
ვცხოვრობ ერთ პატარა ქალაქში. მყავს ისამნისფერი ველოსიპედი, წინ კალათით. ვცხოვრობ მარტო, პატარა სახლში. არ ვმუშაობ, რადგან დედაქალაქის ცენტრში მაღაზია მაქვს გაქირავებული და იქედან შემოსული ფული თავისუფლად მყოფნის.
არ მყავს მეგობრები, რადგან ამ ქალაქში მოხუცების მეტი, არავინ ცხოვრობს. ყველას ვიცნობ, მაგრამ არავის ვემეგობრები.
აქ ერთი ბიჭი ჩამოდის ხოლმე, ვაშლები ჩამოაქვს პეპეს მაღაზიაში. ძალიან ტანადი და ძლიერი ბიჭია. ერთხელ გამიღიმა, მაგრამ  მე მის არათითზე ბეჭედი შევნიშნე და იქ დამთავრდა ყველაფერი.
ერთხელ ჩემს ქალაქში, ერთი ბოშა იყო ჩამოსული, ჩემი ველოსიპედით მივდიოდი სახლში. გამაჩერა და მითხრა – შენ შენი კომპლექსები მოსვენებას არ გაძლევსო. გავიკვირვე, ნეტა რა კომპლექსები!? მშვენივრად ვცხოვრობ, არაფერი მაწუხებს.. ბოშას თავი დავუქნიე და წამოვედი.
ფიქრი არ მიყვარს. შესაბამისად არც ვფიქრობ ხოლმე. ძირითადად ვვოცნებობ. სურვილები არ მაქვს, იმიტომ, რომ ყველაფერი ასტრულებულია.
ხალხში გამოჩენას ვერიდები, ასე მგონია ვერ გამიგებენ.
მე ყოველთვის ფართე მაისური და თხელი ქვედაბოლო მაცვია, ფეხზე ღია სანდლები. არც ხელზე და არც კისერზე, არაფერი მიკეთია – არ მიყვარს, როცა რაღაც მიჭერს. თმაც ყოველთვის მოკლედ მაქვს შეჭრილი, შეკვრა რომ არ დამჭირდეს. სალონში სარკის წინ არასოდეს ვჯდები, ჩემმა დალაქმა იცის, როგორ უნდა შემჭრას თმა, მე კიდევ სარკეში ყურება არ მიყვარს.
ერთხელ ჩემს მაღაზიაში ჩასვლა მომიწია. მატარებელში კუპე დავჯავშნე და ოთხივე ბილეთი მე ვიყიდე, თანამგზავრი რომ არ მყოლოდა.
ქალაქში რომ გავედი, დავიბენი. იმდენი ადამიანი იყო. ისე ლამაზად ჩაცმულები, თმადავარცხნილები, ლამაზები. სწრაფი, თავდაჯერებული ნაბიჯებით დადიოდნენ და ძალიან უცნაურად მიყურებდნენ. მგონი დამცინოდნენ. ქუჩებში უამრავი პლაკატი და მანათობელი ყუთი იყო. იქედან ერთმანეთზე ლამაზი, მიმზიდველი და ხალისიანი, ხან გოგოები, ხან ბიჭები იყურებოდნენ.
ერთი სული მქონდა, როდის შევაღწევდი სადმე, სადაც ადამიანები არ იქნებოდნენ. ყველა ისეთი... ისეთი კარგი იყო, მე კიდევ გაქრობა მინდოდა. ჩემს სახლში მინდოდა, სადაც ლამაზი მხოლოდ ვინსენტის „ნუშები“ არის, ჩემი ბაღი და პეპეს მაღაზიის ხილ–ბოსტნეული.
აქ კიდევ, თმაგაშლილი, ლამაზად ჩაცმული, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით მოსიარულე, მომხიბვლელი გოგოები ერთიმეორეს ცვლიდნენ. ყველა სადღაც მიიჩქაროდა, ყველა ძალიან თავდაჯერებული იყო და საპირისპირო სქესის გამოჩენისას, რაღაცნაირ გამომეტყველებას იღებდნენ.
მე კიდევ.. ამერიკის უზარმაზარ ქუჩაზე ჩაგდებულ ლეკვს ვგავდი, რომელიც ჩქაროსან ადამინებს ფეხებში ებლანდება და სადმე, უკაცრიელობისკენ მიისწრაფის.
ეს ჩემი მაღაზიაც, მეჩვენებოდა, რომ სადღაც შორს გადაიტანეს.
ძლივს მივაღწიე. იქ ერთი ძალიან ზრდილობიანი და კეთილი გამყიდველი, ლილი მეგულებოდა.
ლილიც ყოველთვის კარგად იცვამდა, ბევრ ყავას სვამდა და თავისი მომჭკნარი თითებით, ყვითელფილტრიან სიგარეტს ეწეოდა. ლილი ყვებოდა თავის ყოფილ ქმარზე, რომელიც არარაობა აღმოჩნდა, რომელმაც მას წაართვა სახლი და ეხლა თავის ახალ, ლამაზ ცოლთან ერთად ცხოვრობს. ლილის ერთადერთი შვილი ყავს, რომელიც ესპანეთში სასწავლად არის წასული.
შევვარდი ჩემს მაღაზიაში და იქ მხვდება, ძალიან ლამაზი, ძალიან ელეგანტური, უცნაურად მომხიბვლელღიმილიანი გოგონა.
წიგნს კითხულობდა. ჩემს შესვლაზე წამოდგა და მკითხა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ეს მისი ზრდილობა, საოცარ ცინიზმად მივიღე, ასეთ ლამაზ გოგოებიან ქალაქში, ნუთუ შეიძლება მე ვინმე ასე თავაზიანად მომექცეს!? წარმბები შევჭმუხნე, თავი გავიმაგრე და ოდნავ ცივი ტონით ვუთხარი: „მე ლილის ვეძებ.“
– თქვენ ალბათ მარლენი ხართ. – მითხრა ძალიან თბილად. პასუხს არც დაელოდა და გააგრძელა – ლილი  შეუძლოდ არის, აი თქვენთვის კონვერტი დამიტოვა, გადაეციო – გამომიწოდა და გამიღიმა ისევ.
ღმერთო ჩემო, რამდენჯერ დავმცირდი, რამდენით დავპატარავდი და რამდეჯერ ვინატრე გაქრობა.
–მადლობა – ვუთხარი თავდახრილმა, მორიდებულად და გამოვედი.
მივრბოდი რკინიგზისკენ, საიდანაც ჩემი ქალაქის მატარებელი გადიოდა. კუპის ბილეთი რატომღაც არ მომცეს. ამან კინაღამ მატირა. შიშით დავჯექი სკამზე და სასჯელის აღსრულებასავით დაველოდე თანამგზავრის შემოსვლას. კარში შემოვიდა ვიღაც ფაშფაშა ქალი, წამოწითლებული ლოყებით. ბევრი ჩანთა ჰქონდა, თითოეულზე ეიფელის კოშკი ეხატა. უკმაყოფილო სახით შევხედე და თითების წვალებას შევუდექი. წითელლოყება მომესალმა, დალაგდა თავისი ჩანთებიანად, წყლის ბოთლი და 2 ცალი ჭიქა მაგიდაზე დადო, სკამის საზურგეს მიეყრდნო, თავი მარჯვნივ გადაკიდა და ფშვინვა ამოუშვა.
ძალიან გამიხარდა. ამოვისუნთქე.
მეტი არავინ დაგვგზავრებია.
როგორც კი სახლი დავინახე, გულში სიხარულიც გამიჩნდა და კიდევ რაღაც... ნიკაპი ამიკანკალდა, სუნთქვა გამიხშირდა და ქუთუთოების კიდეები ამეწვა.
შევვარდი სახლში, კარი ჩავრაზე, იქვე, ხალიჩაზე დავჯექი და არ ვიცი ასე გულიანად როგორ, ტირილი დავიწყე.
სურათის შუშიანი ჩარჩოს ანარეკლში ჩემი თავი დავინახე, კიდევ უფრო ავტირდი. ირგვლივ სულ იმ ლამაზ გოგოებს და სიმპათიურ ბიჭებს ვხედავდი, ყველა იღიმოდა... მე კიდევ ვტიროდი და ვტიროდი.
ხელებში მქონდა ჩარგული თავი, ხელები მოკეცილ მუხლებზე მელაგა, მხრები მაცახდახებდა და გული ყელში ამომდიოდა. თვალები ძალიან მეწვოდა, ცრემლების ეს უცნაური, მლაშე გემო არ მსიამოვნებდა.
ასე დიდხანს არასოდეს მიტირია. საერთოდ არ მიტირია, იმიტომ რომ... მე ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობ და აქ სატირალი სულ არაფერია.
ბოშა გამახსენდა. ღრმათვალებიანი ბოშა და აი მაშინღა მივხვდი, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, რას ნიშნავდა კომპლექსებისგან ტანჯვა.
კომპლექსები, რომლის არსებობა არც კი ვიცოდი. უკვე ვეღარ ვიგებდი, რატომ მეტკინა ჩემი ასეთნაირობით გული, რატომ ვერ ვგავდი იმ გოგოებს, როგორ შეიძლებოდა  მათნაირი ცხოვრებული ცხოვრებით მეცხოვრა, ვყოფილიყავი მათნაირად ლამაზი, ლაღი, თავდაჯერებული, ჩემს დანახვაზეც შეცვლოდათ მზერა სიმპათიურ ბიჭებს და მეც მქონოდა სადმე წასასვლელი.
ვიჯექი ჩარაზული კარის უკან, ვსლუკუნებდი და უკვე სველი მქონდა თხელი ქვედაბოლო, რომელსაც ვეღარ ვიტანდი. დაუჯერებელმა სევდამ მომიცვა. მომინდა ჩემი ნივთები, ეს მათემატიკური სიზუსტით გადაჭრილი ფარდები, ქოთნის ყვავილები, სერვანტში შელაგებული ჭურჭელი, თეთრგადასაფარებლიანი საწოლი, ყველაფერი დამემტვრია, დამეწვა, გამექრო, მომეშორებინა.
სიცოცხლე მომინდა, სილაღე მომინდა... მაგრამ გული მიკვდებოდა იმის გახსენებაზე, რომ ის სიცოცხლიანები სხვანაირები არიან, მე კიდევ..
მე მარლენი ვარ.
ადამიანი, რომელსაც სხვანაირად ყოფნა უნდა, მაგრამ არ იცის, როგორ.
ბოშამ მითხრა, კომპექსები გაქვსო.
პეპესაც რომ არაფერი სმენია ამ კომპლექსებზე..!?
თვალები გაქვს გადიდებულიო, რატომო? როგორ ამეხსნა აბა? პეპეს მცხობელი ცოლი ყავს და სურსათის მაღაზია აქვს.
მე კიდევ.. მე მარლენი ვარ.
გოგო, რომელსაც თურმე, სიცოცხლე უნდა.

                                                                                                17.05.10
                                                                                                23:57

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები