ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ.გ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

...

ამ წუთას ნიავმა შემომძახა ღია ფანჯარაში , წარსულში სასეირნოდ მეძახის..
წავალ  და დავტოვებ ცოტა რწმენასა და სითბოს „იქ“, რომ უკნ დაბრუნებულს აღარ მციოდეს.. ჰო წავალ , თქვენც გიპოვნით და იმდენ რამეს გეტყვით , გაგიმხელთ, რომ უკან დაბრუნებულს ალბათ უფრო გეყვარებით..
წავალ და ბავშვობას ხელახლა განვიცდი.. ჯერ სოფელში წავალ და ბებოს თბილ ხელებს გულში ჩავიკრავ, ისე ძლიერად რომ არასდროს გაცივდეს ჩემს არსებობაში ეს შეგრძნება.. წყაროზე ლურჯფრთება პეპლებს დავუწყებ დევნას , ბაბუაწვერებს ავაფეთქებ სულის შებერვით და თბილ, ზაფხულის ქარს ავადევნებ ცეკვა-ცეკვით.. მინდვრის ყვავილებს თმაში ჩავიწნავ და ბევრს, ბევრს ვიხეტიალებ პურის ყანაში ყვითელი პეპლების კვალდაკვალ .. საღამოს ციცინათელებს ავედევნები და დავიღლები სიცელქით,ვარსკვლავებს დავითვლი და ხმამაღლა გავიცინებ , როცა სათვალავი ამერევა.. ძილის წინ იმ რძესაც სიხარულით დავლევ , ძალითაც რომ ვერ მასმევდნენ. ვილოცებ და ალბათ ჩემი მფარველი ანგელოზი ისევ დამესიზმრება .. დილით კი მზესთან ერთად გავიღვიძებ და ყველა ჩასუნთქვისას ხარბად ჩავიტან ფილტვებში  ბავშვობის წამებს.. უამრავ ლექს დავწერ დედაზე და არ დავმალავ  ჩუმად დაწერილ ჩემს ურითმო ლექსებს, სულ რომ მრცხვენოდა ვინმეს წაეკითხა..  წავალ და ბავშვური, გულუბრყვილო სიხარულით ავივსებ სულსა და გონებას, რომ აღარ დარჩეს ჩემს არსებაში ტკივილისა და იმედგაცრუებისთვის  ადგილი..
წავალ და სულაც დავრჩები ბავშვობაში. ავირჩევ ყველაზე ლამაზ , მზიან დღეს და სამუდამოდ იქ დავიდებ ბინას.. აღარ გავგრძელდებით მე და ჩემი დრო , უბრალოდ გავაჩერებთ ერთმანეთს იქ სადაც ერთმანეთი ყველაზე მეტად გვიხაროდა..
..წავალ, მაგრამ სანამ ვოცნებობ მომავალ წარსულზე, ნიავი ჩადგა.. მე ისევ აქ ვარ , მაგრამ ვგრძნობ როგორ მათბობს ახლაც წარსულიდან ჩემი ბავშვობა ..
მფარველო ანგელოზო ამიცხადდი ისევ სიზმრად და ნუ მომცემ უფლებას ისე გავიზარდო, რომ აღარ მახსოვდეს ის ცელქი და უცნაური ბავშვი შენ რომ გიყვარდა..
ახლაც გიყვარს..
მოდი ერთად ვიტიროთ და იქნებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები