რაღც უცნაურ სუნს გავყევი. მივდიოდი ფეხშიშველი, მეცვა თეთრი პერანგი და ვცდილობდი გამეგო რატომ ვიყავი მე ერთადერთი მთელს ქუჩაზე, სადაც ყოველთვის მანქანების საცობი იყო. მეზობლის გაზონზე მორიდებით დავაბიჯე. ფეხის გულებზე უსიამოვნოდ მიღუტუნებდნენ ახლადდაცვარული ბალახები. მესიამოვნა და ნაბიჯი შევანელე. ცხვირზე დამეცა შავი ჭვარტლის მსგავსი რაღაც. არ შევიმშნიე და გზა განვაგრძე. შემდეგ ორი დამეცა, შემდეგ სამი… გავცდი მეზობლის სახლებს და დამთავრდა მწვანე ბალახიც. სახლის კიდიდან გავიხედე – ბოლი ასდიოდა რაღაცას, საიდანაც უცნაური სუნი მოდიოდა. გავყევი. ფეხები გამემურა, პერანგი გამიშავდა თავზე კი შავად მათოვდა. ისევ მიკვირდა სიმარტოვე. რაღაცას ფეხი დავადგი, ასაღებად დავიხარე და ხელში თოჯინის თავი შემრჩა, პომადაწასმული, მაგრამ ისიც გამურული. შემეშინდა, ჩავიბღუჯე და ნაბიჯს ავუჩქარე. მივედი საზღვრამდე – ეს ჰგავდა აშკარა ფერების კონტრასტს და მე ვიგრძენი, როგორ გამოვდიოდი ნელ-ნელა სიმწვანედან და როგორ ვაბიჯებდი ჯერ ნაცრისფერ და შემდეგ შავ სამყაროში.
რაღაც იწვოდა. სუნმა წელზე მომხვია ხელები, კისერში დამიწყო კოცნა და ძალაუნებურად დამახუჭინა თვალები. ხმაურმა გამომაფხიზლა – მარტო აღარ ვიყავი. შავმა, მსუქანმა და დიდმკერდიანმა ქალმა ჭიქა შემომაჩეჩა ხელში და გორგოლაჭებით გასრიალდა სხვა სტუმრებისკენ. მიმოვიხედე – საკმაოდ მდიდრულ სახლს გავდა. ყველა შავებში, ან შავ ფერში, ან ჩემსავით გაშავებული იდგა და საუბრობდა. არავინ იღიმოდა. უსიცოცხლო, შუშის თვალებით იყურებოდნენ და მექანიკური მოძრაობებით ასვამდნენ ბეჭედს ადამიანობას.
არაფერი იყო სახლში ფერადი – ვარდისფერი კედლები, მწვანე, ყავისფერი, წითელი ავეჯი, კრემისფერი ფარდები, დიდი დარაბები, რამდენიმე აივანი, ფერიის სამოსში ჩაცმული, ქერა კულულა ბავშვები დარბოდნენ და უფროსებს ფეხებშჲ ედებოდნენ…
ყველაფერი შავი იყო. არაფერს ჰქონდა ფერი, არც კედლებს, არც ბავშვებს, არც სინათლეს…
ჭიქით ხელში ვიდექი შუა ოთახში და გამვლელებს ზრდილობიანად ვუღიმოდი, პასუხად კი როგორც ყოველთვის მხოლოდ გულგრილობას ვიღებდი.. მერიდებოდა ჩემი ჩაცმულობის – მდიდრულ ოჯახში, მდიდარ ხალხთან, მდიდარი ფანტაზიების მქონე ბავშვებთან მე ფეხშიშველი და ჭუჭყიანპერანგიანი ვიდექი. შევეცადე გამესწორებინა, მაგრამ რომ დავიხედე სულ სხვა რამ მეცვა – მწვანე კაბა, რომელიც რა საკვირველია შავი იყო და ზღვის ნიჟარებით მორთული დაბალი ჩუსტები. შევიფერე და აღსანიშნავად ჭიქის პირი ტუჩებთან მივიტანე, თუმცა ვერ მოვასწარი დალევა. სუნმა ხელი ჩამკიდა და კიბეებისკენ წამიყვანა. ბედნიერი ვიყავი. მივყვებოდი და ვიცოდი რაც მოხდებოდა! მე უკვე მზად ვგრძნობდი თავს გარდამავალი პერიოდისთვის.
ოთახში შევედით. დივანზე დამსვა, გვერდით მომიჯდა, ჭიქა გამომართვა და თმებზე დამიწყო მოფერება. სითბოთი ვუპასუხე და წამწამებიდან შავი ფერფლის მოშორება დავუწყე. ჩემს მწვანე კაბას ფერი ეცვლებოდა. ღილები დაწყდა, თავისით დამოკლდა და გათხელდა. სუნს შევეშვი, ხელიდან დავუსხლტი და ჩემს ჭიქასთან ერთად კიბეზე დავეშვი. მსუქან, დიდმკერდიან, გორგოლაჭიან მიმტანს შევეჩეხე. მან გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. გამიკვირდა, როგორ გამიბედა ღიმილი, ამ სახლში ხომ ეს აკრძალული იყო. ამაყად გადავხედე და დარბაზში შევედი. ყველა მომაშტერდა. ამაყად გავიარე ხელოვნურ კოლიდორში და სავარძელში ჩავჯექი. მუსიკოსებს ვანიშნე გაეგრძელებინათ დაკვრა.
და სუნთქვა შეწყდა.
სუნმა სავარძლის უკნიდან ამოყო თავი და ბოლი აუვიდა ჩემს წინ მოცეკვავე წყვილს. მესიამოვნა. სასმელს ჭიქაში ვანჯღრევდი და ახლა მეორე წყვილი დაფარა კვამლმა. უკვე სამი სუნი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ, მეფერებოდნენ, მეხებოდნენ, მკოცნიდნენ…
გავშალე დიდი ქოლგა და გავიარე ახლა უკვე ყველა სუნს შორის. მსუქანმა, დიდმკერდიანმა, გორგოლაჭებიანმა მიმტანმა კარი გამიღო, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. გარეთ გამოვედით მე ქოლგა და სავსე ჭიქა. ფეხებზე შემცივდა – დავიხედე და ისევ ფეხშიშველი, ისევ ჩემი თეთრი, მაგრამ გაშავებული პერანგისამარა ვიყავი. ხელი ქოლგაზე მეკიდა, სინამდვილეში კი თოჯინის მომძვრალ თავს იფარებდი შავი ჭვარტლისგან თავდასაცავად.
მივდიოდი. ჭიქას დავაფარე კიკინებიანი და პომადიანი თავი, არარსებულ ჯიბეში ჩავიდე და მეზობლის შავ გაზონზე დავიწყე ისევ სიარული.
მე მივდიოდი. შემეშვა სუნი.
წელსქვემოთ, არარსებული ჭიქის ადგილას დავსველდი, მაგრამ ეს სითხე არ იყო, დავწექი შავ ბალახებზე, მკერდზე დავიდე ნახევრადსავსე ჭიქა, თოჯინის თავი და საკუთარი ხელები…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესო იყო +5 :) წარმატებები... საინტერესო იყო +5 :) წარმატებები...
4. საინტერესო იყო,მომეწონა,რაც მთავარია არ დავუღლივარ ნაწერს:)
++ საინტერესო იყო,მომეწონა,რაც მთავარია არ დავუღლივარ ნაწერს:)
++
3. :) რა კაია ვიგაცამ წაიკიტხა :პ გამარჯობატ :) რა კაია ვიგაცამ წაიკიტხა :პ გამარჯობატ
2. უცხო და ცოტა ისეთი, გაურკვევლობის და განსაკუთრებულობის სუნი რომ ასდის. უცხო და ცოტა ისეთი, გაურკვევლობის და განსაკუთრებულობის სუნი რომ ასდის.
1. ძალიან საინტერესო იყო... :) + + ძალიან საინტერესო იყო... :) + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|