ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2008


თანდაყოლილი ირონია

ნაბიჯები გაქვს გამჭვირვალე,
მზერა_თავნება,
სიტყვასიტყვით გგრძნობ,
ლექსებში კი ენა დამება.
და მაინც, ვნატრობ
დაინახო ჩემში მშვენება,
სიკეკლუცეა,
თუ ქალური ამპარტავნება...
არ გელი ახლა,
დაყრდნობილი შუბლით ფიქრებზე,
ეს მყუდროებაც სიმარტოვის აგონიაა,
ნისლია მთებზე შემოდგომის დასალიერის,
ცალთვალა ღამე ყივჩაღივით სინჯავს იარაღს.
ცა გულში მირტყამს
გარდაუვალ წარმავალობას,
არ ვიცი ასე,
ბილიკები რატომ წვალობენ
შენამდე მოსვლას...
სინანულის ფერი აქვს მოცხარს,
ეს წამები კი
ჩემს უდროო ყოფნას ცხარობენ.
არაფერია,
გავექცევი სივრცის სიმცირეს,
ასე მარტივად, ასე რთულად,
თუგინდ უხეშად...
შენს სახეზე ხომ,
თავს სიმორცხვით არ დაიმცირებს
თანდაყოლილი ირონია
ტუჩის კუთხეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები