| ავტორი: იისფერი ჟანრი: პროზა 28 ივნისი, 2010 |
უპირველეს ყოვლისა მინდა იცოდეთ, რომ არავის ვადანაშაულებ მომხდარში (ვფიქრობ მართებულია ამის აღნიშვნა) გარდა საკუთარი თავისა, ვიცი ახირებული ვარ. პირადად მე იმ დღეს მშვიდად ვიყავი,ალბათ გაგიკვირდებათ ჩემი წარმოდგენა ამ სიტუაციაში, მაგრამ მთელი დღე ჰამაკში გავატარე(ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოგეხსენებათ ვმოუსვენრობ ხოლმე ,მთელი დღე დავდივარ,ან ვხატავ, ან ვწერ, მაშასადამე ჰამაკში წოლა დიდი სიმშვიდის გამოხატულებაა ჩემნაირი ადამიანისთვის) საღამოხანს მივხვდი, რომ ზედმეტად დავამძიმე და დავღალე ის ორი ამწვანებული ხე, რომლებზეც ჰამაკი იყო გაბმული, წამოვდექი და ჩემს ფერად ოთახს მივაშურე (გეფიცებით არ ვიცოდი რა მელოდა, მხოლოდ გულის ხმით ვმოქმედებდი) შესვლისთავანე ჩემი ტილოებიდან წამოსული ზეთის სუნი მეცა და გამაბრუა, თუმცა მე ხომ შეჩვეული ვარ, მალევე გამოვფხიზლდი და კარადისკენ გავემართე.დღეს საღამოს ყველაზე ლამაზი მინდა ვიყო, მინდა გაზაფხულის დედოფალი მიწოდონ, მინდა ყველას მზერა ჩემი იყოს, მარტო ჩემი! (მიუხედავად იმისა , რომ ამ პატარა ქალაქში საკმაოდ ცნობადი და ყურადღების ცენტრში მყოფი ქალი ვიყავი) რა ფერის კაბა მომიხდებოდა? დაუმწიფებელი ჭერამისფერი შევარჩიე, ოდნავ მუხლს ზემოთ, ოდნავ შეჭრილი, ოდნავ ამოღებული და კიდევ უფრო მეტად გამომწვევი, ვიდრე კლასიკურად წითელი იწვევს ხოლმე.იცით რა ლამაზია მკვახე ჭერამი? უბრალო ხილია, თანაც მკვახეს რა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მხატვრის ხედვაში, მაგრამ მე მელამაზება მისი ფერი, მისი სისადავე და შეუმჩნევლობა, თითქოს ის არც არსებობს. ეს საღამო გამგებლის რანჩოში ტარდებოდა და ყველა გამოჩენილს და ელიტარულ პიროვნებას უყრიდა თავს, მათ შორის ვიყავი მეც. ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ პატარა ქალაქისთვის ჩემნაირი ქალი(წარმოსადეგობას ვგულისხმობ) ელიტაზე ბევრად მაღლა დგას. წვეულება ერთი საათის დაწყებული იყო როცა მივედი (დაგვიანება მჩვევია) ხალხი რანჩოს წინ ბაღში გაშლილიყო, ყველას შამპანურის ჭიქით დაემშვენებინათ თითები.პირველი მზერა ერთ-ერთი ცნობილი პოეტისგან მომხვდა, სახელად ალფრედ, წლოვანება 37, ინტელექტი (ჩემთვის) 100იდან 45 , არა ასეთი მდაბიოს მზერაზე არ ვოცნებობდი ამ საღამოს. სიმართლე გითხრათ მომნუსხა ბაღის სიდიადემ, სილამაზემ, სიმყუდროვემ…სიამოვნებით დავხატავდი თითოუელ აქ მყოფ ხეს , განსაკუთრებით აი იმ ჭერამისას, შორეულ კუთხეში ეულად, რომ დგას და ჩუმად მიყურებს, თითქოს მეუბნება დღეს ჩვენ ტოლები ვართ,ერთი ასაკის, ერთი ფერის და ერთ მდგომარეობაში(მარტოობას ვგულისხმობ) თანაც შორს ვდგავართ იმათგან ვინც გარს გვახვევია. წვეულების მთავარი პერსონაჟი, როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენი ქალაქის გამგებელი ჯულიან ოსვალდ, ან პირიქით ოსვალდ ჯულიანი გახლდათ. მან მთელი საღამო მეუღლე (მეტად პრიმიტიულ ქალბატონთან) ჟოზეფასთან ერთად გაატარა მხარი_მხარ.ნეტავ ვინ ართმევდა ქმარს?!თვალი ამაზრზენად ავარიდე ამ მოსაბეზრებელ წყვილს და შამპანიური მოვწრუპე.არადა გულში ბრაზი მახრჩობდა,საზოგადოებაში თვალთმაქცი ადამიანები ყოველთვის მაცოფებდნენ. ერთგული ქმრის ნიღბიდან ერთი-ორი მზერა დავიჭირე და სამუდამოდ შევინახე გონებაში. ეხლა კი გავიღიმე და კმაყოფილი იერით, ამაყი, დინჯი თეძოების რხევით გავემართე მორიგი ჭიქის მოსაპოვებლად. უკვე მომწყინდა ეს უაზრო , არაფრისმომცემი პოლემიკები, შეჯიბრი ინტელექტის საუკეთესო გამოვლინებაში და ასე შემდეგ.ჩემი ფერადი ოთახი მომენატრა, ან თუნდაც ის ორ აყვავილებულ ხეს შორის გაბმული მოუხერხებელი ჰამაკი , სადაც სულ სიო დახეტიალობს.წასვლა გადავწყვიტე.ჭიქა იქვე მოსამსახურეს მივაბარე, თან ბოლო ყლუპის წვეთები ტუჩებიდან თითებით მოვიშორე და ის-ის იყო გასასვლელისკენ დაუმშვიდობებლად გავემართე, რომ ვიღაცის მძლავრმა მკლავებმა სადღაც შორს წამიღო. ვიცანი, ვიცანი ეს ხომ ის ჭერამის ხეა, გამარჯობა ჭერამო!-ოსვალდ რას აკეთებ??? -ვეღარ ვითმენ , მაგიჟებ! -მომახალა და გაშმაგებული მეცა ეს უტიფარი გამგებელი, ხომ გითხარით ერთგული ქმრის ნიღაბი ზედმეტად უნიჭოდ ეკეთა თავის კიდევ უფრო ზედმეტად სიმპატიურ ცხვირ-პირზე.გეფიცებით 32 წლის მანძილზე ასე ხარბად არავის უკოცნია, ასე მალულად და თან ასე გაბედულად არავის უცდია ჩემი დაუფლება , მიუხედავად იმისა , რომ შორი-ახლოს უამრავი ხალხი ირეოდა, მათ შორის “ძვირფასი ჟოზეფაც” -ეს რა საკადრისი საქციელია თქვენისთანა წარმოსადეგი კაცისთვის?!- ცივი წყალი გადაგვასხა პრეზიდენტის მეუღლის სიტყვებმა (ეს კრუელა აქ საიდან გაჩნდა , ეშმაკმაც დალახვროს, დიდი სიამოვნებით დავაწიწკნიდი ამ ქერა კულულებს) სასწრაფოდ გავისწორე ჩემი ჭერამისფერი კაბა და ჭერამის ხეს მოვშორდი. -მაპატიეთ მენ!-თავი დაუხარა ოსვალდმა.(ოხ ეს “პირველი ლედები” რა უდროო დროს გამოჩნდებიან ხოლმე) ნელი ნაბიჯით გამოვყევი სახლისკენ მიმავალ ნახევრადგანათებულ ქუჩას … ეს რა მთავრობა გვყავს , ხვალვე დავწერ საჩივარს , რომ გარეგანათების ბოძები შეაკეთონ , ვბუზღუნებდი გულში. ჩემი ფერადი ოთახი ისევ მიზიდავდა, მაგრამ მაინც ჰამაკს მივაშურე, ფეხსაცმელები ხის ძირას მივყარე და უსულოდ ჩავწექი.მთელი ღამე ოსვალდზე ვფიქრობდი , ვიხსენებდი სკოლის პერიოდს , რა გაგიჟებით გვიყვარდა ერთმანეთი , ვიხსენებდი რა ლამაზი იყო ეს სიყვარული მაშინ, რომლის ნაშთი დღესაც ამოტივტივდა ჩვენს ცნობიერებაში და ვნებამ თავისი გაიტანა.მაგრამ რაც დღეს მოხდა ვფიქრობ არაფერს შეცვლიდა, მიუხედავად იმისა რომ ქალები ყოველთვის ვოცნებობთ ყველაფერი ზღაპარივით დასრულდეს. განთიადისას ჩამეძინა … ალბათ სამი საათიც არ მძინებია, მეზობელმა გამაღვიძა , გაფითრებული სახით იდგა და ხელში თეთრი კონვერტი ეჭირა. წუხანდელი ცრემლები ფრთხილად მოვიწმინდე და კონვერტი გამოვართვი, რადგან მისი ხმა თითქმის არ მესმოდა ძილბურანის გამო. კონვერტი გავხსენი და წავიკითხე.არ გამკვირვებია. გადამასახლეს…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართლაც კარგი ნოველაა! ++ მართლაც კარგი ნოველაა! ++
1. კარგი ნოველაა, მაგრამ ვინ არის მისი ავტორი? კარგი ნოველაა, მაგრამ ვინ არის მისი ავტორი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|