ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარაგმა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2010


~ქარაგმა დაგვიანებულ პასუხზე~

ბედის ქარაგმებს რითმებად ვწერდი,
ნაზამთრალივით ციოდა, წვიმდა...
სიკეთის სიმით აბამდა ღმერთი
ზეცაზე მიწას და მოიწმინდა
ღრუბლებით ოფლი...

ვიღაც კი, ალბათ,
მაშინ ირგებდა ღიმილის ნიღაბს,
სპექტაკლი უცხო, ნაცნობი ფარდა
ჩნდებოდა წვიმის ქალაქის მიღმა
და ქუჩა თითქოს ცხელ საკანს გავდა,

განთიადისას ნანახს სიზმარში...

ძველ ხელნაწერებს ფერი უცვლიათ
(ვალაგებ თაროს... უცნობი ბავშვი
გაცრეცილ კარტებს რომ შლიდა გვიან
და სულ არავინ ელოდა სახლში,
უნდოდ შეჰყურებს თემიდას პინას)...

ჰაერი ფრთხილად აევსოთ ჰანგებს,
ღამის ნათელი მოასკდა მინას,
სადღაც ქსელავენ ბედის ქარაგმებს,
ჩემში კი თითქოს სხვა პოეტს სძინავს.

იასამანიც დაღლილა, ლამის!
შემომფანტვია ფოლიანტები,
ვეღარ მოვასწრებ ახსნას ქარაგმის,
ყველა პოეტის ნაცვლად გბარდებით,
აღარ მოჰკითხოთ ლექსი არავის,

თუ პოეზია ითვლება ცოდვად...

ოთახში რითმა იწყებს ხეტიალს,
ასახსნელია ბედის ქარაგმა
და სიყვარული დღეს სულერთია.

სუნთქვას უარი.

ჩვენ ვხვდებით.

ფარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები