ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეტრე
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2008


ჭკვიანი ხე

                                                              ჭკვიანი ხე



    ქუთაისში, ჩემს მეზობლად, ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, გვარად მჭედლიშვილები. კაცს სამველი ერქვა, ქალს კი ნატაშა. მეზობლები, ყველა სამველ ბიძიას და ნატაშა ბიცოლას ეძახდნენ, ალბათ იმის გამო, რომ თუკი სამეზობლოში ვინმეს ფულის სესხება უნდოდა, სამველ ბიძიას შეეძლო ხელის “გამართვა”, ოღონდ არა ისე როგორც ქართველებმა იციან ფულის გასესხება სიტყვით მიცემული პირობით, არამედ, აუცილებლად ხელს მოგაწერინებდა წინასწარ მომზადებულ ქაღალდზე, თუ რამდენი ფული ისესხე ისესხე და როდის უნდა დაგებრუნებინა, რა თქმა უნდა გარკვეული პროცენტით. ვადის გადაცილების შემთხვევაში, თანხა გაორმაგდებოდა, ხოლო თანხის ვერ დაბრუნებისას, შენი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების მეპატრონე სამველ ბიძია ხდებოდა. თუ მოლაპარაკება შედგებოდა, ქაღალდს ხელს აწერდა მსესხებელი, გამსესხებელი და სამველის მეგობარი კაცი, ვექილი ლეო მარქაროვი, როგორც მოწმე ამ მოლაპარაკებისა. ყოველი გაცემული თანხიდან, მასაც რაღაც წილი რჩებოდა, მოკლედ, მარქაროვ-მჭედლიშვილის ვექსილს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ფულის არ დაბრუნების სურვილს დაუკარგავდა კაცს. ვინც გაბედა და ნასესხები ფული არ დაუბრუნა ბიძია სამველს, ყველა მსესხებელმა სასამართლო პროცესი წააგო და მათი კუთვნილი ქონების მეპატრონე, აუცილებლად სამველ მჭედლიშვილი, ან მისი მეუღლე ნატაშა ბიცოლა გახდა. ერთი სიტყვით, მევახშეობდნენ ცოლ-ქმარი მჭეგლიშვილები. მეზობლებისგან გამიგია, რომ სამველ მჭეფლიშვილი, 1900 წელს ბათუმში, ინგლისურ გემს ჩამოყოლილი, გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელის, გვარად სმიტის შვილი ყოფილა. მოწონებია უცხოელ კაცს თურმე საქართველო (ვითომ რატომ არ უნდა მოწონებოდა?!) და დარჩენილა კიდეც, მერე ცოლად შეურთავს ბათუმელი რუსის ქალი და შეუქმნია ოჯახი. სამველ ბიძიაც ბათუმში დაბადებულა. სანამ სამველ ბიძიას მამა ცოცხალი იყო, სმიტები იყვნენ გვარად, მერე მამა რომ გარდაიცვალა, სემ სმიტმა, ასე ერქვა სამველ ბიძიას ბავშვობაში გვარი ქართულად გადათარგმნა და გახდა სამველ მჭედლიშვილი.
    ასე იყო თუ ისე იყო, იყო სამველ მჭედლიშვილში უცხოური მიდგომა ყველა საკითხისადმი და არა ქართული, მევახშეობაშიც კი. მერე სამველ ბიძიამაც რუსის ქალი მოიყვანა, ნატაშა ბიცოლა და დასახლდნენ ქუთაისში. ქუთაისელებს, ისე როგორც ყველა ქართველს, ფული არასოდეს არ ჰყოფნიდათ და ამიტომაც მჭედლიშვილები იყვნენ ყველას ბიძია და ბიცოლა. სამეზობლოში ყველაზე დიდი ეზო სამველ ბიძიას ჰქონდა. წერეთლების ნასახლარზე ცხოვრობდნენ ბიძია და ბიცოლა, წერეთელმა ვალი ვერ გაუსტუმრა და იძულებული გახდა მამა-პაპის კარმიდამო “დაეთმო” მჭედლიშვილებისთვის. წერეთლების ყოფილ ეზოში ერთი დიდი კარალიოკის ხე იდგა, რომელიც ალბათ ყველაზე ახალგაზრდა იყო, ეზოს კაკლის და მუხის ხეებთან შედარებით.როგორც ამბობდნენ, წერეთლებს მარტო კარალიოკის ხე აქვთ ალბათ ორასი წლისო. ნაწერეთლალ კაკლის და მუხის, თითქმის ისტორიული ასაკის ხეებს, არაფრად აგდებდნენ სამველ ბიძია და ნატაშა ბიცოლა, იმიტომ რომ ერთი ღორების საჭმელს ისხამს და მეორე მღრღნელებისაო ამბობდნენ და ვერც ვერავინ ვერაფერს უბედავდა მევახშე ცოლ-ქმარს. გაუბედავდნენ და... დარჩებოდნენ ქუთაისლები ფულის გარეშე. ჭკუას იქეთ ასწავლიდნენ ყველას, თუ დაუჯერებდი ისე გააკეთებდი როგოსც მათ სურდათ, მაშინ ფულსაც ადვილად გასესხებდნენ, თუ არა და უფულოდ დარჩენილი ქუთაისელი სტუმარს პატივს ვერ სცემდი და... მოგეწეოდა ქუთაისლების ყველაზე დიდი წყევლა, შენ ვერ აქეიფე სტუმარიო.
    ის ორასი წლის კარალიოკის ხე უყვარდა სამველ მჭედლიშვილს, ოქროს ვაშლებს ისხამსო იძახდა სამველ ბიძია, მერე კარალიოკისგან არაყს გამოხდიდა და “ვისკიაო” ესო ასწავლიდა სანთლის და ბჟოლის არაყზე გაზრდილ ქუთაისელებს. ნატაშა ბიცოლას კი ხურმა მოსწონდა და გული სწყდებოდა რომ მის ნაწერეთლალ კარ-მიდამოში ხურმა არ ხარობდა. ხურმიდან ჯემს აკეთებდა ბიცოლა, ჩვენთან “პავიდლოს” რომ ეძახიან იმას.
    ჩემს მეზობელ კაკო ლომიძეს მიეცეს ჩვენი ცოდვა რაც მერე მოხდა. ერთხელ ფულის სესხება დაჭირდა იმ მათხოვარს და ერთი კალათა ხურმით მიადგა მეზობელ მჭედლიშვილებს. გაუხარდათ ცოლ-ქმარს, განსაკუთრებით ნატაშა ბიცოლას ხურმის მოკითხვა და დაიწყეს ლაპარაკი:
_ კაკო, კაცო! ვერსად ისეთ ხურმას ვერ ვყოდულობ შენს ეზოში რომ მოდის. _ უთხრა კაკო ლომიძეს სამველ ბიძიამ. _ ასეთი ხურმა რომ მქონდეს, ნატაშა ისეთ “პავიდლოს” გააკეთებდა ზამთრისთვის... მერე რა ჯობია სალიას პურზე გადასმულ ხურმის “პავიდლოს” ჩაისთან, თან ხომ იცი ჩემი “ვისკიც” და ზამთარში მეტი რა გინდა კაცს. _ ინატრა ლომიძის ხურმა მეზობელმა.
    ფულის სესხების გულისთვის, გამყიდველმა კაკო ლომიძემ, ისეთი საიდუმლო ასწავლა გაურკვეველი წარმომავლობის სამველ ბიძიას და გარკვეული წარმომავლობის ნატაშა ბიცოლას, რატომ ენა არ გაუხმა.
_ რა უნდა მერე სამველ ბიძია მაგას? მიდი შენ კარალიოკის ხესთან, მიიტანე ნაჯახი და შემოარტყი ისე, რომ ხეს ეგონოს მართლა მჭრისო, თან უნდა უთხრა, რომ თუ ხურმას არ მოისხამ აუცილებლად მოგჭრი თქვა!
_ მერე, დაიჯერებს კარალიოკი კაკო მაგას? _ ღიმილით უთხრა მარტო თავის თავში დაჯერებულმა სამველმა.
_ ოჯახს გეფიცებით სამველ ბიძია, არ ვხუმრობ! – გაიწყვიტა ოჯახი კაკომ. _ ყველაფერი ესმის ხეს, _ ჩურჩულზე გადავიდა ლომიძე. _ დედას ფიცავარ, სამველ ბიძია, ბაბუაჩემისგან ვიცი ეს ამბავი. _ ბოლომდე გაწირა კარალიოკის ხე ლომიძემ!
_ რაც გესიამოვნებათ  იმას მოისხამს, გნებავთ კარალიოკს, გნებავთ ხურმას,  ოღონდ კაი გვარიანად უნდა დააშინოთ.
_ მართალს ამბობ კაკო? _ დაინტერესდა ნატაშა ბიცოლაც.
_ სახლში არ მივიდე ცოცხალი, ნატაშა ბიცოლა, თქვენ ტყუილს რავა გაკადრებთ მე! _ უპასუხა სახლში არ მისასვლელმა კაკომ.
_ ე.ი. მარტო კაი შეშინება და... გვინდა ხურმა გვექნება, გვინდა კარალიოკი? _ ეხლა უკვე ნატაშა ბიცოლა კითხულობდა ჩურჩულით.
_ ჰო. შეშინების მეტი არაფერი არ უნდა. _ ისევ იმეორებდა კაკო.
_ შეშინებას რა უნდა შე კაცო. _ ჩურჩულით თქვა სამველ ბიძიამ, რომელიც ეტყობა უკვე ემზადებოდა კარალიოკის შესაშინებლად. _ არ მეისხამს მე რაც მინდა და მაგისი აჯობებს! _ ხმას აუწია სამველმა. _ აგერ მაქვს ბირდაბირის ხერხი და მე და ნატაშა ორ წუთში მივახერხავთ ძირში!
_ მე დამიძახეთ სამველ ბიძია და მე მოვხერხავ უცებ, _ უფრო მეტად აუწია ხის გასაგონად კაკომ ხმას. მიეხმარა ხერხვაში მეზობელს ენამოსახერხი.
_ კაკო, შენ ისეთი რამ მასწავლე, ცხოვრებაში რომ არ გამიცია, ისეთი დაბალი პროცენტით უნდა მოგცე ფული. _ უთხრა გახარებულმა სამველმა.
    ძღვენმიმრთმელმა კაკომ, ისე გულით და სულით გაყიდა კარალიოკის ხე, პროცენტიანი ფული სულ არ გაუხარდა.
    ამასობაში ეზოში ცილინდრიანი და “პორთველიანი” ლეო მარქაროვი შემოვიდა. იმ ცილინდრში იყო ვექილ მარქაროვის ძალა. ლაოს ქუთაისის სასამართლოში არც ერთი სამოქალაქო პროცესი არ ჰქონდა წაგებული. ცილინდრში ინახავდა ლეო, მოსამართლესთვის გადასაცემ ისეთ “დოკუმენტს”, რომელსაც წაკითხვა არ სჭირდებოდა, მხოლოდ შეხედვა იყო საჭირო, ‘დოკუმენტის” ფურცლების რაოდენობას, თვითონ მარქარივი მოახსენებდა მოსამართლეს. საქმეც გაკეთებული იყო და თავიც ქუდში ჰქონდა ლეოს.
ფულს ისე ოსტატურად მალავდა ცილინდრში, გაოცდებოდი კაცი, რაღაც რეზინებით ჰქონდა დამაგრებული, რამდენიც არ უნდა გეტრიალებინა ცილინდრი ფული არ ჩამოცვივდებოდა. ილუზიონისტის ცილინდრი ჰქონდა რა. ამ სამალავის შესახებ ჩემმა კლასელმა და ლეოს მეზობელმა მომიყვა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ერთხელ თეთრ ხიდზე, მოსამართლესთან მიმავალი მარქაროვი კი მომეხმარა რიონში გადასახტომად. მეც გავფრინდი რიონში მარქაროვის ათას მანეთიანი ცილინდრით, მერე კინოშიც გამოიყენეს ეს ილეთი, მაგრამ უფულო ცილინდრით. მის ცხოვრებაში პირველად მოუწია ლეო მარქაროვს ჩემი დახმარებით, სხვისი ღობის გადაწევაში თავისი ათასი მანეთის გადახდა. მთელი კლასი ერთი თვე არ გამოვსულვართ ბიკენტიას საქაბაბედან და არ ჩამოვსულვართ პარკის საქანელებიდან.
_ლეოს გაუმარჯოს! _მიესალმნენ საქმის ამხანაგები.
_ გაგიმარჯოთ! _ სალამი დაუბრუნა ლეომ.
_ ლეო, იცნობ შენ, ეს ჩემი ყველაზე კარგი მეზობელია, კაკო ლომიძე, პატარა ხელი შეეშალა და ფული უნდა ვასესხო. _ გააცნო საქმე სამველ ბიძიამ პარტნიორს.
_ ღმერთი დაგლოცავს სამველ, კაცის ხელის გამართვისთვის. – შეაქო უღმერთო სამველი ლეო მარქაროვმა.
მერე ნატაშა ბიცოლას სესხის ხელშეკრულების ფურცელი მოატანინეს და გაუფორმეს კაკო ლომიძეს პროცენტიანი ვალი. კურდღელივით ყურებით დაიჭირეს და ფაფარ გაცვენილი გაუშვეს ლომიძე წერეთლების ნასახლარიდან.
_ სამველ, რატომ მიეცი ასეთ დაბალ პროცენტში ფული? _ შეეკითხა ლეო მარქაროვი, რომელსაც არ ეპიტნავა დაბალი პროცენტიდან ცოტა თანხის მიღება.
_ ლეო, მაგ სულელმა ისეთი რამ მასწავლა, ერთი ფიქრი ვიფიქრე უპროცენტოდ  ხომ არ მივცე თქვა, მაგრამ ხომ იცი უპროცენტოდ მიცემული ფული დაკარგულია. _ აუხსნა სამველ ბიძიამ, რომელიც სულ არ აპირებდა მისი ცხოვრების წესით, ღვთის სასუფეველში მოხვედრას.
_ რა გასწავლა ასეთი, ჩემო სამველ? _ დაინტერესდა ვექილი.
_რა და... _ მოუყვა კარალიოკის ხის შეშინების ამბავი ბიძია სამველმა დაბალხმაზე.
_ რა ვიცი კაცო, მე რ მიცდია კარალიოკის ხესთან ლაპარაკი, კაცი ვერ გაბულობს კაცის ნათქვამს და ხემ რანაირად უნდა გაიგოს? _ თქვა მარქაროვმა, რომელსაც მისი პროფესიიდან გამომდინარე იმდენი კაცი ყავდა დაშინებული რა მოთვლის, მაგრამ კარალიოკის ხის დაშინების გამოცდილება კი ნამდვილად არ ჰქონდა.
_ თუმცა ვერ გაიგებ ქართველების ამბავს, _ გააგრძელა მარქაროვმა, _ მაგათ ისე “უყვართ” ერთმანეთი, სიკვდილამდე მარტო ერთმანეთს აშინებენ. ისტორიაც ისეთი აქვთ, სულ ერთმანეთის დაშინებაში არიან გართული. კიდევ კარგი ერთმანეთის დაშინება რომ უყვართ და არა სხვების თორემ, მარტო ქართველები იცხოვრებდნენ საქართველოში.
    მოკლედ, ერთი სიტყვით მოუყვა სომეხი მარქაროვი, გაურკვეველი წარმომავლობის სამველ ბიძიას ქართველების ისტორიას.
_ სხვათაშორის, ცოტაოდენ ფულს თუ მისცემ, სიხარულით გასწავლიან ერთმანეთის დაშინებას. _ სულ მოგვიღო ბოლო მარქაროვმა! ჩემი ბრალია, რატომ ცილინდრიანად არ გადავაფრინე რიონში და არ ვატახუნებინე თავი თეთრ ქვებზე.
_ ხოო... _ თქვა სამველ ბიძიამ, _ აბა თუ მასეა ჩემო ლეო, კარალიოკის ხის ამბავს არ გაყიდდა კაკო ლომიძე?! _ ქართველების მარქაროვისებური შეფასების შემდეგ, სწორი დასკვნა გააკეთა სამველ ბიძიამ.
_ გაყიდვა იცოცხლე თქვა, ეხერხებათ, _ მოუმატა ლანძღვას ლეო მარქაროვმა,_ ქუთაისის სასამართლოში საჩივრები შემოდის... ისე ორ შაურად ჰყიდიან ერთმანეთს, “ზელიონ” ბაზარში მემწვანილეებთან გეგონება თავი. უჩივიან ერთმანეთს ღობის გადაწევაზე, ფანჯრის გამოტეხვაზე,კარების გადატანაზე. ერთმა კიდევ სახლი გადახურა “ცინკის ჟეშტით” და მეზობელმა უჩივლა, მზე რომ ამოდის სახურავი ისე ბრჭყვიალებს ეზოში გაჩერება შეუძლებელია, თვალებს მჭრის და სახურავი შეცვალოსო!
_ მერე რა ქნა ცინკიანმა სახლის პატრონმა? _ დაინტერესდა სამველი.
_ რა და მე რომ არა გადააძრობინებდა ცინკის სახურავს მეზობელი.
_ შენ რა ქენი ასეთი ლეო?
_ რა და შევაღებინე სახლის სახურავი მწვანედ!
_ ლეო, ცინკის სახურავი იმიტომაა რომ მზის სხივები აირეკლოს და შენ რა უქენი, შეაღებინე? _ იცინოდა სამველი.
_ მაგი არის გამოგონილი ჩემო სამველ სხვებისთვის და არა ქუთაისელებისთვის! ქუთაისელებისთვის არის კრამიტი და შიფერი! _ აუხსნა მარქაროვმა. _ ეგ რა არის, ეხლა კიდევ ძმა უჩივის ძმას მამის დატოვებული, კარგად გამომშრალი წაბლის მასალა ჩემმა ძმამ მთლიანად წაიღო სოფელში სახლისთვისო და მომეხმარე შენ ჩემი წილი მასალის დაბრუნებაშიო.
_ მერე შე კაცო, სოფელში თუ აშენებს მამის დატოვებული მასალით, ორივე ძმის არ იქნება ის სახლი? – იკითხა სამველმა.
_ არ უნდა მეორე ძმას სოფელში სახლი და მის წილ იმ გამომშრალ მასალას ითხოვს. _ თქვა ლეომ. _ მერე რა წვალებით წაუღია ის მასალა სოფელში ძმას გაოცდები კაცი.
_ რატომ წვალებით? – ვერ გაერკვა სამველ ბიძია.
_იმიტომ რომ სოფელი სადღაც რაჭის ისეთ მიუვალ ადგილზე ყოფილა, ვერც მანქანით და ვერც ურმით ვერ მიუდგები.
_ აბა, ამ ძმამ რით წაიღო? _ დაინტერესდა სამველი.
_ რით დაქუთაისის აეროპორტში ერთი “ვერტალიოტჩიკია”, ძალიან მაგარი, მაისურაძე, ისიც რაჭველი და იმას მოელაპარაკა, დატვირთეს ვერტალიოტი გამომშრალი მასალით და გაფრინდნენ რაჭაში, ჩაფრინდნენ სოფელში, მაგრამ ისეთ ჩამოკიდებულ ადგილზე ყოფილა ის სოფელი, ვერტალიოტიც ვერ დამჯდარა, ამიტომ ეზოში ჩამოყარეს ეს მასალა ვრტალიოტიდან.
_ მერე, მერე? _ გაოცებული უსმენდა სამველ ბიძია.
_რა მერე. ქვემოთ ნათესავები იდგნენ და ისინი ეხმარებოდნენ მასალის დაწყობაში. შემდეგ საქმე რომ მოამთავრეს სუფრას შემოუსხდნენ და გვარიანად გამოთვრნენ.
_ როგორ გამოთვრნენ, ვერტალიოტი თუ ვერ დაჯდა ეზოში? – გაოცებულმა იკითხა ახლა ნატაშა ბიცოლამ.
_ როგორ და ვერტალიოტიდან ბაწრის კიბით ჩამოვიდნენ და მიუჯდნენ რაჭულ ლორს და ხვანჭკარას.
_ მერე ვერტალიოტი? _ ვეღარ გაერკვა სამველ ბიძია.
_ ჰოდა ამაშია საქმე, - თქვა ლეო მარქაროვმა, - ჰაერში დაქოქილი იდგა ცარიელი ვერტალიოტი და “ვერტალიოტჩიკიც და მისი დამქირავებლებიც ქეიფობდნენ რაჭველებთან, მერე ისევ ბაწრის კიბეზე აძვრნენ და გაფრინდნენ ქუთაისში. ჰოდა, ახლა მისი ძმა ითხოვს ჩემი წილი ის მასალა მინდაო.
_ სხვა მასალა არ წავა? _ იკითხა სამველმა.
_ არა სამველ, ის მასალა უნდა ზუსტად, ის, მამამისის დატოვებული!
_ ე.ი. ფული უნდა არა? _ მიხვდა მევახშე
_ ჰო, აბა რა უნდა! აბა ვინ აყრის იმ ხის მასალას ვერტალიოტში უკან და წამოუღებს ქუთაისში? – დარწმუნებით თქვა ლეო მარქაროვმა, იცოდა რა რომ ამ ფოკუსის უკუღმა გაკეთება შეუძლებელი იყო.
_მდაა... _ თქვა სამველ ბიძიამ, - ერთმანეთს არ ინდობენ ხომ?!
_ ზუსტად იქა ხარ სამველ! ერმანეთთან არიან ასე თორემ სხვებს და სხვის სამსახურს თავს აკლავენ. – გააკეთა საბოლოო დასკვნა მარქაროვმა, რომელმაც ნამდვილად იცოდა სამველ მჭედლიშვილის გაურკვეველი წარმომავლობის შესახებ თორემ, რაც ქართველებზე მოუყვა, ვინ მოუთმენდა ამდენს?
_ წავედი ახლა მე. აეროპორტში მივდივარ მოსალაპარაკებლად “ხალტურჩიკ” “ვერტალიოტჩიკთან” და მის დამქირავებელთან. – თქვა მარქაროვმა და დაემშვიდობა საქმის პარტნიორებს.
_ ნატაშა, ვატყობ მოგვიყვანს ლეო ვერტალიოტს ეზოში. – იხუმრა სამველმა.
_ ლეო თუ შეუჩნდა კი იზამს მაგას. – ღიმილით უპასუხა ნატაშა ბიცოლამ.
_ სამველ, იცი რას ვფიქრობ? – უთხრა ნატაშამ.
_ რას ფიქრობ? – ვერ წაიკითხა სამველმა მეუღლის აზრი.
_ რას და ნაჯახის გარდა რით შეიძლება კიდევ კარალიოკის ხე რომ დავაშინოთ?
_ სხვა რით უნდა დავაშინოთ ხე, გვერდზე რომ გაუვლით ვეე დაუძახოთ?
_ არა კაცო, მე სარიოზულად გეუბნები, ნაჯახზე უფრო ძლიერი რამ რო მოვიგონოთ? – ეძებდა სხვა უფრო ძლიერ დასაშინებელ იარაღს ნატაშა ბიცოლა.
_ ნაჯახზე ძლიერი რა, “პუგაჩით” შევაშინოთ თუ “ლიმონკა” ვესროლოთ? – ვერ მიხვდა სამველი რა შესაშინებელ იარაღს ეძებდა მეუღლე.
_ რა და, დენით რომ შევაშინოთ რას იტყვი ა?
_ დენით რა დაკითხვაზე გვყვავს და გამოტეხვა გვინდა?
_ არა სამველ, მართლა გეუბნები.
_ რას მეუბნები ნატაშა! კარალიოკის ხეა თუ პარტიზანი ზოია კოსმოდემიანსკაია დენით რომ დავკითხოთ, თუ ფიქრობ შეეშინდება და ჩაუშვებს მის ამხანაგ ბჟოლას და ლეღვის ხეებს, აგერ დგანან ბალახვანშიო ა?
ნაჯახით ან ხერხით აშინებენ გაიგე? – აუხსნა მეუღლეს ხის შეშინების ერთადერთი მეთოდი. – შენ რუსი ხარ თუ ფაშისტი! გამიხდა ეს გესტაპოს “პალაჩი” -  თქვა სამველმა. – გაივლი შემოარტყამ ნაჯახს, გამოივლი კიდევ შემოარტყამ და ასე ყოველდღე, ნელა-ნელა შეეშინდება არ მომჭრანო და გამოისხამს შეკვეთით! – ასწავლა მეუღლეს. – არ გაგიგია? “ბწკენა-ბწკენით დედოფალი დაორსულდაო”.
_ მერე, თუ ბწკენით და შეშინებით შეიძლება დაფეხმძიმება, შენ არ იცოდი? – უკბინა სამველს უშვილო ნატაშა ბიცოლამ, რომელსაც სხვანაირად ჰქონდა გაგებული დაორსულება.
_ ნატაშა! ჯერ ერთი დედოფალიო ნათქვამია, რომელიც შენ არა ხარ, მერე კიდევ რაც შეეხება დაშინებას,კაცს რა უნდა ჰქონდეს ისეთი თქვენი ჯიშის ქალები რომ შეაშინოს და მამონტები კაი ხანია გადაშენდნენ. – უთხრა ნაკბენმა სამველ ბიძიამ.
_ რა უნდა ჰქონდეს და ხერხი, დიდი ხერხი ჩემო სამველ. – ახლა ბიცოლამ ასწავლა სამველს.
_ ნატაშა! შენ ერს ისტორიულად მაგ დიდი  ხერხის არ ეშინია, - შეტევაზე უხერხოდ გადავიდა სამველი. – პირიქით, იქეთ ითხოვთ გახერხვას!
_ შენ, შენ რა უნდა მითხრა, შე მართლა უერო, უისტორიო და უხერხო სამველ! – ფარშევანგივით ყიოდა ნატაშა ბიცოლა, თან ისე ყიოდა რომ ეს ცოლ-ქმრულ კამათს უკვე აღარ ჰგავდა. ომი იყო ნამდვილი ორ ქვეყანას შორის, სადაც უხერხოდ აკრძალულ ხერხებს ხმარობდნენ.
_ შესაშინებელი კარალიოკის ხე რომ უფრო ასაკიანი იქნება, ვიდრე შენი ქვეყანაა და კაცს ერი რომ არ ექნება და ისტორია, ამნაირმა კაცმა ჩემს ქვეყანას როგორ უნდა დასცინოს! – ეროვნულ-ისტორიულ გამანადგურებელ დარტყმაზე გადავიდა ნატაშა ბიცოლა ომში.
    გაფაციცებით უსმენდით ბავშვები ბიძია- ბიცოლას ომს. კიდევ კარგი ნატაშა ბიცოლა ქართულად რომ ყვიროდა და ყველაფერი გავიგეთ – სამველ ბიძიას, ნატაშა ბიცოლას გახერხვა უნდოდა. _ მივხვდით ბავშვები, მაგრამ იმას ვერ მივხვდით რომელი ქვეყანა იყო ისეთი, წერეთლების კარალიოკის ხე რომ უფროსი იყო და ერი რატომ არ ჰყავდა იმ ქვეყანას.

    იმ წლის შემოდგომიდან მომავალი წლის შემოდგომამდე, ცოლ-ქმარიმჭედლიშვილები ერთმანეთის ჯინაზე ხან ერთი მივიდოდა კარალიოკის ხესთან და ურტყავდა ნაჯახს ყუით და აშინებდა ხეს რომ ხურმა მოესხა, ხან მეორე მიდიოდა ხერხით და აშინებდა ცოლის ჯინაზე, ხურმა არ მოისხა, კარალიოკი მოისხი თუ არა მოგჭრიო. ისე დააშინეს საცოდავი ხე რომ ეთქვათ ალბათ ბროწეულსაც მოისხავდა. ცოლ-ქმრის დანახვაზე ტოტებს ისე აკანკალებდა, როგორც ზამთარში რიონის გაყინული წყლიდან ამოყვანილი კაცი ქვედა ყბას.
_ ხურმა!
_ კარალიოკი!
_ ხურმა!
_კარალიოკი!
ისმოდა მჭედლიშვილების ეზოდან სამველ ბიძიას და ნატაშა ბიცოლას შეკვეთები.
    მერე მოხდა სასწაული!
შემოდგომაზე ხემ მარჯვენა მხარეს ხურმა მოისხა და მარცხენა მხარეს კარალიოკი.


_ ბაბუ, ბაბუ! ნახე რა მოხდა? – შევვარდი ჩაკბეჩილი ხურმით და კარალიოკით ბაბუაჩემის ოთახში, რომელსაც პეტრე მართალს ეძახდნენ.
_ რა მოხდა ბიჭო ასეთი? – მკითხა ბაბუაჩემმა.
_ იმ წერეთლების კარალიოკის ხეს ბაბუ, ნატაშა ბიცოლამ და სამველ ბიძიამ ხურმაც მოასხმევინეს. – უთხარი გაოცებულმა და ნივთმტკიცება ვაჩვენე.
_ რა ჭკვიანია ბაბუ ხე! – თქვა პეტრე მართალმა.
_რატომ ბაბუ? – ვერ მივხვდი ხის სიჭკვიანეს
_ იმიტომ ბაბუ რომ იძულებით, მაგ გათახსირებულების სამსახურში ჩამდგარმა კარალიოკის ხემ, ხურმაც მოისხა მისი შთამომავლობის გადასარჩენად და ხემ ბიჭო კაცს როგორ უნდა აჯობოს?!
_ რომ არ მოესხა ბაბუ რა მოხდებოდა? – შევეკითხე ბაბუას.
_ რა და მოჭრიდნენ ბ ძირში, წერეთლების დარგულ ორასწლიან კარალიოკის ხეს. ჰოდა, კაცს რომ ეგ არ დაგემართოს, არ შეცდე ბიჭო და არც მასწავლებლად დაიყენო ბაბუ ეგენი. არც ფული ისესხო ბაბუ მაგათგან და არც მაგათი ჩხუბის დაიჯერო. თუ არა და წერეთლების ნასახლარივით დარჩებათ შენი კარ-მიდამო და რას იტყვიან მერე იცი?
_ რას ბაბუ?
_რას და ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო და ქე იქნები ღირსი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები