ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2010


ებრაული თქმულება

ებრაელების ცნობილ ფოლკლორში
არის თქმულება, ძალზედ პატარა:
მოსე მწყემსს შეხვდა ვრცელ უდაბნოში
და მასთან ერთად დღე გაატარა.

საღამო დადგა, მოწველეს ცხვრები,
და მაშინ, როცა ცას მთვარე ავსებს,
მწყემსმა ბრტყელ ქვაზე ჭურჭელი დადო
საუკეთესო ჯიშის რძით სავსე.

„ეს ღმერთის რძეა“ – აუხსნა მოსეს,
„საჩუქრად ვწირავ, უფლისა ხდება,
კრძალვით მოვდივარ დილით ამ ქვასთან
და ცარიელი ჭურჭელი მხვდება.“

მოსემ მიმართა: „ჩემო ძმობილო,
რძეს როგორ დალევს? ღმერთი სულია!
ნუღარ ეცდები, ხედავ, ისედაც
ფუჭ მცდელობაში დრო გასულია.“

არ დაიჯერა მისი სიტყვები,
ბუჩქებში დადგა ჭურჭლის დარაჯად,
მწყემსი ელოდა მოსვლას უფლისას
და მთვარის შუქზე დაუდარაჯდა.

ამ დროს უეცრად გამოჩნდა მელა,
უცებ დალია რძე და გაიქცა,
დამწუხრდა მწყემსი, ძღვენი მის თვალწინ
მელიის საზრდოდ რომ გადაიქცა.

„მართალი იყავ, ღმერთი სულია,
ეჰ, მისი სახე გულზე მეხატა,
მხოლოდ რძე მქონდა, ამით შემეძლო
ეს სიყვარული გამომეხატა.“

უფალმა მოსეს ხილვაში უთხრა:
„თუმც არ მჭირდება რძე დამელია,
მოსე, შენ შეცდი! მადლიერებით
მე გამოვგზავნე ძღვენთან მელია;

მწყემსს მე ვმადლობდი სიყვარულისთვის,
რადგან გულწრფელი იყო ეს ძღვენი,
ვარ ჭეშმარიტად სული ზეცაში,
ნეტავ არ გეთქვა, ეს რატომ ჰქენი?..“


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები