ავტორი: თამაზ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 სექტემბერი, 2010
სამშობლოს ჯარისკაცი
20-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდია დააპატიმრეს და ბუტირკის ციხის საკანში გამოკეტეს. პავლე ინგოროყვას მოუხერხებია და ძმადნაფიცი შავჩოხიანისთვის (ისინი ოთხნი იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ვახტანგ კოტეტიშვილი და ალექსანდრე აბაშელი) ბარათი შეუგზავნია - ამა და ამ დროს შავი ჩოხით შენი საკნის წინ ჩავივლი ისე, რომ სარკმლიდან დამინახოო. ასეც მომხდარა - ეს მან მეგობრის სულიერად გასამხნევებლად გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ შეუგზავნია პირსახოცი, რომელზეც მისი მეუღლის, ქეთევან ბაქრაძის ხელით ამოქარგული იყო სიტყვები: ''დილა მშვიდობისა!'' კონსტანტინეს ისეთ ადგილას დაუკიდია ის, რომ გაღვიძებისთანავე თვალში მოხვედროდა. ამ სიტყვებით თითქოს მთელი ჩემი ერი მესალმებოდაო, - იგონებდა მწერალი. მეგობრის გასათავისუფლებლად პავლე ინგოროყვა იმდენჯერ ჩავიდა მოსკოვში და ისე მოაბეზრა თავი მაშინდელი ჩეკას უფროსს, რომ მოთმინებიდან გამოსულს უყვირია: - ან ეს ინგოროყვა დააპატიმრეთ, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო. გაათავისუფლეს...