ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურანდა აჩელაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2010


* * *

                                 
გაცოცხლებ, ჩავიკლავ მეყსეულ წყენას,
გადავფხრეწ წუთებს - შენს თავს მაშორებენ,
გაცოცხლებ, გავაბამ გრძნობების ბოგირს
და მთელი ღამე მოგიძღვნი სონეტებს.

კვლავ ცარიელი, ღამის ანაბარა,
გემასლაათები ალბათ მეასედ,
სხვენში კი მესაათე საათებს ტეხს
და დრომოკლული ცეცხლში წვავს შესაქმეს.

უჩემოდ დაწოლა მოგიწევს სანამ,
გაწიე ჰაერი, მე სუნთქვა დამლევს,
მაღლა ამომხედე - ჩაგიგდებ ხელში
პოლიეთილენში გახვეულ მთვარეს.

აღარ ხარ, შიშინებს სიცხით ასფალტი,
ტანზე გინაკუწებ უფერო ღრუბლებს,
ოთახი ხრიალებს ბებერი კაცივით,
ყოფნასაც გვერდები ასტკივდა თურმე.

მეცემა სიზმარი გაოფლილ ხელზე,
შენ მეფერები ზურგზე დანანებით,
გეცლები ისევ ნატიფი მზერიდან
სიძულვილს ჯავშანში მივათრევ მხრებით.

და მესაათე კვლავ ამტვრევს საათებს,
ქალაქში ქუჩები დამდგარან ყალყზე,
კლავ ჩანასახში თვალების სისველეს
ალბათ მეასედაც შეიცვლი სახეს.

ვტირი თავისდროზე ვერდაბადებას
ღრმად თხრის მესაფლავე და მარხავს ცრემლებს;
გთხოვ, მოითმინე ავგლეჯ არსებობას
შიშის დაჩირქებულ წყლულოვან მეჭეჭს.

ვხევ თავის დროზე გაუვლელ მანძილებს,
და ყოფნას სისხლიანს შევუხვევ ხელებს,
ცოტაც მოითმინე, დილამდე თუნდაც
დავცე დედამიწა ორივე ბეჭზე.

                                  16სექტემბერი 2010წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები