ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2010


ტკივილი

ვერ ვგუობ ნასოფლარს,

ნასახლარს,

კედლებს ქვითკირისას,

დანგრეულს,

ლოდებს ძეძვნარისგან შეჭმულს და

ძაღლებს მარტოობით არეულს.

სადა გყავთ ეზოებო პატრონი?

ჭიშკარს ქარი მიღებს ზრიალით,

სული გაფრენიათ ქვის სახლებს,

ახდილი ჭერიდან მზირალი.

ბილიკი  დაკარგულა მარნისკენ,

ღმერთო, აქ მარტო ვართ მე და შენ.

დარდით დახეთქილან ჭურები

რომ მონატრებიათ ზედაშე.

კომშის ხეს აკვრია ორშიმო,

ჩონჩხს დამსგავსებია საწყალი,

პატრონს დავიწყებულ სარცხელზე

მკერდით დამხობილა სარწყავი.

მიწით ავსებული თონის გულს

ახლა დარდის დაგავს ღადარი,

თვალი ვეღარ უძლებს ნასახლარს,

პატრონი, მითხარით სად არის?

ვერ ვგუობ მიტოვებულ საფლავებს,

არადა, საფლავს ჰგავს ეს სახლიც.

სადა ხართ, რად ტოვებთ ნასოფლარს,

ძეძვი გაწმინდეთ და შესახლდით,

კედლებს შეუყენეთ საბჯენად,

სუნთქვა, მონატრებულ პატრონის.

დაბრუნდით, გაათბეთ კერია,

ეშმაკი რომ არ გახდეს ბატონი.

ღმერთო, აქ მარტო ვართ მე და შენ,

ქარი კრეფს მიტოვებულ ვენახებს,

საწნახელს ჭია ხრავს ოცნების,

პატრონის ხელის ვერ შენახებს.

არ მინდა გახედვა ბუხრისკენ,

ნაკვერჩხალს ჩანაცვლებულ ყაყაჩოს,

ვარიდებ თვალებს და მინდა რომ

ბოღმა მოწოლილი ჩავაცხრო.

ერთი, მეორე, მესამე,

თითები არ მყოფნის სათვლელად,

სულგანატევები სახლები

წვიმას შესდგომიან სათლებად.

ვერ ვგუობ ნასახლარს,

ნასოფლარს,

დარდი მკლავს მდუმარე ნამარნევს,

რა ვუთხარ იმ კაცის კაცობას,

სახლს რომ დაამსგვსებს სამარეს.

ვერ ვგუობ ნასოფლარს, ნასახლარს,

ძაღლებს მარტოობით არეულს,

პატივს ვერ მივაგებ ნაკაცარს,

ფესვების მიმტოვებელ მთვარეულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები