ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არზიანი
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2010


მე იქ ვცხოვრობდი... მაშინ, როდესაც მზეს ეცვა შავი...

    დაბორკეს... გისოსებში მოაქციეს... ეს როგორ შეძლეს?! აიღეს პალიტრა, შთანთქეს ყველა ფერი, მხოლოდ წითელი დატოვეს, რომელიც სინამდვილეში შავი იყო... აიღეს ფუნჯი, დაიწყეს მასხარებივით ბერეტით სიარული და ამ ფერით შეღებეს ყველა და ყველაფერი...  მეც შემასხეს საღებავი, მეც მომთხაპნეს... მაგრამ სული მისგან ჩემმა ნატანჯმა სხეულმა იხსნა...  უყვარდათ წითელი, იმიტომ რომ, მათ უკვე კარგა ხნის ჩაკიდებული ჰქონდათ ხელი წითელი რქიანისთვის, შავი განზრახვებით, რომ დააბოტებდა... აღმართეს უსახური ბარიკადები სიყვარულის სახელით... მზე შემოსეს ძაძებში... ვერ დაიმორჩილეს ზღვა. ვერ აიძულეს გაჩერება, ზემოთ, თავისუფლად მცურავ ღრუბლებს. მაღლიდან რომ გადმოსცქეროდნენ ცალყბად მომღიმარები. ვერაფერი მოუხერხეს თავნება ვარსკვლავებს... და შემდეგ მზეზე, ზღვაზე, ვარსკვლავებზე და ღრუბლებზე განრისხებულები ავიდოდნენ სადღაც მაღლა. (ისე მაღლა ასულებად მხოლოდ თვითონ თვლიდნენ საკუთარ თავებს...) და "ბრძნადამეტყველებულნი" თავს ღმერთებად წარმოიდგენდნენ. არადა ლაბორატორიის ვირთხები იყვნენ ღმერთის ხელში. მაშინ როდესაც ვირთხებზე ცდების ჩამტარებელ მეცნიერებად მოჰქონდათ თავი... ისინი ძაფზე მიბმული მარიონეტები იყვნენ, რომელთაც სული უმიზნო ამბიციით ჰქონდათ ამოვსებული... მერე მოვიდნენ ჩვენთან და ლაყბობდნენ... მე ვცხოვრობდი უდაბნოში და მაჯერებდნენ, რომ ეს უდაბნო იყო წალკოტი. მახრჩობდა ჩრდილოეთიდან მონაბერი ქარიშხალი, რომელსაც თან სდევდა სიმყრალე. სიმყრალე არარაობის და მარწმუნებდნენ, რომ ის კი არ მახრჩობდა, არამედ იყო რაღაც არაამქვეყნიური, რომლის შეგრძნების ბედნიერება არავის აქვს ჩემ გარდა. ეს იყო ნაზავი ბეთჰოვენის ზებუნებრივი სიმფონიებისა და ქართული "იავნანასი". უბრალოდ მე არ მქონდა საიმისო ნიჭი, რომ შემეგრძნო, თუ როგორ ვმაღლდებოდი სულიერად. მე ვგრძნობდი, რომ ჩლუნგდებოდა ჩემი ლითონის უსახურ მარწუხებში მოქცეული სული. ისინი კი მიმტკიცებდნენ, რომ ეს სულაც არ იყო მარწუხები, არამედ ეს იყო აზროვნებისა და სულიერი თავისუფლებისკენ მიმავალი გზა... კიდევ რას მარწმუნებდნენ აღარ მახსოვს, და არც მინდა რომ გავიხსენო. მე იქ აღარ ვარ და აღარც თავს ვგრძნობ დამბულ პირუტყვად. თითოეული ჩვენგანი მუნკეს "ყვირილის" ერთადერთ პერსონაჟში იყო გაერთიანებული. ჩვენ ვიყავით ტილოზე გადატანილი აბსტრაქციონისტული "შედევრის" შტრიხები, რომელსაც უნიჭო კაცობრიობაზე ნაწყენი და საკუთარ თავზე შეყვარებული კაცუნები თხაპნიდნენ...      მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ, თავი დავაღწიე წითელქუდიან არარაობებს... ვდგავარ აღელვებული ზღვის პირას. მისი წვეთები მაგრძნობინებს, რომ მე არც ლაბორატორიის ვირთხა ვარ და არც მარწუხებში მოქცეული უბადრუკი... მე მე ვარ ანუ ვარ ადამიანი... შეიძლება ახლა ამ აბობოქრებული ტალღების მსხვერპლი გავხდე. შეიძლება ქარმა წამიღოს. იმ ქარმა, რომლის სიძლიერეც თავისუფლებით გაჟღენთილ ჰაერთან ერთად შევიგრძენი. მე შემიძლია ქვათა ცვენაში მოვყვე, მაგრამ მთავარია, რომ მე მე ვარ... სულ ერთია აქ ქვემოთ სიკვდილის მოლოდინში, თუ იქ ზემოთ, სიკეთის მოლოდინში... მაინც ავამაღლებ კავკასიონის მთებს...!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები