 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 11 ნოემბერი, 2010 |
ლექსი სვანური მითოლოგიისა და ლექსიკის გამოყენებით არის დაწერილი. განმარტებები ნახეთ ბოლოში.
მამბერს(2) მგლები აუშვია,
მეთხვარ ცვადიგ,
შენი ცხენის ცხელი სუნი თავგზას ურევთ,
დალაშლახვრას(3) დაგიფინე თმები კიბედ,
უშბის პირას მონატრული გადმოგყურებ.
მგლებისკერძად ქორფა შუნი(4) გავიმეტე,
ლალცხატისას(5) გზებს გაგიხსნი ჩემსკენ სავალს,
ნადირობა დაივიწყე იღბლიანო,
სიყვარულით მოეახლე დალის სამანს...
წარაფს თუკი დაეკიდე ნისლთცვენაში,
გულით მიხმე, ჯანღს გაფანტავს ჩემი კაბა...
კლდისკენ რქები მოიღერა იერსკენმა (6)
ლოდები რომ საფეხურად შეეკაფა.
ღამით კლდისპირს დაგიდგები ადიუხად,(7)
ოქროს თმებით და ხელებით ავინთები,
უხვაანში(8) შენთვის გზაა შინისაკენ,
მეთხვარ, ლოცვით გამთბარია ჩემი მთები.
მეთხვარ ცვადიგ, სანამ ფეხი შემოგიდგამს,
ნარქენალზე დაგრჩენია სანამ კვალი,
დალიშ გვი სვისტ ლი ყვავილშალ, დალიშ გვი სვისტ,(9)
სიყვარულის ტკივილისგან კვდება დალი.
მეთხვარ ცვადიგ, აუშვია მამბერს მგლები,
ცისფერთვალა, ეჭვიანობს მგლების მამა,
მეთხვარ შენ ვერ შეგაშინებს მისი ღრენა,
უმყალვალო(10) დალიმ გულით შეგიყვარა.
მამბერს მგლები აუშვია, მეთხვარ ცვადიგ,
შენი ცხენის ცხელი სუნი თავგზას ურევთ,
დალაშლახვრას დაგიფინე თმები კიბედ,
უშბის პირას მონატრული გადმოგყურებ.
[1] მეთხვარ ცვადიგ _ მონადირე შეჩერდი (სვან.)
[2] მამბერი – მგლების მბრძნებელი (სვან.)
[3] დალაშლახვრა – დალების სამყოფელი (სვან.)
[4] შუნი – დედალი ჯიხვი
[5] ლალცხატი – საღვთო ადგილი (სვან.)
[6] იერსკენი – დალის საბედიწერო შუნი, რომლითაც მონადირეებს ჭიუხებში სასიკვდილოდ იტყუებს
[7] ადიუხა – მითიური მანათობელხელებიანი ქალი, რომელიც ქმარს გზას უნათებს
[8] უხვაანი - დალის საბრძანებელია, მონადირისთვის მანამდე უნახავი ადგილი
[9] დალიშ გვი სვისტ ლი ყვავილშალ, დალიშ გვი სვისტ - დალის გული სუსტია ყვავილივით, დალის გული სუსტია…(სვან.)
[10] უმყალვალო – უშიშარი (სვან.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან კარგია! +5!!! ძალიან კარგია! +5!!!
1. ვახ, რა საინტერესოა! ვახ, რა საინტერესოა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|