ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუდაბზიკა_ოპოსუმი
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2010


Guido (ანუ კუდაბზიკა ოპოსუმ ლავს გუგა გრიგოლია)

გუიდომ ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო და სასწრაფოდ ჩაწერა:
,,დასამახსოვრებლად: გაქვავებული სანთლის კაცები, ითენი და აარონი ძმები არიან, გისოსებიანი ფანჯრიდან,თავისუფლებასაც კი მოგრძო თავი და ფართოდ დაბჩენილი პირი აქვს, ამ ბოლო დროს ღამით სიზმრებს ვერ ვხედავ,რისი ნახვაც ღირდა ყველა ვნახე”
მერე უბის წიგნაკი დაკეცა და თითქოს მეექვსე გრძნობამ უკარნახაო:,,უნდა წავიდე”-უშიშრად და ამაყად განუცხადა,სანთლის ქანდაკებებს,რომლებიც სიბნელეში,საოცრად ჰგავდნენ ადამიანებს.
წავიდა…უკვე იმდენი ჰქონდა ნანახი,ათ მოთხრობას ეყოფოდა,თუ კარგად დაწერდა და რაღატომ გაეთია ღამე ქანდაკებებთან,რომლებიც გარდა იმისა რომ მოძრაობენ,თურმე სუნთქავენ კიდეც ,თან არც ის სჯეროდა,რომ დილით ჭკუა უფრო ემატებათ ადამიანებს.

ზამთარი იდგა სუნთქვაშეკრულ ქალაქში. ორ ნაპირს შორის  ერთი მდინარე მიედინებოდა - დასაჩრდილად დარგულ  ჭადრებს სათითაოდ სცვიოდათ ფოთლები.ჰაერიც ჩვეულებრივზე მეტად გამჭვირვალე ხდებოდა, ალბათ ამიტომ ეცვათ ქანდაკებებს შავი პალტოები. სარეცხის თოკებზე ჩამობმული ხავსისფერი სახლები სათითაოდ აყოლებდნენ თვალს.რაღაცას ფეხი წამოჰკრა… ხვალ ამაზეც დაწერს, თუ აცალეს, ყოველ დღე უკეთ ხვდება:მადლს ქვაზე შემორჩენილსღა თუ იპოვნის. მტკაველ- მტკაველ ჩამწკრივებული ლამპიონების მბჟუტავი სინათლე,ბავშვების დაპატარავებულ  ტანსაცმელს მოჰგავდა. ხიდი ახლოს იყო, ფეხით გაივლიდა,  - „ამ ქალაქში ყველაზე საშიში საქციელები უკვე ჩადენილია“ –გაიფიქრა;ყვისფერ ფეხსაცმელზე შეხსნილ თასმას დახედა, დაუდევრად  რომ მიითრევდა ქვაფენილზე; მერე თავის ორეულს კაპიუშონიანი პალტო გახადა, ჩაიცვა, თავად ის,იქვე, კვარცხლბეკის ქვეშ დამალა და მის ადგილზე დადგა:,,როცა შუქი და ჩრდილი ერთმანეთს ენაცვლება,სხვადასხვანაირად ჩნდება ერთი და იგივე თავი”. …შუა საუკუნეების რაინდს ჰგავდა ახლა თვაზე ფრთიანი ჩაფხუტით თავშემკულს. იქვე,ხიდის მოაჯირზე ცალი ფეხით შემდგარი ბავშვი,მდინარეში პირში გამოლოკილ კენჭებს ისროდა, მერე აფურთხებდა, ლოკავდა და ისევ ისროდა. 
-უნდა გახსოვდე, როცა დაგტოვეს მე მარწყვის შაქარყინული  გაჩუქე !
ბავშვმა შეციებული თვალებით ახედა:
-ამაზე მეტად არ მშიებია მაშინ.
ჯიბეები მოიჩხრიკა, რამოდენიმე პენი შერჩენოდა, ეყოფოდა.
............................................................................................................................................

აქ ავტორები შეჩერდნენ, ერთერთს თავადაც ძალიან შიოდა,თან ისიც ქანდაკებასავით იდგა თაღიან კარში და იქიდან ისროდა შთაგონებულ აზრებს,ერთი ეგ იყო,არაფრით არ ჰგავდა  შუასაუკუნეების რაინდს და შაქარყინულის ბავშვისათვის ჩუქების იდეაც დიდად არ დაუჯდა ჭკუაში:
- გრიგოლიაა, მეფე ერეკლე კი არაა!

მეორე ავტორი: - მე მჯერა, გრიგოლია შოკოლადსაც კი გაიმეტებდა იმ ბავშვისთვის, რა გაგიხდა, ერთი შაქარყინული რომ ვაჩუქოთ,მარწყვის. 

არაშუასაუკუნეების არარაინდი:- შუა საუკუნეებში არ იყო შაქარყინული,მარწყვის მითუმეტეს.

მეორე ავტორი: - კარგი, მაშინ შეცვალე რამით, რამე სხვა აჩუქოს, რამდენიმე პენიში რა მოუვიდოდა?

არაშუასაუკუნეების არარაინდი: - რით შევცვალო, კაცო? ლოლიპოპით?

მეორე ავტორი:- რაც გინდა ის ჩასვი ოღონდ დაწერე!

არაშუასაუკუნეების არარაინდი: - მეე?!არა, სისულელეებს შენ ჩემზე უკეთ წერ.

მეორე ავტორი:- ვაჰ,სულ მე რატომ უნდა ვწერდე სისულეებს?

არაშუასაუკუნეების არარაინდი: –აბა,მე ისეთი განწყობა მეტაკა ახლა,რომ მალნოვის მთაზე გავუშვებ გრიგოლიას,მერე ყამირით ვატარებ,სადმე აბობოქრებულ სტიქიონს შევყრი,სახლის გზას ისევ ავაცდენ და მთელს ქალაქს რაღაცას დავმართებ.

მეორე ავტორი: - კარგი,ნუ ამოგვჟუჟავ,ისევ მე წავალ სიკვდილის მოსაყვანად და შენ გულდამშვიდებული ელოდე,განკითხვის დღეს,შაქარყინული რომ ვერ გაიმეტე,მარწყვის.

არაშუასაუკუნეების არარაინდი:-შენ ჭკვიანურად სისულელეების ყველაზე სწრაფი მართმწერელი  ხარ, ჩვენ ორ შორის,თან მე ისე მშია,გმირებს ვჭამ უკვე.
...............................................................................................................................................

-უნდა გახსოვდე, როცა დაგტოვეს მე მარწყვის შაქარყინული  გაჩუქე !
ბავშვმა შეციებული თვალებით ახედა:
-ამაზე მეტად არ მშიებია მაშინ, თანაც მარწყვის კი არა, ტარხუნის იყო, მაგას სჯობდა ველოსიპედი გეჩუქნათ.   

ჯიბეები მოიჩხრიკა, რამოდენიმე პენი შერჩენოდა, არ ეყოფოდა. ხიდის დასაწყისთან ორი აქვითქვითებული ქალიშვილი (იმ დროს ქალებიც ატარებდნენ ულვაშებს) კორსეტის თასმების ფილოსოფიაზე ქირქილებდა, თანაც მალიმალ გუიდოსკენ აპარებდნენ თვალს და წერაატანილ ღიმილს ვერ იშორებდნენ აბიბინებული ტუჩისთავებიდან.
ხიდზე გადაკიდებულ ბიჭს თავზე ხელი მოუფათურა, ბავშვმა რაღაც ბგერები წარმოშო  კენჭებგამოტენილი პირიდან, თუმცა გუიდო ახლა უკვე ჯიბის წიგნაკსა და კალამს იმარჯვებდა ხელში და ახალ, წელშითასმაწაჭერილ სიუჟეტს ფეხდაფეხ მისდევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები