ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2010


მაჩუქე



მაჩუქე ღამე,

განაბული,

ვარსკვლავიანი,

მზის წინ,

მუხლებზე დაჩოქილი დილა და ნამი,

სულისწამღებად რომ ჩამოდის სულში ნიავი,

ნაკადულებში მოთამაშე ფოთოლთა ნავი.

მოლი,

ბეჭებით რომ გათელე გუშინ საღამოს,

შენს ყურთან შიშით მოცახცახე გვირილის გოგო,

ყვავილთა ჯარი,

სულ რომ დაგდევს მთების გზებზე  და

შველი,

რომელმაც არც კი იცის გაგექცეს როგორ.

მაჩუქე ის,

რაც ღმერთმა შენთვის ჩემამდე შექმნა

და კიდევ ერთს გთხოვ,

გული მომეც,

ჩავდო საგულეს,

მომეც სიმშვიდე, მოვუყარო ფიქრებსაც თავი,

შენთან მოფრენილს,

შენთან ერთად გადაკარგულებს.

ბევრს ვითხოვ განა?

შენი ხვედრი გამიზიარე

და ყველაფერი სანახევროდ რომ მოგცა ღმერთმა,

მაჩუქე,

მომეც,

რომ ავივსო და ავმზიანდე,

მერე კი შენი  შვილი ვშობო მე,

ერთადერთმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები