ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განძი აუწონელი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2010


გამარჯვების კანტატა

კავკასიონის მთიდან ისმის ხმა ამირანის,
დაფრთხნენ ყორნები ქართველების სისხლით მაძღარნი,
მიწას ტორებს სცემს, ყალყზე დგება ტატოს მერანი,
სურს გადალახოს გატანჯული "ბედის სამძღვარი".

გორგასლიანთა ქრის დროშები ლაღად გაშლილი,
კვლავ "ქუდზე კაცი" - წინაპართა ისმის ვედრება...
გესმით ყიჟინა? - ქაქუცაა ჩოლოყაშვილი,
კიდევ ცოტაც და... გვეახლება კახთა მხედრებით.

გვეყო მონობა... დაცინვა და მტრობა ფარული,
დუღს და გადმოდუღს... და იღვრება სისხლი ქართული.
ცას აზანზარებს სააკაძე რაშის თქარუნით -
კასპიდან თბილისს შემოვიდა ხმალაღმართული.

ღმერთმა მოგვხედა... ცხადი არის, არა სიზმარი,
"სამშობლოს მთები" სიხარულის ნისლებს იხვევენ.
შალვა, ბიძინა, "ბაში-აჩუკ" და ელიზბარი -
წინ მოუძღვიან მესხებსა და ახალციხელებს.

შუქმოციმციმე სიყვარულის დღეა რა კარგი,
მიიპარება მტკივნეული ღამე, ტიალი.
ამ დღეს ველოდი, სიხარულით ტირის აკაკი,
დიდი ილია იღიმის და თავს დაგვტრიალებს.

უფალმა მოგვცა საპატრონოდ და ჩვენ გვეკუთვნის
ამ დალოცვილი საქართველოს მთები, ველები...
და სამუდამოდ "ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის" -
ამბობს აქ ვაჟაც, დასტურს სცემენ არაგველები.

ბღავილი ისმის წარსულიდან ოქროს ვერძების:
დღეს თქვენთანაა საქართველო... მუშაც, ამქარიც.
ცოტა ხნის წინათ, გულმოდგინედ ჩვენ რომ ვეძებდით,
ცოტნეც მოსულა, შეუმდრკალი, ჩვენთან, აქ არის.

მტკვარში - წარსულის დატოვებულს - ჭვრეტს ანარეკლებს
დედა-თბილისი და სახეზე წყლულებს დაითვლის...
კრწანისს გასცქერის შუბლმჭმუნვარე მეფე ერეკლე,
დიდგორით გვიმზერს დემეტრე და ბრძენი დავითი.

დიდუბეში კი თამარ მეფის "შეკრბა ლაშქარი"...
გვიხმობს... გვეძახის... მარტყოფის და ველი მარაბდის.
ღმერთმა გვაკურთხოს! ჯვარი ლაშარის,
წმინდა გიორგის და ილორის მადლი გვფარავდეს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები