ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განძი აუწონელი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2010


ათასწლეულის დასასრული

                            "მაგრამ თუ ერთხელ სოფელსც უნდა ბოლო მოეღოს"
                                                                            ნიკოლოზ ბარათაშვილი

დადგა მიჯნასთან ეს ასეულიც,
დგება ახალი ათასწლეული,
დგას შესაყართან მხნეც და სნეულიც,
ფასდაცემულიც და ფასეულიც.

არის ძიება კვლავაც ახალის,
არის ყვედრება კვლავ ძველისადმი,
გრიალ-გრიალით და დაფ-ნაღარით
კვლავაც წელიწადს ცვლის წელიწადი.

მაგრამ ფესვები ისევ ხანგრძლივობს,
იმ შავ წარსულის, იმ ძველ შავეთის,
ჩვენ რომ გვეგონა უკვე დავძლიეთ,
ჩვენ რომ გვეგონა უკვე გავედით.

არ არის ომი?
ყველგან ომია...
ომი ზაფხულშიც, ომი ზამთარშიც,
იქნება მართლაც კარს მოგვდგომია
ის წარღვნის წელი - ორიათასის.

იმ წარღვნის კართან ერთი ნაბიჯი,
იმ წარღვნის წელთან ერთი ნახტომი,
და იქნებ მიწა მართლაც გაგიჟდეს,
მიწაზე მართლაც გასკდეს ატომი.

იქნება მართლაც ცეცხლად ქცეული
თავზე დაგვემხოს ზეცის საცერი,
იქნება ხმლები ამ ასწლეულის,
ცაში შეებას ლაზერს ლაზერი.

იქნება ქვეყნად აღარც მოკეთე,
აღარც ძმობა და აღარც ალერსი,
იქნება მართლაც სამტროდ ეკვეთოს
მიწის დასავლეთს აღმოსავლეთი.

იქნებ გალავნებს ზღუდე მოენგრეს,
ცაში სატანის ატყდეს ხარხარი,
ომს გზა გაეხსნას - სარწმუნოებრივს,
ჯვარს შეეჯახოს მთვარე ახალი.

ან იქნებ ბედმა წაღმაც იაროს
და მტრობის ღმერთი მხრებზე დაეცეს,
აგერ იქ სპობენ ბირთვულ იარაღს,
ქვეყანა ჟლეტას იქნებ გაექცეს.

მაგრამ ბუნების ჭირს სად წაუხვალ?
ათას ვარამის, ათას ვალალის,
აგერ იქ ზღვასაც ფესვი გაუხმა,
ჩვენს თვალწინ მოკვდა ტალღა არალის.

ბადებს ახალ და ახალ ბაცილებს
ჭირი უცნობი, ჭირი ცნობილი,
იპყრობს ახალ და ახალ მანძილებს,
შხამავს და შხამავს გზებს ჩერნობილი.

ერთურთს გაურბის შემცვლელს შემცვლელი,
ღამეს აისი, ზამთარს ზაფხული,
მთაში მოანგრევს მეწყერს მეწყერი,
ჯერ არსმენილი, ჯერ არნახული.

ქრება წარსულის ბევრი მიზანი,
კვდება წარსულის ბევრი იდეა,
წინ მხოლოდ ბევრი კითხვის ნიშანი,
წინ მხოლოდ ბევრი ბეწვის ხიდია.

არის გუგუნი ათას მოედნის,
ახლად ძიება ერთა ფესვების,
ციდან დაფრენა ჰუმანოიდის,
ქვეყნად სიმრავლე ექსტრასენსების.

ბევრი მიეგო შურს ასპარეზი,
არც ის ნდობა და არც ის გატანა,
ქრება სუნთქვაში სითბო ალერსის,
დაღლილ ოცნებებს უტევს სატანა.

არის ჭიდილი მტრობის ტოლფასი,
არის დახშობა გულის სარქველის,
გმობს და იმეტებს მოყვასს მოყვასი,
წირავს საქვეყნოდ ქართველს ქართველი.

ბევრი ფარსი და ბევრი ერესი,
ბევრი ტრიალი სიტყვის უშვერის,
დადის ქვეყნებში დედა ტერეზა,
მაგრამ ქვეყანას ეს რას უშველის?

ჯერ დრო არ უდგას ქვეყნის მშვიდობას,
არის მკვლელობა, არის ღალატი,
სადღაც აგებენ ახალ კიდობანს,
დგას და ლოდინში დუმს არარატი.

ეძებს ღვთისშვილი გმირს და გოლიათს,
ეძებს მშვიდობას, ეძებს კათარზისს,
როგორ თუ მართლა კარს მოგვდგომია,
ის წარღვნის წელი ორიათასის?

როგორ თუ სოფელს ბოლო მოეღოს,
გაშრეს ცრემლი და გაქრეს სიცილი?
გონს, გონს მოვეგოთ!
გონს, გონს მოვეგოთ!
ჩვენც და ქვეყანაც, ჩვენც და ისინიც!

რომ ჩვენს ჭირს ჩვენვე ბოლო მოვუღოთ,
რომ ქვეყნად ისევ დუღდეს იმედი,
ჩვენ ჩვენს მამულში ერთურთს მოვუხმოთ,
რომ ერთად აღსდგეს მთელი მილეთი.

ჩვენი ამაგი ჩვენს დიდ საუნჯეს,
ახლა სხვაფერი, ახლა სხვაგვარი...
ჩვენ ჩვენს მშობლიურ სახლ-კარს დავუდგეთ,
ჩვენ ერთად ვიხსნათ ყველა სახლ-კარი.

რომ კვლავ გაეხსნას კაცს სასიკეთოდ,
მიწა გამშრალი და მოწამლული,
ჩვენ ჩვენს მშობლიურ მამულს მივხედოთ,
და ერთად ვიხსნათ ყველა მამული.

რომ გზა დავუხშოთ შიშს - ზღვარდაუდებს,
დღეს ყველა შიშს რომ გადაამეტა,
ჩვენ ჩვენს მშობლიურ ქვეყნებს დავუდგეთ,
რომ ერთად ვიხსნათ მთელი პლანეტა.

რომ ძმათა შუღლი იქცეს ერესად,
ათას დალოცვით, ათას შელოცვით,
უპირველესად,
უპირველესად,
ათას ჭირნახულ საქართველოში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები