ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოვლი
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2010


ლურჯი ინსპირაცია

    ზაფხულში პირველად მოვწიე შოკოლადისგემოიანი სიგარა და გადავწყვიტე კიდეც, მოწევას თავი დავანებო, მაგრამ მყავს პატარა, კრემისფერბეწვიანი კოკერსპანიელი - ბიმი, აუტანელი, მოურჯულებელი ხასიათით და უზრდელობის ფანტასტიური მანერებით, რომელიც ნეტარებით ექაჩება მოკიდებულ სიგარეტს, ამიტომ მრცხვენია თავის დანებების.
  ზოგადად კი მხოლოდ ისეთი გოგოების მესმის, რომელთაც მოწევა დედებმა დააწყებინეს.
  დედის რწმენა პატრიოტიზმთან ერთად მომიკვდა.
  მე მარტოსული ვარ, წვიმაში სხვა ადამიანებივით ქოლგით დავდივარ და ძალიანაც მომწონს ბრიტანელი, პაჭუაცხვირიანი, ქოლგიანი ბიჭები.
  ისე, ფრანგული გარეგნობა მაქვს, ხალი ტუჩთან, რომელიც ჯერ დიდად არ მაღიზიანებს, სწორი, ქერა თმა და ძალიან წვრილი კანჭები.
  მშობიარობის მეშინია, მაქვს ანდროფობიაც და საერთოდაც, ვერ გამირკვევია რომელი სქესი მიზიდავს.
   
  * * *
  ისევ ზაფხულს მივუბრუნდები.
  სიგარა მე და ნიკოლასმა ვიყიდეთ. მითხრა არ ვეწევი და არ მინდა, რამე ძლიერით დავიწყოვო.
  ნიკოლასი ჩემზე წლინახევრით პატარაა, მაგრამ მაინც მამაკაცია და ამიტომ გავაწანი სილა, როცა ტუჩებში მაკოცა.
  დღეს კოლეჯში ვსწავლობთ ორივე, მაგრამ შარშანდელს არ ვიხსენებთ, დარწმუნებული ვარ, მასაც უხარია, რომ მისი პირველი გოგო მე არ ვიყავი.
  ნიკოლასის მერე აღარავის შევხვედრივარ, შიშველი მამაკაცის დანახვაზეც კი ტანში მცრის, მინდა ცხრა მთას იქით გადავიკარგო.
  ამას წინათ ვცადე ყურადღება გოგონებზე გადამეტანა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამაზრზენია იწვე ადამიანთან, ისე, თითქოს საკუთარ თავთან სარკეში.
  ასე რომ ხელი ჩავიქნიე, უკან დავბრუნდი და სხვა გზა ავირჩიე : ვეწევი, ვწერ, ვხატავ, ვსეირნობ წვიმაში ქოლგით, ვუსმენ მუსიკას და გულახდილად რომ ვთქვათ, ლონდონის  დანგრევაზე ვოცნებობ. ასე მგონია გალავანი აქვს და მის გარეთ მხოლოდ ზღვაა. ვიწყებ თხრობას:


  * * *
  თოვლი იდო.
  თეთრი ფერფლით დაბურულიყო  აგლომერაცია.
  ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბორის ჯონსონი ჰავაის კუნძულებზე ისვენებდა და ბეწვიან ღიპს იფხანდა, ჩემი სახლი ბუხრით იხრჩოლებოდა გამოუბერტყავი საკვამურის გამო.
  შინ ვიყავი, როგორც ყოველთვის. ვკერავდი ბალიშს, რომელიც გუშინ ბიმიმ დამიგლიჯა და ვფიქრობდი, რომ დიდი სიამოვნებით მივახვრიტავდი ჩემი გარდაცვლილი მამის კოლტ–პეტერსონით ამ აუტანელ ძაღლს.
 
  დედა გამთენიისას დაბრუნდა, მორიგი საყვარელი ჰყავდა ცენტრალურ უბანში, ძველმოდური, შუახანს გადაცილებული ქვრივი.
  დაბრუნდა და მაშინვე კოლეჯში წაუსვლელობის მიზეზი მკითხა.
  მე კარგად ვიცოდი, რომ დიდად არც აინტერესებდა, ამიტომ ავიღე ნემსი და ძაფი, თან დაგლეჯილ ბალიშს დავტაცე ხელი, რომელსაც ალბათ არც არასდროს გავკერავდი, დედას კითხვაზე პასუხის არიდება რომ არა.
 
  * * *
  სულ მეგონა და ახლაც მგონია, რომ დედა, ე.ი. მისის სუზა, ჩემი ნამდვილი დედა არ იყო, რადგან არაფრით ვგავდით ერთმანეთს და მისგან განსხვავებით, მე სულაც არ მქონდა გაცხოველებული მიდრეკილება მამაკაცებისადმი.
    ჩუმ–ჩუმად ყოველთვის ვცდილობდი გამერკვია, ნამდვილად მისი შვილი ვიყავი თუ არა, ან ვინ იყო მოულოდნელად გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში მშობელ მამად ვიცნობდი.
  ბალიში გავკერე, არაფერი ეტყობოდა და დივანზე დიაგონალურად ჩამოვდე.
  ისევ რძისფრად თოვდა.
  რძემ შოკოლადი გამახსენა, შოკოლადმა სიგარა, სიგარამ კი ნიკოლასი და კიდევ ერთხელ მომეშვა, რადგან მისი პირველი გოგო მე არ ვყოფილვარ.
 
  დედას ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ამიტომ გავყავი კანჭები ვალინგსტონებში, ჩავიცვი თბილი ქურქი, ქუდით და ქუჩაში გავედი.

* * *
  თოვლი მოყინულიყო, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით ცალი ფეხით მიწაზე დავდიოდი, ცალით კი ,,ბარდიურზე".
  ყურთსასმენებში ვუსმენდი ადგილობრივ რადიოს, სადაც ზუსტად იმ წუთას გაუშვეს ჯორჯიელი მომღერლის, ქეთი მელუას სიმღერა.
  წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, მაგრამ კინგ კრიმსონისგან ცოტათი განტვირთვა მჭირდებოდა.
  ჰაერი სითეთრით გაჯერებულიყო. ფიფქი სახეში მეყრებოდა, ამიტომ ვერც კი შევნიშნე, ისე გავკარი მხარი ადამიანის სილუეტს.
__ბოდიში, მე..
__არა, ეს ბოდიში ჩემი მხრიდან უფრო..
__როგორ თოვს, არა?! __ მეკითხება ფიფქში დაბურული კადრიდან ახალგაზრდა მამაკაცის ხმა. მე ყურთსასმენს ცალი ყურიდან ვიძრობ, თორემ არაფერი მესმის, მეორეში ისევ ქეთი მელუა მღერის.
__ამიტომ არ მიყვარს ლონდონი, ნალექიანია.
__რას ამბობთ! ლონდონი არაჩვეულებრივია, ანტიკური ობის სუნი მცემს აქ. შენობები ისეთი ნაკრძალივითაა, მინდა თითებით შევისწავლო ყოველი კუთხის ჩამოთლა..
__თქვენ ალბათ უცხოელი ხართ, ყველა ტურისტი ასეთი მგზნებარე ტონით საუბრობს ლონდონზე, იქამდე, სანამ წვიმისგან მობეზრებულები გუდა–ნაბადს არ აიკრავენ და ჰითროუში ფაცხა–ფუცხით არ გაიქცევიან. __ჩავიცინე მე და თან გამახსენდა, რომ გალავანშემორტყმულ ჩემს ქალაქს, რომელსაც ყოველთვის პატარად მივიჩნევდი, მიუხედავად გაბარიტებისა და მილიონობით მოსახლეობისა, ჩემს ფიქრებში და ოცნებებში ათასჯერ დასცემია ატომური ბომბი და ჩაძირულა ზღაპრული ატლანტიდასავით.


  რა საინტერესო იქნებოდა, ათასწლეულების შემდეგ ვიღაც თმაჭაღარა, ნაბდიღეჭია მეცნიერი რომ იტყოდა :
  __ადამიანებო (თუკი ასეთი არსებები მაშინ იარსებებდნენ საერთოდ!), მე ვამტკიცებ, რომ იქ, სადაც დღეს ყინულოვანი მთებია, არსებობდა ზღაპრული მხარე, გოგირდის და მინერალური წყლების მდინარეებით, ოქროს ქვიშით, მიძინებული ვულკანით, რომლის ძირშიც ალმასის საბადოების მთელი ჯარი იყო, ამწვანებული ველ–მინდვრებით და მოოქროვილი ციხე–გალავნებით. ათიათასობით ბედნიერად მცხოვრები ადამიანით, რომელთა გონებაც სჭვიოდა განვითარებული, ვუნდერკინდული გენიით. ეს იყო ბრწყინვალე, დიდი ბრიტანეთი. ახლა კი სახელწიფოსგან ვითხოვ სახსრების გამოყოფას, რათა განვახორციელო არქეოლოგიური გათხრები ყინულით დაფარული რელიეფის ქვეშ!

  იტყოდა და გახდებოდა რომელიმე პრემიის ლაურეატი. იმას კი (რომც ეთქვათ) არ დაიჯერებდნენ, რომ ათასწლეულების წინ, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ქალაქ ლონდონში ცხოვრობდა  გოგო, ეწეოდა სიგარეტს, სეირნობდა წვიმაში ქოლგით, აფურთხებდა ტემზაში, ჰყავდა მამაკაცებისადმი გამხეცებული ცხოველქმედებით მიდრეკილი დედა, რომლის დედობაშიც ეჭვი ეპარებოდა და არც იმას დაიჯერებდნენ, რომ ჯონ ლენონი ჩვენ მოვკალით!

__იცი, ახლა ანალოგიური სიტუაცია გამახსენდა..__ჩაფიქრებით განაგრძო ტურისტმა.__მე ერთი პატარა ქვეყნიდან ვარ, საქართველო ჰქვია, არ ვიცი, გაგონილი გექნება თუ არა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 2 წელი ვმუშაობდი გიდად.  იაპონიიდან, ინდოეთიდან ჩამოდიოდნენ ტურისტები და მე 2 კვირაც კი მყოფნიდა მათთვის პატარა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ათასჯერ მოყოლილ ისტორიას უამრავ დეტალს ვამატებდი, მათთვის კი არა, არამედ ჩემთვის. მბეზრდებოდა დაღეჭილი ამბავი ,,ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი ლელოს“ არსებობის შესახებ და ბოლოს ისეთი ისტორიები შევთხზი, თავადაც მჯეროდა და გაოცებით ვუყურებდი ტურისტების აღფრთოვანებულ მზერას. ეს საქმიანობა მალევე მომბეზრდა და ლონდონში გამოვწიე. ახლა გონებადალაგებულს მახსენდება ჩემი ქვეყნის რეალური, მძიმე და ტკივილიანი წარსული, მახსენდება ჩემს მიერ მოგონილი, ლამაზი სამოთხის ისტორიაც და როცა ამ ორ უკიდურესობას ერთმანეთს ვადარებ, ვხვდები, რომ ნამდვილი საქართველო, მთელი თავისი ნაგვით, სიბინძურით, ცრემლით და ტკივილით, უფრო მენატრება..
 
  რძისფერ ქუჩებში ვისეირნეთ, ვესტმინსტერის სასახლესთან, მოაჯირიდან გაყინულ ტემზას გადავხედეთ, მე ჩვეულად გადავაფურთხე, მან კი გაიღიმა და მითხრა:__შენ ჩემი ქალაქის მდინარე არ გინახავს, თორემ ტემზადან ყველა შენს ნაფურთხალს ამოწმენდდიო.
__ასეთი ბინძურია თქვენი ქალაქი? __ვკითხე მე და ცხოვრებაში პირველად დამენანასავით ტემზა.
__ექსტერიერით იმდენად არა, როგორც მორალურად..
__მორალური სიბინძურე.. ეს ალბათ ხალხი, არა?
__ჩემში თუ მორალურად ბინძური ადამიანი დაინახე, ძალიან მეწყინება, ისე კი გონებაგახსნილი გოგო ხარ.
 
  გავუღიმე. ისე აღარ თოვდა და ახლა უკვე ყოველგვარი ქარბუქიანი კადრის გარეშე ვხედავდი ჩემს ოპონენტს. სიმპატიური, ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ასე 30 – 35 წლისა. სუფთად გაპარსული პირი და კისერი, მოკლედ შეჭრილი თმა, უხელთათმანებო ხელები, მუქი ფერის პალტო და დიდი, ყავისფერი ბატინკები.
__შინ არ გაგვიანდება?
__ჯობდა გეკითხათ, ვინ მელოდება შინ. __გულდაწყვეტილი ირონიით მივუგე.
  ცოტა ხანს გაჩუმდა. შენობის თაღს აჰყურებდა, თითქოს მიტკალ–მიტკალ ზომავსო. მერე სასხვათაშორისოდ ჩამომხედა:
__დაგპატიჟებდით კარგ, ინგლისურ ჩაიზე..
  თავი ოდნავ დავუქნიე, თანხმობის ნიშნად და ხელკავით გავუყევით ქუჩას, რომელშიც ჯერ კიდევ ქალწული იყო თოვლი და კვნესა–ხვნეშით ითმენდა ჩვენს ნაბიჯებს.

  იქამდე, სანამ სასტუმროს არ გავუსწორდით, ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა გატაცებისა, სასტუმროს დანახვისას კი მომჟავო გრძნობა გამიჩნდა მთელს სხეულში. რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც მაწუხებდა, წინ არ მიშვებდა, ამ ახალგაზრდა კაცის საუბარიც კი უხეშად ხვდებოდა ყურს.
  ბოლოს გამახსენდა ჩემი წუხანდელი ფიქრები : ვერც ის გამირკვევია, მიზიდავს თუ არა ქალები ან თუ მამაკაცები არ მიზიდავს, რატომ, როდის გავაცნობიერე ეს, ვინ მითხრა, რომ ეს ასეა და სხვებისგან გავნსხვავდები?!
  და წარმოვიდგინე, როგორი მხეცივით შეეძლო მას მოქცეულიყო:
  * * *
  უცხოელი საუბარში ჩაჩურთავდა თავის სახელს, გიორგის, ე.ი. ჯორჯს და  შემომთავაზებდა მასთან ღამის გატარებას, რათა დღევანდელი, რძისფერი ამინდი ტკბილი დღის ბოლომდე რძისფერად გალეულიყო, ანუ ნაყინივით დამდნარიყო.
  რა თქმა უნდა, ისევ ნიკოლასი გამახსენდებოდა.
  ალბათ ჯორჯისთვის სულერთიც იქნებოდა, ვისთვის შეიძლებოდა ვყოფილიყავი პირველი გოგო, მაგრამ მაინც ძალიან მომინდებოდა მეთქვა, რომ მთელი არსებით მიხაროდა, ნიკოლასის პირველი გოგო რომ არ გავხდი.
  ჯორჯს პირდაპირ ვეტყოდი, რომ უხერხულიც კი იყო ახლად გაცნობილ მამაკაცს ლოგინში ჩავგორებოდი.
  ის შეიცხადებდა, ჩემს შეურაცხყოფად ჩათვლიდა და მაშინვე უარს განაცხადებდა თავის შემოთავაზებაზე.
  მე ჩაის სმის პროცესში ვიქნებოდი და ვერ გავიგებდი, იქნებოდა თუ არა სწორი საქციელი, მე რომ მასთან ღამე გამეტარებინა, მერე ის თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო და სიამაყით განეცხადებინა : ვერც კი ვითვლი, იმდენი ინგლისელი გოგო გავჟიმეო.
__არ მეგონა, ქალიშვილობის ინსტიტუტი აქაც თუ ფუნქციონირებდა..__მეტყოდა ის მშვიდად. მე კი თავიდან მეგონებოდა, რომ მომესმა ან უცხოელმა თავის ენაზე გააზრებული სხვანაირად გადმოთარგმნა ინგლისურად.
__რას ნიშნავს ქალიშვილობის ინსტიტუტი?__იგივენაირი პერიფრაზით ჩავეკითხებოდი მე.
__ეს ის საქციელია, რასაც ახლა შენ სჩადი.
  მე ცოტა ხანს გავჩუმდებოდი და ალბათ იმაზეც ვიფიქრებდი, რომ არასოდეს გამიგია ეს ტერმინი, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუას ბიბლიოთეკაში ასობით წიგნი წამიკითხავს.
__იცი, ჯორჯ, მე არ მინდა იფიქრო, რომ არ მომეწონე ან უმანკო ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა დასაძრახია ჩემი დამოკიდებულება...
  ის უკმაყოფილო დარჩებოდა.
  ჭკვიანური გამომეტყველება ისე გაუქრებოდა სახიდან, როგორც ჟოლოს ჯემი გაიხსნება და გაქრება ხოლმე ყოველ დილას ადუღებული წყლით სავსე ჩემს ფინჯანში.
  მე კი მას თამამად ვეტყოდი:
__იცი, თქვენ, უცხოელებს, რა გაქვთ ცუდი? თქვენი ქვეყნიდან გამოსულებს თავი გეიალაღებათ, თითქოს ფრთებს ისხამთ და გგონიათ, რომ ყველაფერი, რაც უცხოური მარკისაა, მათ შორის ქალებიც, ხარისხიანი, გამძლე და ეფექტურია. გგონიათ, რომ ელექტრო–ტექნიკას მაღალი გარანტიით შეიძენთ, ქალებთან ყველაზე ვნებიან ღამეს გაატარებთ, დაისვენებთ პლაჟებზე, ძვირფას სასტუმროებში, ისეირნებთ როლს–როისებით, ფუმფულა ლეკვიან ლედის უკანალზე უჩქმეტთ, მოწევთ საუკეთესო ხარისხის სიგარას და ეს ყველაფერი სამოთხე იქნება თქვენთვის, ბედნიერების პიკი, ჰორიზონტს მიწვდენილი ხელები, ცისარტყელას ჰამაკი და ათასი რამე. რეალურად კი თქვენივე წილი ბედნიერება იქაც შეიძლება იპოვოთ, რასაც თქვენი სახლი ჰქვია, თუნდაც ჯურღმულივით ბნელი და ჭვარტლით გამურული, მაგრამ მაინც სახლი. ყოველი კუთხე–კუნჭულიდან ბავშვობა, ათასობით ბედნიერი და მწარე წუთები რომ შემოგყურებს, სახლი, სადაც პირველად აიდგით ფეხი, პირველად წამოატიტინეთ სიტყვა, მიგტყიპათ დედამ, მაგრამ მაინც გიყვარდათ. აი, ასეთი სახლი როგორ შეიძლება გერჩივნოთ წამიერ სურვილებს და გატაცებებს. კი, ბატონო, ცხოვრება ხანმოკლეა და ადამიანმა მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღოს, მაგრამ ამისათვის საჭირო სულაც არაა ბაჰამაზე ისვენებდე, სიგარას ეწეოდე და ცალ მუხლზე ბიკინიანი, სქელთეძოიანი და სავსემკერდიანი ქალი გეჯდეს. ესაა თქვენი პრობლემა, მისტერ ჯორჯ, აქ ბედნიერების საპოვნელად ჩამობრძანდით, მოისურვეთ ინგლისელ, გარეუბნელ გოგონასთან ერთი, ტკბილი ღამის გატარება, დილით ისევ სიგარის მოწევა და ქალაქის დასათვალიერებლად  წასვლა, თითქოს ბედნიერება სრულად ვერ იპოვეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. არა და დასაწყისი არასდროს არ შეიცვლება სრულყოფილებით. მე გირჩევთ დაუბრუნდეთ ცოლ–შვილს, თუკი ისინი გყავთ იმ პატარა ქვეყანაში, ან საყვარელ ქალს, რომელიც ინგლისელი ქერებისთვის მიატოვეთ და დაიბრუნეთ იგი, თუ მან , დაუშვათ, აზიური გარეგნობის მამაკაცთან გიღალატათ და უთხარით მას, რომ ბაჰამაზე წოლა და ჭრელ–ჭრელი კოქტეილები ბედნიერებას ვერ მოგიტანთ და რომ თქვენ ამისთვის გჭირდებათ მხოლოდ მისი გამგები მზერა, კოცნა ყელში ან დილით საწოლში მორთმეული კვერცხიანი პურის ნაჭრები.. ღმერთო, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის!..
 
  ის მართლაც სიგარას მოწევდა და ათასში ერთხელ ამომხედავდა თვალებში.
  მე კი ისეთი გაცხარებით აღვწერდი იმას, რასაც კვირების განმავლობაში ვფიქრობდი, როცა წვიმისგან გადაღლილი სახურავები ელექტრო–გადამცემებზე მსხდომ, მობუზულ სვავებს გავდნენ და საკმაოდ გრძელი წინადადების ბოლოს ვიგრძნობდი, როგორ გამიშრებოდა სალაპარაკო ორგანო.
  ის  კვლავ მშვიდად, პირში სიგარაგაჩრილი და წეღანდელივით, სახიდან გადაცრეცილი ჭკვიანური გამომეტყველებით მოემზადებოდა ვერდიქტისთვის, ამიტომ შინაგანად შევიშმუშნებოდი, რადგან წინასწარ მეცოდინებოდა, რისი მოსმენაც მომიწევდა.  სიგარის ნამწვს საფერფლეში ჩასრესდა და მეტყოდა:
__ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ ახლა უფრო მეტად მინდა შენთან სექსი!

  * * *
  რეალურად კი – წყნარ გარემოში დავლიეთ ჩაი, ვისაუბრეთ, ბოლოს იქამდე მომაცილა, სადაც პირველად შემხვდა, დამემშვიდობა და ისევ ორნამენტებით მოჩუქურთმებულ ქუჩას გაუყვა თითებით.

  * * *
  უზარმაზარი თოვლი დადო იმ ღამეს, ისე, რომ დილით მეზობლად მცხოვრებ ულვაშებიან ვაჭარს დედამ ფული გადაუხადა, რომ სახურავიდან თოვლი ჩამოებერტყა, რადგან ჩვენი ბუხრის საკვამური ისევ საშინლად იყო გაჭედილი.
  ვაჭარმა, რაღა თქმა უნდა, მისის სუზას ფული არ გამოართვა.
  მე რომ შინ შევედი, იმის შესამოწმებლად, გამოდიოდა თუ არა შავი კვამლი ბუხრიდან ისევ იმ პროცესში იყვნენ – ვაჭარი დედას ფულს არ ართმევდა, დედა ძალით უკუჭავდა ხელში და უკან რომ დავბრუნდი, რათა მომეხსენებინა, რომ კვამლი ჩვეულად, ვეზუვის ყელიდან ამოხეთქილ შავ მილს გავდა, დედა ისევ უკუჭავდა ხელში ფულს ვაჭარს, ვაჭარი ისევ არ ართმევდა, სამაგიეროდ, გაშმაგებით, მზერით კბენდა ორივე ძუძუზე.

  * * *
  აქ, აგლომერაციაში, ცხოვრობს ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი : მე და სუზა. ალბათ ასევეა სხვა ქვეყნის ქალაქებიც, იქაც ცხოვრობენ ავერსი და რევერსი, მაგალითად, ჯორჯი და ანტიჯორჯი...
  ვერც კი მივხვდი, ისე ამისრიალდა ფეხი მოყინულ ,,ბარდიურზე" და პირდაპირ კუდუსუნით ჩავერჭე რძისფერ თოვლში.
  ცოტა ხანს ვერ გავიაზრე, რა დამემართა, მერე ნერვიული სიცილი ამიტყდა და რაკი ახლომახლო არავინ იყო და ჩემი მარცხი ვერავინ შენიშნა, შეუმჩნევლად წამოვდექი, თოვლი ჩამოვიფერთხე და გზა გავნაგრძე.
  ..ვინმე ჯორჯი, რომელიც ვაი–სამშობლოში დაბრუნებული, გაცხარებით უამბობს თავის უახლოეს ძმაკაცს, თუ როგორ გაჟიმა ინგლისელი გოგოები, არსებობს ნიკოლასიც, რომელსაც დღითიდღე უხარია, რომ მისი პირველი გოგო მე არ ვყოფილვარ და ვარსებობ მე, რომელიც ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სადღაც, მოთხრობის ბოლოს ისევ ჩავჩურთავდი ჩემს თავს.
  თოვდა, თოვდა რძისფრად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები