ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
11 დეკემბერი, 2010


თავმოკვეთილი ერი

უცნაური სკლეზორი მჭირს( არადა, ასაკობრივსაც ვერ დავარქმევ, კარგა ხანია ასე ვარ), - გუშინ რა ვჭამე, ვერ გეტყვით, მაგრამ - მათუსალას დროინდელი, მოგეცათ ლხენა, კადრ-კადრ ვხედავ და თითქოს ა, ა, ახლა იყო.

ბავშვი ვარ. საღამოა. მამაჩემი მოვიდა სამსახურიდან და:
- დღეს ადრე დაწექი, ხვალ, "შოთაობაა" და იყალთოში წაგიყვანო - მითხრა.

მართალი გითხრათ, არც "შოთაობა" ვიცოდი მაშინ, რა ხილი იყო და მით უფრო - იყალთო. თუმცა, რა მნიშვნელობა ჰქონდა? რადგან "წაგიყვანო" მითხრეს, ე.ი. სადღაც მივდიოდით, და "ადრე დაწექი" -  შორი გზის ნიშანი, უცილობლად.
მეტი რა მინდოდა, დაბადებიდან შარახვეტიას და იმ დროს, დიდი-დიდი 5-6 წლის ბიჭს?
დავწექი, დავიძინე და დილით - იალააჰ, კახეთისკენ (ისე, არც კახეთის გეოგრაფიული მონაცემები ვიცოდი იმ დროს).
მგზავრობით, იქ ჩასვლით და ოფიციალური ნაწილით არ დაგღლით, კარგად არ მახსოვს და არც უნდა იყოს, მაინც და მაინც საინტერესო.
ერთი წვერიანი,  მოხუცი დამამახსოვრდა მხოლოდ, უცნაური პერანგი რომ ეცვა და როგორც შემდეგ მამაჩემმა ამიხსნა -ახალუხი,  რქმევია თურმე. თუმცა, ახალუხზე გასაკვირი - წვერი იყო. იმ დროს სანთლით რომ გეძება, ვერსად ნახავდი პირგაუპარსავ კაცს.

საქართველოში ყველა ღონისძიება ქეიფით რომ მთავრდება, კარგად მოგერხსენებათ. "შოთაობა", რატომ იქნებოდა გამონაკლისი? თან, იმ დროს? სუფრა გაიშალა -ვეებერთელა და "რას ნახავ უკეთესს?!"- რომ ერქვა სახელად.

თამადა - ბატონი ირაკლი აბაშიძე გახლდათ. ჩვენს მაგიდაზე - შალვა დემეტრაძე. საოცარი კაცი და პიროვნება! "ცისფერყანწელთა" მეგობარი, რედაქტორი და თუ არ ვცდები, რეპრესიების შემდეგ, მათი პირველი გამომცემელი. ჩემს წინ ბატონი პავლე ინგოროყვა იჯდა.
- მამა, სახლში სქელტანიანი წიგნი რომ გვაქვს " გიორგი მერჩულე", აი ეს ბატონი ბრძანდება მისი ავტორიო - ამიხსნა მამაჩემმა და ჩემი თავი გააცნო ბატონ პავლეს: უგანათლებულეს, უწესიერეს და უღვთისნიერეს ადამიანს, ღმერთმა აცხონოს! მის გვერდით ბატონები: ანდრია აფაქიძე, გრიგოლ აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი და რევაზ ლაღიძე ისხდნენ. ამ პატიოსან საზოგადოებას, მამაჩემის გარეშეც ვიცნობდი. ჩემი მეზობელი კი, სწორედ ის წვერმოშვებული მოხუცი აღმოჩნდა,  ზემოთ რომ მოგახსენებდით.
იჯდა თავისთვის ჩუმად, მიირთმევდა საჭმელ-სასმელს და საერთო საუბრებში, ძუნწად თუ იღებდა მონაწილეობას. მახსოვს ერთხელ, ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო, ასანთით, ბოლოკებით, კიტრით და ჭარხლის მწნილით სასაცილო კაცუნები გამომიჩორკნა და: - აჰა, შენ პაპა, ითამაშეო მითხრა. მშვენიერი თოჯინები კი გამოუვიდა, იმ დალოცვილს...

ქართველი მეცნიერების სადღეგრძელო შესვა ლხინის გამრიგემ. იქ მყოფი, ნიკო მუსხელიშვილი, ივანე ბერიტაშვილი და ილია ვეკუა ბრძანდებოდნენ ადრესატები. აქო და ადიდა, ეს დიდებული სამაია -  მართლაც და ცად ასაყვანი ხალხი, ირაკლი ბატონმა.
არ მახსოვს რატომ და, სტალინიც ახსენა უფალმა თამადამ სადღეგრძელოში.
ასაკიანი ხალხი დამემოწმება და იმ დროს სტალინის ხსენებას, თან დადებითი კუთხით,  "კაი" ვაჟკაცობა უნდოდა. დისიდენტური აზროვნების ტოლფასი იყო, ამგვარი საქციელი. თან, იმასაც ხომ  ჰქონდა  მნიშვნელობა სად ახსენებდი - უხსენებელს? სამასკაციან სუფრაზე? მთელი, საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული სტუმრები, ბუზივით რო გეხვევა თავს, იმ დროს? თან რა ხალხი? ქვა რომ ააგდო, მე, კარგი პატარა ვარ,  მაგრამ, ცეკას რომელიმე მდივანს,  საბჭოთა კავშირის თუ სოციალისტურის შრომის  რომელიმე გმირს, აკადემიკოსს,  ყველა პრემიის ლაურეატ რომელიმე მწერალს, კომპოზიტორს, მსახიობს, ან, სულ მცირე - რაიკომის მდივანს მაინც რომ მოხვდება თავში? 
თუმცა, ვითომც არაფერიო, ისე აიტაცეს სადღეგრძელო. დალოცეს მეცნიერები და სტალინზე მოხდენილად ნათქვამიც, ღირსეულად დააფასეს, მონადიმეებმა.
სასმისების დაცლის შემდეგ, სუფრაზე, ანაზდად სიჩუმე რომ ჩამოვარდება, სწორედ მაშინ წამოდგა ფეხზე, ჩემი მეზობელი ბერიკაცი.
- სტალინმა, თავი მოგვჭრა ქართველებს! - წყნარად, აუღელვებლად ბრძანა.
ყველამ მას შეხედა. აქამომდე, მგონი არც არავინ იცნობდა  და მით უფრო მისი ხმამაღალი სიტყვა, არავის ჰქონდა  მოსმენილი.
- უკაცრავად, ზუსტად ვერ გამოვთქვი. სტალინმა, არათუ მოგვჭრა, თავი მოგვკვეთა ქართველებს!
მე,  მიხეილ ხოტივარი გახლავართ. ალბათ, უკანასკნელი მოჰიკანი, იმ ათი ათასზე მეტი ქართველისა, 24 წელს, შუა აზიაში რომ გადაასახლეს.
თქვენ, ქართველი მეცნიერების სადღეგრძელო ინებეთ. ძველნიც გაიხსენეთ და აქ მყოფთაც ღირსეული პატივი მიაგეთ. მეც ვუერთდები და სულით და გულით ვლოცავ სათაყვანო მამულიშვილებს. მაგრამ რა ვქნა, თუ ვუყურებ მათ და ვაგლახმე, ის გონი და ღირსება მახსენდება, "დიდი ბელადის" სურვილით,  რომ წაწყმიდეს?!
ბაგრატიონნი, ორბელიანნი, ამილახორნი, ერისთავნი და სხვა მრავალნი გამორჩეულნი, საქმით, სახელით და წარმომავლობით!
იმ მრავალ ათასთა შორის, ერთს, ჩემს ხელში სულდალეულს ვახსენებ მხოლოდ -  სანდრო ანდრონიკაშვილი!..  36 წლის ახალგაზრდა კაცი! საზღვარგარეთ, ექვსი სადოქტორო დისერტაცია რომ ჰქონდა დაცული, მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
  მიხეილ პაპამ დაამთავრა სადღეგრძელო. ჭიქიდან ღვინო, ლუკმა პურს დააწვეთა და დაჯდა.
პურზე, ღვინის დასხმის წესიც, პირველად მაშინ ვიხილე.

......

უკვე კაცობაში ვიყავი შესული,  1922 წლის აჯანყების მასალები რომ წავიკითხე.
თითქმის 13 000 გამორჩეული ქართველი შეეწირა თურმე ამ ამბავს. უმეტესად მამაკაცები და კარგი გვარის.
შემდეგ 30-ანი წლების ჟამი დადგა. მსხვერპლი - გაცილებით მეტი... ცხადია, აქაც მამაკაცები ჭარბობდნენ...
მეორე მსოფლიო ომი - 300 000-მდე დაღუპული ვაჟკაცი...
ხალხო!  იმ დროინდელი სამმილიონნახევრიანი ერისთვის, სულ რაღაც 20-25 წელიწადში, თითქმის ნახევარი მილიონი საჯიშე მამრის მოსვრა, ხვდებით რამდენია?
კიდევ როგორ გვიდგას სული, ან როგორ ვარსებობთ?
გავუძელით!
ამასაც გადავიტანთ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები