ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2010


სარკიდან გადმოსული მე-ს ფრაგმენტები (უსახეებო წერილი)

  ყველაზე მეტად ჩემი ნაჭუჭი მიყვარს, მაგრამ ხანდახან ისე მინდება ამ ნაჭუჭიდან გამოძრომა, რომ ერთი ხელის მოსმით ვამსხვრევ ხოლმე.
  არადა სისულელეა რამის დამსხვრევა, როცა იცი რომ დაბრუნება აუცილებლად მოგინდება...

. . .

  ადამიანები იცვლებიან. მარტივდებიან ან რთულდებიან. მე რატომღაც ყველა მემარტივება ჩემი თავის გარდა. არადა მეუბნებიან შენ თვითონ გიყვარს ყველაფრის გართულებაო.
რა სისულელეა?
არა ხომ ვამბობ რა სისულელეა მეთქი?
ასე არაა?
...
-ირი შენ ყველაფერს ართულებ, ბევრი დრო გაქვს ფიქრისთვის და ამდენს ნუ ფიქრობ რა... დაიკიდე, ისუნთქე თავისუფლად.
  ჩემი მეგობარი გამუდმებით წუხს ჩემზე, როცა რთული პერიოდები (ან ძალით გართულებული) იწყება.
მერე ცდილობს დამაჯეროს.
ბოლოს ხვდება რომ აზრი არ აქვს და ასკვნის რომ საშინლად ჯიუტი ვარ.
მე ვეთანხმები, სხვა რა გზაა...

 
მდას

  უკვე მოზრდილ ასაკში, დედა ხშირად მიყვებოდა ჩემს ახირებებზე. თურმე მთელი დღე შემეძლო ჯიუტად ვმდგარიყავი საყვარელი კალათით ხელში და დავლოდებოდი როდის ჩამოვარდებოდა ხიდან თხილი (ვაშლი და შაქარასავით რა...), არა განა არ შეეძლოთ რომ ჩემთვის თავად მოეკრიფათ, მაგრამ არაფრის დიდებით... ალბათ მუღამი მქონდა, რავიცი. კიდე ძაღლებზე და ზოგადად ცხოველებზე მქონია ამოჩემებები, შევძვრებოდი ლეკვებთან და ლამის იქ ვიძინებდი. საბრალო დედაჩემი რამდენჯერაც ჩემი გამოთრევა (სხვანაირად ვერ გამომიყვანდა ძაღლის ე.წ. ქოხიდან) გადაუწყვეტია, იმდენი ძაღლი უღრენდა თურმე...
  ასეა ბავშვობიდან ყველას ვუყვარდი (დამამტკიცებელი არგუმენტი მოყვანილია) მიუხედავად ჩემი ჯიუტი და ახირებული ხასიათისა. (და სულაც არ მაქ დიდი წარმოდგენა თავზე)
ეს ისე...
 

გადახვევა

  ბავშვობიდანვე განსხვავებული აზრები მაწუხებდა (ნუ ახლა რომ შემომხედო, თითქოს და არაფრით გამორჩეული ვარ), მაგრამ...
  სხვა ბავშვებივით არასდროს მიოცნებია ფერად-ფერად სათამაშოებზე. განა იმიტომ რომ ბევრი მქონდა? უბრალოდ მათ არასდროს ვეთამაშებოდი. შემოვდებდი თაროზე და ვსაუბრობდით.
  არასდროს მენანებოდა თვეობით გაზრდილი ღია ფერის თმა (სხვა გოგონებივით) და ყოველთვის ჩემით ვიჭრიდი სხვადასხვა ვარცხნილობას. (ამიტომაც გაგიმუქდაო მეუბნება დედა და მჯერა...)
  არასდროს ვიცვამდი კაბებს (განა იმიტომ, რომ დაგრეხილი ფეხები მქონდა?) უბრალოდ ასე მინდოდა და მორჩა.
სხვა გოგონებივით არასოდეს მიოცნებია თითზე წამოცმულ რგოლზე. არასდროს მესმოდა რატომ ხედავდნენ ამაში ბედნიერებას. ჩემთვის ყველაზე დიდი მაშველი რგოლი, რომელიც ბედნიერებამდე მიმიყვანდა, სითბო და საჭირო დამოკიდებულება იყო. (განა იმიტომ რომ მაკლდა?)
  მაგრამ ჩემიც არავის ესმოდა...

. . .

არასდროს დავლოდებივარ ხამამღლა
არასდროს მომნატრებია ხმამაღლა
არასდროს მიტირია ხმამაღლა
არასდროს მიჩურჩულია ან თუ ვჩურჩულებდი ხმამაღლა.


მცირე აღსარება

  ვერ ვიტან მონატრებას, მძულს მას მერე რაც ის ავტობუსი მიეფარა თვალს, რომელშიც დედა და მამა ისხდნენ... მერე კი ხშირად მივრბოდი იმ გაჩერებამდე საიდანაც გავაცილე და ველოდი...
  ყოველთვის ვთვლიდი რომ ტირილი სისუსტეა სხვის დასანახად. არავის უნახავს ჩემი ცრემლები, მშობლებსაც კი, მანამდე სანამ მამა არ დახუჭა თვალები...
მაშინ პირველად არ შემრცხვენია ჩემი სისუსტის.
  ხმამაღლა ჩურჩულსაც გადავეჩვიე, ახლა რატომღაც ყველაფერს ვყვირი.
მიყვარს ხმამაღლა და ვყვირი
აღსარებასაც...


ვერაფერს ვიზამთ

  ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ან მარტივდებიან, ან რთულდებიან. ან მიდიან ან ბოლომდე რჩებიან. ან გატყუებენ, ან თავს იტყუებენ. ან უყვართ, ან უბრალოდ პოზა აქვთ ასეთი და ხიბლავთ... ან რავიცი კიდევ რამდენი ან...
  შენ კი ბავშვობას ფურცლავ ფიქრებით და მერე რატომღაც რთულდები, ან ძალით ართულებ ყველაფერს.
-ისევ დაგეწყო?
-ასეთი ვარ, ვერაფერს ვიზამთ...
-ეჰ, მე ასეთიც მიყვარხარ...

. . .

ხანდახან უბრალოდ წერ ასეთ იდიოტობებს. არადა იცი რომ არავის აინტერესებს და შენც ფეხზე გკიდია ვინმეს აინტერესებს თუ არა. (ასეთი ხარ და რას იზამ?).
მერე სულელივით გეღიმება და გიხარია რომ ასეთიც უყვარხარ ვინმეს (შენც ხომ გიყვარს “ასეთები” ან “ისეთები”)

და გრძელდება ასე, მორიგ აბსურდულ წერილებამდე...

პ.ს. უბრალოდ ყირამალა მომენატრა და შემომეწერა, მეტი არაფერი :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები