ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2011


თოვას აპირებდა

რაღაცნაირი ამინდი იყო, ისეთი, თოვას რომ აპირებს ხოლმე. არ ციოდა, იანვრის ბინდი  მოულოდნელის მოლოდინში განაბულს გავდა. 

იმ საღამოს უჩვეულო განწყობით დავბრუნდი შინ. მინდოდა დიდი სამზარეულო მქონოდა. დიდი სასადილო ოთახი, დიდი ბუხარი და წინსაფარაფარებულს გამოცდილი დიასახლისივით მეტრიალა საოცნებო სივრცეში. ხუთი სართულის კიბე იმაზე ფიქრით  ავიარე,  რომელ კერძს მოვამზადებდი და როგორ. ღიმილიანი სახით ვიფუსფუსებდი  და ქვაბში თუ ტაფაზე კოვზის ყოველი მორევისას მხოლოდ სიყვარულზე ვიფიქრებდი. მერე დავჯდებოდი და დაველოდებოდი მის მოსვლას. არა, კი არ დავჯდებოდი, წამოვწვებოდი მის საყვარელ ვარდისფერ დივანზე, ფეხებზე იასამნისფერ პლედს დავიფარებდი და ვითომ გულგრილად დაველოდებოდი ზარს კარზე. მოვიქცეოდი ისე, როგორც ალბათ საერთოდ იქცევიან ქალები დაგვიანებული ქმრების მოლოდინში. ამის გაფიქრებაზე გამეცინა. ქმარი რა შუაშია?ან მართლა როგორ  იქცევიან ქალები ასეთ დროს? დედაჩემის მაგალითი ვერ გავიხსენე, რადგან მამა თითქმის არასდროს არ აგვიანებდა. ასეთი რამ ერთხელ მოხდა და  დედა მოულოდნელობისგან კინაღამ გაგიჟდა. კი არ ეჭვიანობდა, შეეშინდა, რა დაემართაო.  ეჭვიანი მეც არ ვარ, თუმცა, არც ავი მოლოდინის შიში მჩვევია და ქმარიც არ მყავს. ამიტომაც, თავი დავანებე სხვა ქალებთან საერთოს ძიებას  და კარი შევაღე.

ჩემი პატარა ბინის პატარა სამზარეულოს ასევე პატარა სასადილო ოთახი აქვს და ვიგრძენი, რომ ეს პატარა სივრცე ძალიან მიყვარს და მედიდება კიდეც, რადგან ის, ხშირად ზის ფანჯარასთან , პატარა ცისფერ მაგიდასთან, ხელში ყვავილივით უკავია  ჩემი საყვარელი ფაიფურის ფინჯანი და ისეთი გრძნობა მაქვს ხოლმე, რომ ჩაის კი არ სვამს, ყვავილს ეფერება ტუჩებით. ყოველთვის ჩემზე ადრე იღვიძებს და  ჩაის ორისთვის ამზადებს.თუმცა,  რატომღაც არასდროს მელოდება, რომ ერთად დავლიოთ. ამიტომაც მუდმივად ასე ხდება, მე საძინებლიდან აბაზანაში მივდივარ, მერე კი სასადილო ოთახში გავბოდიალდები ვარდისფერი პიჟამოებით,  კართან ახლოს, კედელს მივეყრდნობი და  გავყურებ მის პროფილს. მე ასე ვიღვიძებ, მის ცქერაში. ცხადია ამ დროს რაღაცაზე ფიქრობს, მაგრამ არ ვცდილობ ამოკითხვას. რა აზრი აქვს? იფიქროს , რა. ჩემთვის მთავარია, რომ  პატარა სასადილო ოთახში, ცისფერ მაგიდასთან ის ზის და ოდნავ ფარდაგადაწეულ ფანჯარაში იყურება. იქნებ ამ დროს მის საყვარელ მთებზე ფიქრობს. ქალზე? იფიქროს, რა. გაუვლის. მაინც აქ მოვა,  დაჯდება ფანჯარასთან, ისევ დაიჭერს ხელში ფაიფურის ფინჯან ყვავილს და მერე როცა ჩემს დაჟინებულ მზერას იგრძნობს ისევ მომხვევს წელზე ხელს და ჩემს ტუჩებს მოეფერება. ეჭვიანი რომ ვყოფილიყავი, ნეტავ მაშინ როგორ ვიფიქრებდი? ზოგჯერ ასეთი სულელური კითხვებიც მიჩნდება. რა გასაკვირია. მეც ხომ ჩვეულებრივი ქალი ვარ. ალბათ ყველა ქალს უჩნდება ასეთი ჩვეულებრივი, შესაძლოა  სულელური კითხვები. კიდევ კარგი ფიქრიდან ფიქრზე სწრაფად გადართვა მჩვევია.

მაგიდაზე დავახვავე სურსათი და უცებ აღმოვაჩინე რომ აღარაფრის გაკეთება აღარ მინდოდა. ვარდისფერ სავარძელში ჩვეშვი, ბოლო ერთი კვირაა მკერდში უცნაურ ჩხვლეტას ვგრძნობ. ძუძუები უჩვეულოდ დამებერა. ხელის ოდნავ შეხებაზეც კი მტკივა.  ჩხვლეტამ იმატა.

კომპიუტერი ჩავრთე. ფოსტაში წერილი დამხვდა. ”სანადიროდ მივდივარ, მთებში. დალიზე უნდა გაგცვალო. მაპატიე.” ბოლოში სულეური, ღიმილის ნიშანი ჰქონდა დასმული და მის გასწვრივ სახელის ნაცვლად მიეწერა ”შენი მე.” გამეღიმა.  დალი, ერთადერთია ვის გამოც ვეჭვიანობ, არა, ვშიშობ. არც ცრუმორწმუნე ვარ და ეჭვიანობაც არ მახასიათებს, ცუდ ფიქრებსაც არ ვაძლევ ხოლმე ჩემი შეშინების უფლებას, მაგრამ როგორც კი იტყვის მთებში მივდივარო, უცნაურად შემომიჩნდება შიში, ვაითუ აღარ დამიბრუნდეს. ვაითუ დალიმ დაიტოვოს. ხო, მჯერა მისი არსებობის. შიშმორეული თავს იმით ვიიმედებ, რომ რადგან წასვლამდე დამპირდა, დვბრუნდები და რაღაც ძალიან მაგარს გეტყვიო, ე.ი. დაბრუნდება. მართლაც ყოველთვის ბრუნდება, მაგრამ არასდროს მეუნება რაღაც ძალიან მაგარს. მაიმუნობს.სისულელეებს მიყვება და როცა მოთმინება დაკარგული ვებუტები, მერე სადმე მივყავარ გასართობად. ამ დროს  უხალისოდ ვარ, მაგრამ ხელს დამავლებს, ძლიერ ხელებს, რომელიც ძალიან მიყვარს, თვითონ მაცმევს იმას, რაც ყველაზე მეტად უნდა მეცვას იმ წუთში და მერე ხელში ატატებული გავყავარ გარეთ. ქუჩაში გასვლამდე ყველა წყენა მავიწყდება და ცხვირით ვუძვრები საყელოშეხსნილ კისერში. მისი სუნი მიყვარს.

თაფლიანი მაწონი დავლიე და ისევ სავარძელში გადავინაცვლე. შუაღამისას გამომეღვიძა. მანამდე სავარძელში არასდროს არ ჩამძინებია. თითქოს მოვწყდი, წელის ატანა გამიჭირდა. სამზარეულოში გავედი, შუქი რომ ავანთე, რატომღაც ძალიან მომინდა, რომ დილით ოდნავფარდაგადაწეულ ფანჯარასთან ის მჯდარიყო ფაიფურის ფინჯანთან მოალერსე. მგონი ცხოვრებაში პირველად მოემრია სევდა. საძინებელში წელათრევით წავლასლასდი. ღონე საერთოდ აღარ მქონდა.

დილით კიდევ უფრო მეტად მტკიოდა ძუძუები. მუცლის არეშიც უცნაურ ტკივილს ვგრძნობდი. უფრო უსიამო გრძნობა მქონდა.  ჩხვლეტა მომენტებში აუტანელი იყო. გინეკოლოგს დავურეკე. 12 საათამდე იქნებ მოხვიდე, მერე გავრბივარო. 

ტესტი გაიკეთე? ოთახში შესვლისთანავე მკითხა გინეკოლოგმა. რა ტესტი? გულწრფელად გავიკვირვე. მართლა არ მიფიქრია შესაძლო ორსულოაბზე.  ეროვნული გამოცდების ტესტი, რა ტესტიო, პატარა ბავშვივით რატომ კითხულობ? გაეცინა ექიმს. ფიქრობ, რომ ორსულად ვარ? გავიკვირვე. შენი სიმპტომები ამას მაფიქრებინებსო, მიპასუხა და ღიმილმორეულმა ჩვეულებისამებრ აწია მარჯვენა წარბი ზევით...

ქუჩაში სულელივით მეღიმებოდა. ბავშვის დაბადებამდე დარჩენილი მთელი შვიდთვენახევრი  წარმოვიდგინე კლინიკიდან სამსახურში მისვლამდე. არ მახსოვს იმ დღეს როგორ ვიმუშავე. ის კი მახსოვს, რომ ისევ მინდოდა მქონოდა დიდი სამზარეულო, დიდი სასადილო ოთახი, დიდი ბუხარი და მე გამოცდილი დიასახლისივით მეტრიალა საოცნებო სივრცეში. ვერაფრით მოვიფიქრე როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი მისთვის. თუმცა, ვხედავდი როგორ მოეფერებოდა ჩემს მუცელს გაზრდამდე, გაზრდილს და მშობიარობის წინ. ვხედავდი როგორ იდგა ჩემს გვერდით ბავშვის გაჩენის დროს და ჩემსავით ოფლად იღვრებოდა. მოვითხოვ, რომ მას დაუწვინონ შიშველ მკერდზე ბავშვი. რა მაგარი იქნება ტყუპები რომ გაჩნდნენ. ოთახში, თუ პალატაში მე და ის ერთმანეთის გვერდით საწოლებზე ვიქნებით გაშოტილი, ერთი ციცქნა ჩემს მკერდზე გაიტრუნება, მეორე მამიკოს მიეკვრება. როცა მოშივდებათ, ორივეს ერთდროულად ავიტატებ. ერთი ძუძუდან რომ მოუნდეს ჭამა ორივეს, არაუშავს, თავიდანვე ერთმანეთის პატივისცემას და დათმობას ვასწავლი. ასე ფიქრებში ავიარე კიბე. ისევ ხუთი სართული და როცა კარს ვაღებდი, მაშინ ვიგრძენი, რომ დავიღალე. ისიც ვიგრძენი, რომ ეს დაღლა მახარებდა.

ვიცოდი, რომ ფოსტაში მისი წერილი არ დამხვდებოდა, მაგრამ კომპიუტერი მაინც ჩავრთე. მერე რატომღაც საინფორმაციო სააგენტოებს  გადავხედე, ”ზვავში დაკარგულებს აქამდე ეძებენ”, იუწყებოდა ერთ-ერთი ინფორმაციის სათაური. ტექსტს თვალი გავადევნე და ტელეფონმაც დარეკა, მისი უახლოესი  მეგობარი იყო. მომიკითხა, როგორ ხარ?, არ ვიცი რატომ ვუპასუხე ასე, მაგრამ პირველად რატომღაც მას გავანდე, რომ ორსულად ვიყავი. ჯერ გაჩუმდა, მერე კი მკითხა, მან იცის? არა, მეც დღეს გავიგე-მეთქი. ხო, მაშინ დაბრუნდება და თვითონ მოგიყვება ამბებს. თქვა და სწრაფად დამემშვიდობა.

ეჭვიანი არ ვარ, არც შიშთან დამორჩილება მიყვარს, მაგრამ ეს ოხერი ზვავი რატომ ჩამოწვა, ან სად ჩ ამოწვა, ან ვინ მოყვა თოვლის ქვეშ? მონიტორისკენ გახედვაც არ მინდოდა. სასადილო ოთახში გავედი. ჩაი დავისხი ჩვენს საყვარელ ფინჯანში და ოდნავ გადავწიე ფარდა. ცისფერ მაგიდას დავეყრდენი და ბინდში გამიშტერდა თვალი. გარეთ ისევ  თოვას აპირებდა. დედა, ის დაბრუნდება, _ თითქოს გულიდან ამომძახა შვილმა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები