ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემნა ბედნელი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2011


ბნელ ოთახში

(ლექსი პროზად ან პირიქით)


ოთახში ბნელა, რიკულებს შორის ნელა მოძვრება ნათელი ჭავლი.
ტკბილ-მწარე სევდა გულში მიწვეთავს და იძაბება მოთმენის ჯაჭვი...
ამ ბნელ ოთახში, კენტად მჯდომარე, ფრთხილად გავცქერი ფირუზის ლივლივს.
ვითვლი ცხოვრების დუნე ნაბიჯებს და მჯერა, ვივლი...
ბოლომდე ვივლი უსაზღვრობაში გაშოტილლ გზაზე...
მაგრამ ქაოსით დაფეთებული ქალაქი ხმაურს გულზე მაბიჯებს და მქელავს, როგორც ტანმორჩილ ბალახს.
ასეა დღეს და მგონია, ხვალაც არ მომთავრდება ეს დელგმა-ტანჯვა...
ამ ბნელ ოთახში, კენტად მჯდომარეს, ზოგჯერ მაკითხავს ლურჯთავალა მუზაც. ის იღებს ხემს და ნელა-ნელ უსვამს ამ გადალეულ, დაგლეჯილ ნერვებს...
ამ ბნელ ოთახში, კენტად მჯდომარეს, ზოგჯერ მბეზრდება სულის წუხილი _
გადაიდარებს ნაღველის თქეში: უცებ დუმდება გრგვინვა-ქუხილი, უხვად იღვრება ჰანგი გიტარის ხავერდოვანი ჟღერის და ვმღერი...
და მღერის სისხლი...
და მღერის სული,
ჩემი მჭლე ხორცის ყოველი ასო...
ღიმი გამიპობს დამუწულ ბაგეს, მზე მილაციცებს ცახცახა სხივით, განვიბანები წმინდა ემბაზში და შეთრთოლდება მძინარე სასო...
განწმენდილ გულით გავყურებ ტატნობს...
ვამაყობ,
ვხარობ,
ვოცნებობ,
ვნატრობ!..
ლექსი?.. ლექსი კი, მარადიული, რჩება მოქნილი და შემართული _ ამოუცნობი, როგორც ქალწული...
ოთახში ბნელა, რიკულებს შორის ნელა მოძვრება ნათელი ჭავლი.
ტკბილ-მწარე სევდა გულში მიწვეთავს და იძაბება მოთმენის ჯაჭვი.
კლდეს მიბორკილი ამირანივით ვცდილობ ამ ჯაჭვის უწყალოდ ცვეთას, რომ ავიწყვიტო მყეფარე ჟინი და გამოვლეწო ეს ვიწრო ჩარჩო...
მაგრამ, ვაი რომ, წყეული თვლემა უმძიმეს ხუნდებს ბოროტად ლოკავს...
სიბრაზე მხუთავს, სიბრაზე მახრჩობს, რადგანაც ვიცი, ეს თვლემა მომკლავს!.. _
ოთახში ბნელა, რიკულებს შორის ნელა მოჭვრება იმედის ჭავლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები