ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: საბავშვო
16 იანვარი, 2011


თოვლიანი ტყის ამბები

1. დათვისა და მგლის შეხვედრა

ზამთარია, ფიფქი ცვივა,
ნისლდაფენილ ქედებს ათოვს,
დათვს შემოხვდა ტყეში მგელი,
ეკითხება: - ძია დათვო,
რას აკეთებ ამ ზამთარში,
შინ ხომ ყველა კარგად ხართო? -
დათვმა უთხრა: - რა უნდა ვქნათ?
ამ ფიფქების ცვენა გვართობს,
დავწვებით და დავიძინებთ,
ბუნაგი გვაქვს თბილი, ფართო,
თქვენ რას შვრებით, რას აპირებთ,
სანადიროდ დადიხართო?
- სადღა წავალთ ამ თოვაში? -
დაიჩივლა მგელმა წყნარად, -
გადათეთრდა მინდორ-ველი,
თოვლი მოჩანს ცხვრების ფარად...
- რაღა გიჭირთ, თუკი თოვლი
გეჩვენებათ ცხვრების ფარად?
ადექით და თოვლი ჭამეთ,
ვითომ ცხვარი მოგიპარავთ, -
გაეხუმრა მგელს დათუჩა,
დაამშვიდა მერე თანაც, -
არ გეწყინოს ეს სიტყვები,
ჩვენ ხომ ახლობლები ვართო,
ურჩები ხართ მეტად მგლები,
თუმცა რა გვაქვს საკამათო?
დათვებს ჩვენი ადათი გვაქვს,
თქვენ კი თქვენი წესი გაქვთო, -
დაეთხოვა მეზობელს და
წაბაჯბაჯდა თოვლში მარტო.



2. კეთილი მეზობელი

მთებს ათოვს და ხევებს ათოვს,
ტყისპირს უკვე თოვლი ადევს.
ეუბნება შაშვს ბეღურა:
- დაგვიზამთრდა ძალზე ადრე.
რას აკეთებ, მეზობელო,
თუ მოძებნე ბინა სადმე?
- აქვე კარგი ბინა ვნახე, -
გადუშალა შაშვმა გული, -
რცხილის ხეზე, ხმელ ფოთლებში
თბილადა ვარ შეყუჟული.
შენ რა ჰქენი, რას აპირებ,
ხომ არ გერჩის ვინმე მტერი?
თუ წამოხვალ, ჩემს ბინაში
შენც მშვენივრად დაეტევი,
საკვებიც მაქვს იქვე ახლო -
ზღმარტლი, კუნელი და შქერი...
- მანდ ხომ წუწკი მელა ცხოვრობს,
რომ მოგვაგნოს, ვინ გვიშველის?
- აღარ ცხოვრობს, ჩემი ნატვრა,
როგორც იქნა უკვე ახდა,
მელამ სორო მიატოვა,
ხევის პირას გადასახლდა.
- მაშ, ცოტა ხანს შემიფარე,
სადღა წავალ, აბა, ახლა?
- წამობრძანდი, კარგად მახსოვს
მეგობრობა შენთან ძველი,
ჩემს ბუდეში დავეტევით
სტუმარიც და მასპინძელიც.



3. შველი და კურდღელი

ათოვს მინდორს, ათოვს ფერდობს,
ხეთა ტოტებს თოვლი შვენის.
- მაგ ბუჩქებში რას აკეთებ? -
ეკითხება კურდღელს შველი, -
ჩემთან წამო, რამეს გაჭმევ,
ახლობელი ხომ ხარ ჩემი?
- მეშინია, ჩემო კარგო,
ციყვს უნახავს გუშინ მგლები.
ამ ბუჩქებში თბილადა ვარ,
თანაც იმ მგლებს ვემალები.
- დაივიწყე ეგ ამბავი,
მგლების ბედი არ შეგშურდეს,
სანადიროდ წასულან და
შეიძლება ვერც დაბრუნდნენ,
ჰოდა, ნუღარ გეშინია, -
დაამშვიდებს შველი კურდღელს.



4. კოდალა ციყვებთან

ათოვს წაბლს და ათოვს მუხას,
ტყე ფიფქებით დაბინდულა.
ციყვი თავის პატარებით
ფუღუროში შეყუჟულა.
შეფრენილა ხეზე ჩიტი
ხეკაკუნა, გრძელნისკარტა,
კოდალაა, ხომ იცანით?
უკაკუნებს, ხის კანს ფანტავს.
ამ ხმაურზე გამოვიდა,
ტყეს მოავლო ციყვმა თვალი.
- ხეკაკუნავ, გამარჯობა,
დაანებე ამ ხეს თავი,
მერე სხვა დროს მოიძიე
ეგ მატლები და ჭიები,
ნუ ხმაურობ, ეს-ესაა,
დავაძინე პაწიები.
მოდი, ჩვენთან შემობრძანდი,
არ ჩაგივლის ეგ დრო ფუჭად,
გაგათბობ და სადილადაც
რკოს მოგართმევ თხელნაჭუჭას...
ზის კოდალა ფუღუროში,
რკოს არჩევს და ციყვებს ართობს,
გარეთ თეთრი ზამთარია,
მდუმარე ტყეს მშვიდად ათოვს.



5. სტვენიები და ჩხიკვი

ათოვს რცხილას, ათოვს წიფელს,
მწიფე ძახველს ღელის პირას
სტვენიები მისევიან,
გადადიან მასზე ყირას,
ჟღურტულებენ: - რა მწარეა,
თუმც არ იცის ამან წყენა,
მოდი, ვინმე დავპატიჟოთ,
გავუმწაროთ მასაც ენა. -
მიიხედეს, მოიხედეს
და სტუმარიც ნახეს, - ბედად
დათოვლილი წიფლის ტოტზე
აფხორილი ჩხიკვი თვლემდა.
დაუძახეს: - მეზობელო,
გვესტუმრე და რამე გვითხარ,
ამ ძახველზეც დაგვეწვიე,
არ მოგაცდენთ, ალბათ, დიდხანს. -
ჩამოფრინდა ჩხიკვი დაბლა,
თუმც სტვენიებს ავად უცქერს,
მერე ძახველს გადახედა -
მოუვიდა თვალში უცებ.
დაკენკა და მოჰყვა ჩხავილს,
მისი გემო როცა ნახა:
- რა მწარეა, მომატყუეთ?
სად წამიხვალთ, აბა, ახლა! -
სტვენიებმა მიაძახეს:
- არ გაქვს ჭკუა, კარგად გატყობთ,
თვალით რასაც მოიწონებ, -
ყველაფერი არ დაგატკბობს!..
ჩხიკვი გაწყრა, ფრთა გაშალა,
გაღმა მხარეს გადაფრინდა,
მხიარული სტვენიები
დაუბრუნდნენ თავის ბინას.
მწიფე ძახველს უმშვიდესი
ფანტელები დაეფინა.



6. ტრაბახა მელა

ათოვს სოჭს და ათოვს ნაძვებს,
ათოვს ცაცხვს და ათოვს თელას.
მშიერ ტურას შეხვედრია
და ტრაბახობს წუწკი მელა:
- როგორა ხარ, მეზობელო,
ხომ მოიწყვე ბინა კარგად? -
თავის გზაზე გაიყოლა,
აიკიდა ტურა ბარგად,
- წამობრძანდი ჩემს სოროში,
ბატები მყავს თითქმის ოცი,
დღესვე დავკლავ და მოგართმევ,
შენ ხომ გიყვარს ბატის ხორცი? -
ძალზე ბევრი იტრაბახა,
მაგრამ ტურას ვერა არგო,
ოცი ბატი სადაც ჰყავდა,
ისეთ სოროს ვერ მიაგნო.



7. ჩხართვი და კვერნა

ათოვს პანტას, ათოვს თხმელას,
მშვიდად მოდის თოვლი ციდან.
საღამო ხანს ცელქი კვერნა
სანადიროდ გამოვიდა.
უცებ აძვრა პანტის ხეზე,
სადაც ფითრზე ჩხართვი იჯდა,
თან ფიქრობდა, მსუქანია,
მეყოფაო ხვალის იჯრად.
მაგრამ ჩხართვმა მეტად ფრთხილმა
კვერნა დროზე დაინახა,
რცხილის ხეზე გადაფრინდა
და მტერს ასე მიაძახა:
- ვერ დამიჭერ, მტაცებელო,
მუდამ კარგად გხედავ, სად ხარ,
ეგერ მწიფე ასკილია,
ის იკმარე სადილ-ვახშმად!..
რაღა ექნა პატარა მხეცს?
მართლაც ასკილს მიაშურა,
დანაყრდა და დარცხვენილი
მიიმალა ტყეში ჩუმად.



8. ზამთრის საღამო ტყეში

ისევ ათოვს ტყეს და მინდორს,
ნისლმა მთები გადაბურა.
დათვი, მგელი, ციყვი, მელა,
ჩხიკვი, შაშვი და ბეღურა,
მესკიები, კოდალები,
კვერნა, კურდღელი და ტურა,
შველი, ჩხართვი და სტვენია -
ყველა ტყეში შეყუჟულა.
ბუნაგებში, ბუდეებში,
ფუღუროში მიმალულან,
ზოგსაც შამბი მოუნახავს,
ჩამთბარა და გატრუნულა.
ზამთრის მშვიდი საღამოა,
ფიფქი ცვივა, რახანია,
ცხოველები, ფრინველები -
სუყველანი აქ არიან,
მინდობიან მშობლიურ ტყეს,
ხან მშვიდსა და ხან ქარიანს,
ისევ თოვს და ისევ ბარდნის,
ზამთარია, ზამთარია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები