ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2011


soixante-neuf

ასე იწყება ყველაფერი - soixante-neuf,
თუმცა ცხოვრებას, რა ხანია, როგორც სახადი
სჭირს უძლურება სქესობრივი, რეპლიკა - \"ეუფ\" -
ოთხი მხრიდან და მე ამ ნაწერს ტანზე გავხადე.

დღეს მოდაშია (ეფექტი აქვს) დელეგირება
სურვილების და დელეგატი ვისაც სჭირდება
მან იყოლიოს, მარტო ვარ და ერეგირებულ
ნერვებს ვატარებ გაყინული (მუდამ) თითებით.

არეულია, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის,
ანუ - პირიქით (დალაგებულს ჩემთან რა უნდა),
ეს ნაწერი და თუ დამერქვა ერთ დროს პოეტი,
ალბათ იმიტომ, რომ გავბედე - უკან დავბრუნდი

და პოეზია განვიცადე, როგორც ორგაზმი,
ასე დაიწყო ყველაფერი - neuf-soixante,
მერე ისრებმა შუაღამის ოთხი მოხაზეს,
მერე ვინც იყო მოსასვლელი ყველა მოვიდა -

ფონ შტერნბერგი და საოცარი მარლენ დიტრიხი,
აქ უკვე სექსი მანიაა და არა ფაქტი,
აქ მხოლოდ შენი არჩეული გზებით მიდიხარ
მიზნისკენ - შენი უფლებაა პირველი აქტი.

აქ შეგიძლია ითავხედო, რაც გსურს დაწერო,
აუცილებლად დაეყრება საფლავს ნაგავი
მაინც და რატომ უნდა გახდე ხალხის ნაწილი -
ხალხის - ვინც მოკლა - რიუნოსკე აკუტაგავა?!

ის არ მოუკლავთ - იტყვის ვინმე - თავი მოიკლა,
მე გეუბნებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვკალით!
ერთი ჯანსაღი აზრი არ გაქვთ ათას მოფიქრალს,
ჩვენ - ყველა ერთად, მკვლელობებმა ოთხად მოგვრკალეს.

არაეულია, არეული, არეულია -
ეს ნაწერი და დრო არ მოდის, წლები მიდიან,
ყველა ჩვენგანი საქმეშია, გარეულია
ამ ყველაფერში, დედააზრი, თავი - იდეა -

ცხოვრებისათვის დღეს ეს არის - neuf-soixante,
საინტერესო თუ რამეა - ქამრისქვეშ ხდება,
ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ სიკვდილს შორიდან
და გზად (გულგრილად) - ვუყურებდეთ - სხვა როგორ კვდება.

ვის ვკლავთ დღეს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები