ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2011


არის ერთი რამ...

ორი რამაა რაც არასდროს დაგავიწყდება;
ერთი უფალი, მეორე კი - აჩრდილი მისი.
ერთია - ტაძრის შუაგულში "მამაო ჩვენო",
მეორე - ღია ჭრილობიდან გოდება სისხლის.

ერთია, როცა ნოემბერში, დეკემბრის პირთან,
შუადღის სუსხით დატანჯული მზის სხივებს ითვლი.
მეორე - სიცხით გათანგული ტირიფთა ხროვა,
როდესაც ცდილობ უფსკრულებში იპოვო ჩრდილი.

ერთია, როცა იძირები, ხვდები და ცდილობ,
იპოვო, რაღაც სულ მცირედი, ჩასჭიდო ხელი.
ანდა მეორე, ზედ აფურთხო და ფეხით შესდგე
იმ ხელს, რომელიც ცდილობს მხრებზე შეგასხას ფრთები.

ერთია - უფლის წინ იდგე და შიშისგან ძრწოდე,
მეორე - სადღაც, უფრო უკან, - ცრემლებით ხელში;
დგახარ და გახრჩობს ყველა ცოდვა რაც მიგითვლია,
შენივე ხელით აფრინდები შენს სხეულს ყელში.

მერე კი ფიქრობ... ფიქრობ წლები, სადა სჯობს დგომა,
უფლის წინ ძრწოლით? თუ მის უკან, ცრემლებით ხელში...
არის ერთი რამ რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეს,
რომ თავად ღმერთი ამოიცნო როგორმე შენში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები