ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2011


ყვავილნარი

იამ თვალებით გამათბო,
ტკბილი ნანინა მიმღერა,
შერბეთ ნაყენმა დამათრო,
მაჩუქა ეს მდუმარება.
ზამბახი, ლურჯი, ყვითელი,
მკოცნის და მეალერსება,
თუკი ოდესმე დამტოვებს,
მოვკვდე და არ მეჯერება.
ენძელას გული აძგერდა,
აპრილ-მაისთან ცეკვაში,
თოვლი დაადნო, იღიმის,
ყოჩივარდების ძებნაში.
გვირილა მჩუქნის თეთრ ფურცლებს,
იმ გოგოს თუ ვეყვარები?!
ვიცი ისედაც გიყვარვარ,
მოვალ და მოგებარები.
შროშანი მაისს დაატკბობს,
თეთრი ზარების წკრიალით,
ყაყაჩოს გადააწითლებს,
ქირქირა მდელოს ნიავი.
ვარდმა მომიძღვნა ალერსი,
ზამთრ-ზაფხულის მეხოტბემ,
და მის კვირტებში დღე და ღამ,
კუპიდონები ბუდობენ.
ანწლი მოსულა ტყეებში,
დიდგულა მისი არსებით,
მისგან წითელ წვენს დავწურავ,
უნდა დავლიო თასებით.
თრიმლი ალიონს წითლდება,
შხარას, თეთნულდს და ერწოზე,
დათვის კენკრა, კი გართხმულა,
გადაწითლებულ ფერდობზე.
კრაზანა ლაქებიანი,
დაწინწკლულ ყვითელ ყვავილში,
თაფლის საბადოს ინახავს,
აისია თუ დაისი.
ჭინჭარი მუდამ მსუსხავი,
ჩვენს კანზე ლეკურს იცეკვებს,
ძახველი ვითარც სალბუნი,
გასაკურნებლად იგემეთ!
შხამთეთრა, გველი არ არის,
პირიქით, მოგეფერებათ,
თუკი ტკივილმა შეგიპყროთ,
მიირთვით და მოგევლებათ.
ენდროს სამღებროს, ამ ქვეყნად,
ღვთის ნაბოძები მადლი აქვს,
მის ფესვებსა და ფესურას,
ქრისტე ჰყავს ვგონებ ნათლიად,
აღდგომის კვერცხებს საწითლად,
მის საღებავში ხარშავენ,
იესოს სისხლის სანაცვლოდ,
ყოველ წელს მას მიმართავენ.
თუმც, სარეველა არ უყვარს,
ცხოვრობს ამაყი და მარტო,
არის ლაღი და გავაზი,
იცის უფალმა რაც არგო!
თავშავა, ვარდისფრად ყვავის,
თბილ ადგილებში კვირტდება,
სუნამოს ჯადოს აჩუქებს,
კაცს, მადის ძალას ჰპირდება.
ბევრი ასეთი ყვავილით,
უხვია მიწა ქართლისა,
გავიცნოთ, მოვეალერსოთ,
რა ვიცით, რა მოგველისა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები