ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2011


ჰიათ ელმაბქა & ზანზალაკები

                      ჰიათ ელმაბქა


                              ”იხარე, შვილო აბრაჰამ, რამეთუ მოვა დრო და
                                შვილები თავიანთ კერას დაუბრუნდებიან.”
                                                                                          შეხინა

              შენ მაინც იყო დასაშვები,
              თორემ როგორ დავიჯერებ ცხოვრებას,
              რომელიც თუ არის, მხოლოდ პეპლის ფრთის დაქნევა,
              სხვა არაფერი,
              და ისიც მაშინ, როცა არ მაქვს საჭერი ბადე.

              იქამდე მისასვლელი ყველა გზა დამავიწყდა,
              ან იქნებ დავივიწყე,
              შესაძლოა, როგორც ტბას - მდინარეები,
              არ უერთდება ქუჩები სასაფლაოს.
              მოვალეობის გამო, თორემ უკეთესია სახლში დარჩენა
              და, ყველა ღამით, კოშმარები,
              რომ ჯერ იყო, საჭრელ ბარებად,
              საფლავის მიწაში ხელები გავურიე
              და ფესვებივით გაჩნდნენ თითები,
              ამოწოვეს შენი მონატრება.

              ხოლო ცხადში, როდესაც წავიდა ყველა ობობა და ტარაკანა,
              მივხვდით, რომ გვშიოდა და გვწყუროდა.
              წყალი კი არ შეუდგა ჩვენს სიზმრებს, ძილშიც ვტიროდით
              მაშინ, როცა მიტოვებული სახლის კარივით ჭრიალებდნენ ღამეები.
              ჩვენ, როგორც გოდების კედელში - ლურსმნებს, ქაღალდებს,
              დაბზარულ სულში ყრუ ტკივილს ვტოვებდით,
              რადგან ცაში ვეღარ ადიოდნენ დედაჩემის სველი ლოცვები
              და ნესტად რჩებოდნენ იმ ოთახებში,
              სადაც ახლა გულაღმა ვაგდივარ და ტანით გინახავ,
              როგორც ზღვას - ნიჟარა,
              ეს კი ნიშნავს, რომ ისევ მოიქცევი ჩვენამდე.



                              ზანზალაკები


              ბავშვობის დროს  ასე იყო,
              ვაღებდი კარს და ვიპარებოდი სოფლის ეზოდან -
              მდინარეზე, ან სულაც - ტყეში.
              ბოლოს, კარ-მიდამო დაიფარა ეკალ-ბარდებით,
              მდინარემ თავისი თავი წაიღო და გავიდა,
              ტყე კი გაკაფეს.

              მას შემდეგ, გავდიოდი გარეუბნის მრუდე ქუჩებში
              და ჩემს ჩრდილს უკან მოყვებოდა სხეული,
              რომელშიც მან დაკიდა სიკვდილი - ზანზალაკი,
              ისე გამომიშვა...
              და როცა სული კარს გააღებდა,
              მამაჩემის ხმით, ზარი წკრიალებდა
              ჩემს აქ დარჩენას.

              მამას წასვლა კი  იყო ისე ჩუმი, მდუმარე,
              თითქოს ზანზალაკს გაუჩარა ყველა ფიქრი
              ჩვენი, საერთო.
              და არის ესეც, არ ხმაურობს დიდი ტკივილი.

              მთელი თვის მანძილზე, იხრებოდნენ ხეები ქარში,
              გაბეზრებული ზამთრის დღეებით,
              მიდიოდნენ სველი მიწიდან,
              მაგრამ მოფრინდნენ ჩიტები და იწყეს წკრიალი,
              ხეები დარჩნენ,
              რადგან ყინვა არ ყოფილა, ციოდა მხოლოდ.

              დედა რომ ტანზე ჩაცმულ სამოსს მიკერავდა,
              იმ ძაფის ბოლო ისევ ხელში აქვს,
              ეს არის ჩემი დარჩენა,
              რომ, ბავშვობის შემდეგ,
              ვდგავარ დახურულ ფანჯრებთან და
              ყრუ ტკივილივით ვითმენ სიცოცხლეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები