ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2011


დებოში

ჯერ მივესალმები გიჟებს და პოეტებს,
დღეს მათი ნახვა თუ კიდევ შეიძლება,
მერე მოგიყვებით,
რას ვფიქრობ ყოველდღე,
როცა მჭირს ცინიზმი და ტვინში მიძვრება
ათასი ჭია და ძვლებამდე მბურღავენ,
რომ ვიყო კეთილი,
კარგი,
სანიმუშო,
მე კიდევ აღარ მაქვს სიწმინდის მუღამი,
ჰოდა,
მაპატიეთ,
დღეს უნდა ვიმრუშო,
დღეს უნდა დავლიო,
დღეს უნდა გამოვთვრე
და მერე ქუჩებში მოვაწყო დებოში,
რომ თქვათ - ეს უწესო საიდან გამოტყვრა,
მომვარდეთ და ხელი ჩამავლოთ ქეჩოში,
მირტყათ და
მაგინოთ,
გამიგდოთ წიხლებით,
თან ნიშნიც მომიგოთ,
(სხვას მიგებთ ვერაფერს),
აქ რითმაც მღალატობს,
ე.ი. კვლავ - წიხლებით,
ვიცი,
არ დამაკლებთ,
პატივს მცემთ - შესაფერს,
ჰოდა,
არ დამინდოთ,
არ!
სული გამაძრეთ...
და ძლივს მიფოფხებულს,
ძლივს მისულს მესერთან,
აბა,
უამისოდ,
სად უნდა გადავძვრე -
სახეში ლაწანი -
სულ ბოლოს -
დესერტად.
ჰო,
არ დაიშუროთ მუშტები,
წიხლები -
კაცებმა,
ქალებმა - მწყევლეთ და დამკაწრეთ,
როგორ გავბედე,
რომ თქვენკენ არ ვიხრები,
ნაღდად ვიმსახურებ და სკალპიც ამაძრეთ.
მაგრამ...
რომც მომკლათ,
არ (ვერ) მოგასვენებთ,
ყვირიხართ - შეხედეთ, კიდევ რომ თავნებობს!
ჰოდა,
ერთს მეც ვიტყვი -
გთხოვთ,
ღმერთი ახსენეთ,
რომ გიჟმა პოეტმა თავი დაგანებოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები