ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2011


რატომ არ ვგავარ...

ვიცი, როგორც ვარ, სცილა-ქარიბდას შორის,
წარსული აწმყოს ლამის შეეხოს ხელით.
არც ეს ნაქები, ქარიზმატული მშველის,
დავარდნენ წლები, როგორც ნარბენი ცხენი...
ვიცი, როგორც ვარ, ცხრაბალიანით სულში,
მიწაც რაღაცა ხშირად ტორტმანებს ფეხქვეშ.
ამ ცხოვრებისთვის გავხდი რატომღაც ბუში,
ჰოდა, ვაპირებ, ერთი ერთზე რომ შევხდე...
გულგრილობა კი თავს სულ ყლუპობით მაჩვევს
და ახლობლებშიც უცხო კაცი ვარ უფრო.
მართალი რომ ვთქვა, ისე, ჩვენ შორის დარჩეს,
უცხო გარემოს უფრო ადვილად ვსტუმრობ...
იწილ-ბიწილოს ნუღარ დამიწყებთ ახლა,
რატომ არ ვგავარ ერთ თარგზე მოჭრილ ხურდას.
ვიცი, ყველა დროს თავის ხუშტურიც ახლავს,
მაინც და მაინც ფეხის აწყობა უნდა...
ეს მოლოდინიც რომ არ გამართლდეს, ვინძლო?
ფეხში ძარღვიც კი გადანასკვია მოცდას.
თუმცა, მღვდელს ალბათ ჭილოფშიაც კი იცნობ,
მეც ”გაბრწყინებას” ველი წელია ოცდა...
ვერ ”ვაბანავე” ამ წყალში ჩემი ჭია,
თავთხელი წყალი არც შესატოპად ვარგა.
და ჩემს დარგულ ხეს თუკი ძირშივე თხრიან,
სულში ლექსებად ჩემს გამძლეობას ჩავრგავ...
                20.04.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები