ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის-ასული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 მაისი, 2011


ოღონდაც...

  კუბოს ჰგავს ოთახი, რომელშიც ჩემი სული სხეულს  ეყრება.  სხეულს ,,მიწას'' ვუტოვებ, სული- შენ დაგეძებს...ვიცი, ამას რაც ჰქვია...და მაინც...აკრძალულ ხილს ვეპოტინები.
  ტკბილ-მწარეა მისი ნაყოფი, მაგრამ იმ ტკივილზე მწარე არა, უშენობა რომ ჰქვია.
  ზოგჯერ ისე ძალიან ემსგავსება ჩემი ოთახი კუბოს, რომ უკვე აქედანვე ვიცი, რა ფერისაა ჯოჯოხეთი.
  თვალებდახუჭული, კბილის კბილზე დაჭერით ვგუობ საკუთარი სხეულის ხრწნას...
  დრო უსასრულოდ იწელება...
  მერე...ვნებაჩამცხრალ  ,,მიწას'' ვალმოხდილი  ჯარისკაცივით ვტოვებ, ერთადერთი სურვილით შეპყრობილი:გათელილ სხეულს კანიანად შემოვაცალო გველეშაპის მიერ ქერცლებად დაფრქვეული ოხშივარი,  უგრძნობი თათების ღრმა, შემზარავი ნაკვალევი...
  სული...სულს არაფერი შეხებია. ის  შენთან იყო...შენს მშვიდ ძილს დარაჯობდა, შენს სუნთქვას მიყურადებულმა მთელი ღამე თავსასთუმალთან გაგითია...ავი სიზმრები დაგიფრთხო, შენი ცქერით გული იჯერა და კვლავ ტანჯულ სხეულს დაუბრუნდა.
  მეგობარს გავანდე ჩემი სატკივარი.
  ფიქრში მრუშობას შეეშვიო...დიდი ცოდვა არისო...
  მე მჯერა ჩემი მეგობრის.
  შენი დათმობაც მიჭირს...ისიც - ფიქრში მხოლოდ.
  ჩემი ოთახი  დღითიდღე ემსგავსება აკლდამას.
  მე-ომში დამარცხებულ ჯარისკაცს.
  დამარცხებულები სამართლდებიან.
  მე კი გილიოტინაზე მეტად უშენობა მაშინებს,  რადგან ეს სულთან გამოთხოვებას ნიშნავს.
  ვერ დავთმობ სულს!
  ამიტომაც ჰგუობენ გადაყვლეფილი მაჯები უჟანგავ ბორკილებს, ქედი-დახორკლილზედაპირიან ჯაჭვს...
  იტანჯოს სხეულმა, ოღონდ სული გადარჩეს!
  ოღონდ მეგულებოდე...
  ოღონდ...
  თუნდაც ფიქრსა და ოცნებაში!!!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები