ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისე... უბრალოდ...
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2011


ყველაზე თბილი დეკემბერი

    წელს მშრალი ყინვები დასჩემდა დეკემბერს. ნაშუადღევს,მზე რომ მიილევა,სიცივე მატულობს და მთელი სიმძიმე ძვლებამდე ჩააქვს.მერე სიცივეს სიბნელეც ერთვის.ყველაზე რთულია ღამის ეს მონაკვეთი.შემდეგი ეტაპი მთვარის ამოვანებაა ცაზე,ის მთელი ძალით მოიქნევა დედამიწისკენ სინათლით, რათა ოდნავ მაინც შეამსუბუქოს დეკემბრის ღამის სიმკაცრე. მიწა ნათდება,მაგრამ მეტი სურს მთვარეს.ცდილობს ჩააღწიოს იქ, სადაც ყველაზე მეტად უხმობენ. ქარიც როგორი ორპირია მიწისქვეშა გადასასვლელში,ეს დღეებია ისე გათავხედდა,ყინვას მთელი არსებით შემოანთებს,თითქოს ვერც კი ამჩნევს, რომ აქ სუნთქავენ...
  ის ამ მიწისქვეშეთში ახლახანს გადმოვიდა, ოღონდ აქ მხოლოდ ღამით ცხოვრობს. დეკემბრის ასეთი ვერაგობის მიუხედავად,ეს სამი დღეა მის სულში საოცრად დათბა.სულ არ ადარდებს ყინვიანი ქარის სიმძაფრე, თავის ძველმანებსაც კი აღარ იფარებს... მხოლოდ ზის ნესტიან კედელსმიყრდნობილი და ფიქრობს... არა,არაყი არაფერ შუაშია, პირიქით, ამ სამი დღის განმავლობაში არც კი გაუხედავს მისკენ. ღრმა ფიქრებს მისცემია თითქოს,ან რაღაცას იხსენებს...
გუშინწინ დილით უნივერსიტეტის წინ, ნაგვის ურნაში ბოთლებს რომ ეძებდა, მან გოგონა შენიშნა. გოგონა, წარსულიდან იყო,მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. გუშინაც ნახა, დღესაც... დიდ ხანს უცქეროდა,უკანაც გაყვა,გაჩერებამდე, გოგონას შეეშინდა. ვერ გაურკვევია ვინ არის, ერთი კია, რომ მისმა გამოჩენამ დიდი სითბო მოუტანა.
-ნუთუ ასე გამომფიტა სასმელმა,რომ წარსულიდან აღარაფერი შემორჩა ჩემს მეხსიერებას?- ეკითხება საკუთარ თავს. ისიც ფიქრებში, აბა დიდი ხანია ხმა არ ამოუღია ან რაში სჭირდება საუბარი?! შეგროვებულ ბოთლებს ჩააბარებს, კაპიკებს გადაუხდიან, შემდეგ რომელიმე მაღაზიასთან გაჩერდება, ხურდას მიაწვდის გამყიდველს უსიტყვოდ და პურს მისცემენ. მერე არყისკენ მიუთითებს... ასე ცხოვრობს, არსებობს უფრო სწორად... ახლა კი რაღაც ცვლილება მოხდა, ჯერარყოფილი და გაუცნობიერებელი, სიცოცხლის გოგონა სულ თვალწინ უდგას. ისევ დაძაბა გონება, სცადა გადაშვება მეხსიერების სიღრმეში,მაგრამ გზა ჩახერგილიყო დიდი ხნის წინ. ხელიც ჩაიქნია და მიწვა. მან მხოლოდ ახლა შენიშნა იქვე, სათამაშო დათუნია რომ ეგდო. რამდენი ხანია ამას თან დაატარებს,მთელი ცხოვრებაა თითქმის და ალბათ ძვირფასი იყო თავის დროზე მისთვის. ახლა ამ სათამაშოზე დაფიქრდა, რატომ დავატარებო ყველგან,მაგრამ ვერც ამაზე პასუხს მიაგნო თავის თავში. მერე აიღო და მთვარის შუქზე გაიტანა, დახედა... ღმერთო, დათუნიამ იმ გოგონას სახე მოაგონა, თვალი დახუჭა და მთელი სიძლიერით გადაეშვა წარსულში. უცებ იმ გოგონას სახე სხვა გოგონამ შეცვალა და...
- აქსანა!.. აქსანა! -იყვირა მთელი არსებით. მის შვილს ერქვა აქსანა,  სათამაშოც მისი იყო, ესღა შემორჩა მისგან. აფხაზეთიდან რომ სდევნიდნენ, სვანეთის გზაზე გაუცივდა და მაღალი სიცხეებისგან მოუკვდა, მხოლოდ ის ყავდა ამ ქვეყნად,ყველაზე ძვირფასი...
- აქსანა, ჩემო ერთადერთო გოგონავ!- ყვიროდა და გულში იკრავდა სათამაშოს. ქარი სახეზე აყინავდა ცრემლებს...
  მზეს სიცოცხლე დღესაც ამოყვა და ხმაური სტუდენტების... ის ისევ ნაგვის ურნასთან იდგა,მაგრამ ბოთლებს კი არ ეძებდა, ელოდა ვიღაცას... მალე გოგონაც გამოჩნდა, ზუსტად  ისეთივე დაბნეული , როგორც გუშინწინ, გუშინ... უნივერსიტეტის კიბეებთან შეჩერდა, მიმოიხედა,ისიც ეძებდა ვიღაცას თითქოს. კაცს ფიქრის დრო აღარ ქონდა, ის უცებ გოგონასთან გაჩნდა:
-აქსანა, ჩქიმი ცირა!- ხელი უნდოდა შეეხო და მოფერებოდა,მაგრამ დაფეთებული გოგო სწრაფად ავარდა კიბეებზე.
-იქნებ მეგრული ვერ გაიგო. მივალ, ავუხსნი თუ როგორ გავს ჩემს შვილს!
გოგონას მეგრული ესმოდა, მაგრამ ვერაფერს მიმხვდარიყო და ეშინოდა, რას გადამეკიდაო. კიბეები აირბინა თუ არა, გაჩერდა, საფულედან ხურდა ამოიღო და გამობრუნდა. 
- აი, აიღეთ, მეტი არ მაქვს - ხელში მიაჩეჩა ძველმანებში შემოსილს, რომლის თვალებიც უსაზღვრო სიყვარულით იღვრებოდნენ. ასეთი მზერით მხოლოდ მამა თუ შემოხედავდა ქალიშვილს ...
  რა მოხდა მერე? მერე ხურდები დაიბნა ქვაფენილზე. ძველმანებში შემოსილი იქ აღარ იდგა...
  იმ დილის შემდეგ ის უცნაური კაცი გოგონას აღარსად უნახავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები