ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2011


ღმერთი, როგორც ამ წერილის თავი და ბოლო

ღმერთო ისევ შენ! დავიღალე! ყელში მაქვს უკვე...
ეს გამთენია... ცვრით, რომ მცელავს ყველა ნაბიჯზე,
ვიღაც ზურგს-იქით მეპარება სანთლით და მიკმევს
(უცხო ოხშივარს) ოხერია, რაზე გაირჯეს?

გკითხავ! და დილით გაგიხსენე ღმერთო, ისევ შენ...
საკუთარ თავთან ვკამათობდი შლეგი გუნებით
(კაცს რომ ტკიოდა - შიშველ სულზე მარილწყალს უშენ
და მაინც ღმერთო შენ გიწამა! აქ გავჩუმდები)

წავალ და (სადღაც) მაინც მინდა ცხადში, რომ გამყვე!
(ნეტავ ერთი რტო ზეთისხილი მქონოდა ქოთნის)
თუმც შე-ჭირვებით ვიცი სულში ამომდებს ანკესს
ვიღაც უბირი... ხორცს, რომ ჭამს და ტუჩებს იქონის.

გვიანი არის! ბზის ნაკვალევს - ვეღარ გავიგნებ
(აყალო მიწას საცერივით წვიმაა რადგან)
შენ ალბათ ახლა ლოცულობ და სამყაროს ურემს
მთვარის ყუას, რომ დაემსგავსა, წაქცეულს - დადგამ!

აჰა! რაღა ვთქვა... დავიღალე! ყელში მაქვს უკვე...
შარლატანი, რომ დაიჩემებს ღვარცოფებს განვლილს...
გაზაფხულდება, შემდეგ იტყვის! სხივს მიაპკურებს
ტაძრის ეზოში იმ ერთადერთ უსუნო ყვავილს.

ღმერთო ისევ შენ!
მერამდენედ მოგმართავ ასე...
რადგან შენ-ა ხარ ამ წერილის -
თავი-და-ბოლო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები