ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელლე.
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2011


სიბილი

        ბოლო დღეებია უცნაური ეჭვები გაუჩნდა სიბილს.ქვიშის საათი მერამდენედ ამოატრიალა.ოქროსფერ სახლში ბუღი იდგა და მაინც არავის მოაფიქრდა ფანჯრების მიხურვა.ირგვლივ მრავლად ეყარა წიგნები,ფურცლები და ათასი რამ.თავზე ხელები შემოიჭდო,უკვე ფიქრის თავიც არ ჰქონდა.
                  გვერდითა ოთახიდან ხმაური გაისმა.სიბილი წამოხტა და ფრთხილად მიუახლოვდა თეთრად შეღებილ კარს.ოთახში კირის სუნი იდგა და კიდევ სისხლის.რკინის საწოლზე თეთრ ზეწარში გახვეულ სხეულს გახედა.თითქოს მზად იყო რაღაც საშინელებისთვის,მუხლებიც კი აუკანკალდა.ზეწარი შეირხა.
                საყვარელი სახე,ახლა უფრო გატანჯული იერით.ოდნავ გარუჯული ლოყები და გრძელი შავი წამწამები საყვარელ თვალებს და კიდევ უფრო საყვარელ მზერას რომ მალავდნენ ახლა.ტუჩები სიცხისგან დახეთქოდა და შიგადაშიგ ენით ისველებდა.თუმცა ბოლო ორ ღამესთან შედარებით მშვიდად ეძინა.მთელი სხეულით სუნთქავდა,ძლიერად.
            სიბილი დაიხარა,ტუჩებზე ოდნავ შეეხო,მერე თითები ნელნელა დასრიალდნენ ნიკაპიდან ყელის ჩაყოლებით მკერდამდე და თან წაიღეს თხელი თეთრი ზეწარი.თითები ნელნელა მისრიალებდნენ,სიბილის თვალები კი არ შორდებოდა მძინარე სახეს.ბოლოს ხელთან სისველე იგრძნო,თითებმა ჭრილობას მოძებნეს.მარცხენა ფეხზე ვიღაც გარეწარს ინგლისური "L" ასო გამოეყვანა.სახვევის გამოცვლის დრო იყო.ისევ დაიხარა დაჭრილისკენ და ყურთან აკოცა მერე ტუჩის კუთხეში.
          თვალები უცებ მიაშტერდნენ.ავადმყოფი წამოიწია.
            -მე ვარ,სახვევი უნდა გამოვცვალო,დროა!-მხრებზე ოდნავ უბიძგა და დააწვინა.
              რამდენიმე დღეა უვლის,მას შემდეგ რაც აქ დატრიალდა.დაღლილია,სამი ღამეა თვალი არ მოუხუჭავს.ექიმმა დაამშვიდა-ჭრილობა კარგად ხორცდება და ცოტა ხანში ისეირნებთ კიდეცო.აქამდე ეგონა ვერ გადაიტანდა.პირველ ღამეს კინაღამ ხელში ჩააკვდა.დაჭრილი სიცხისგან იწვოდა,ბლანტი სისხლი ნელა გადმოდიოდა ღია ჭრილობიდან,შიგადაშიგ გონებას კარგავდა.
                  სიბილმა თავი გააქნია.აბეზარი ფიქრები მოიშორა.სახვევი გამოუცვალა,აჭამა საკუთარი ხელით და მერე,როგორც ბოლო სამი ღამე,გვერდით მიუწვა.ხმას არც ერთი იღებდა,სიბილს არ იცოდა რა უნდა ეთქვა.იმას სათქმელი არ ჰქონდა.ბოლოს სიჩუმე ისევ დაჭრილმა დაარღვია:
            -მაპატიე..-ცხოვრებაში პირველად აღიარა,რომ დააშავა.
            სიბილს ხმა არ გაუცია.კიდევ კარგი,რომ მისგან ზურგშექცევით იწვა.გოგო ჩუმად ტიროდა.
            ღამე დაიღალა,როგორც ყველა ამ სახლში.ბიჭის უხასიათობა,მისი დაკარგვები,სიმთვრალე და კიდევ უზომო შეზღუდვები ყელში ამოუვიდა სიბილს-თავისუფლება ნაჩვევს ეხამუშებოდა გალია,რომელშიც ჩასვეს და კიდევ ეს უპატივცემულო მოპყრობა.არადა თავის ფეხით გაება მახეში და ახლა კი იძულებული იყო აეტანა.
            ბიჭი აგრძნობინებდა,რომ მისი იყო მხოლოდ,აგრძნობინებდა,რომ ძველი დრო დამთავრდა და ახლა უკვე მას ეკუთვნოდა თავიდან ბოლომდე და როგორც ის გადაწყვეტდა ისეც იქნებოდა.გოგო კი ამ დროს იმ თავისუფლებანაჩვევ ცხენს ჰგავდა ახლახანს რომ დაადგეს უნაგირი და მთელი ძალით დაქრის,ცდილობს,დედამიწა გადაატრიალოს,ოღონდ არ დანებდეს.ორივემ იცოდა,რომ მათი ურთიერთობა ომს უფრო ჰგავდა ვიდრე სიყვარულს.მაგრამ ხანდახან ადამიანებს სჭირდებათ კიდეც ასეთი ურთიერთობები.
                  სიბილი უცნაური გოგო იყო,სიყვარული შეეძლო ოღონდ თავისებურად,ერთგულებაც თავისებური იცოდა.თუ უღალატებდნენ,ღალატითვე უხდიდა სამაგიეროს.
                  სიბილი მოატყუეს,თან რატომღაც ისე,თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო.ერთღამიან გოგოსთან გართობის გამო მოატყუეს.
              -ჩემი გოგო ახლა სახლში წავა..-გაიღიმა ბიჭმა.
              -არ მინდა წასვლა,ჯერ ძალიან ადრეა..-გააპროტესტა სიბილმა.
              -მე გადავწყვეტ,სახლში როდის წახვიდე,კარგი?
                  სიბილს თავმოყვარეობა შეელახა და წავიდა.
                პატიებას არ იმსახურებდა ბიჭი.ხოდა შუაღამისას სახლში დაბრუნებულს,საწოლის მის მხარეს სხვა დახვდა...
        ..................................................................................

                სიბილი გრძნობს,რომ ბიჭს ჭრილობა აწუხებს და მთელი ღამე შუბლზე თავის გრილ ხელს ადებს.დილით კი სანამ ბიჭს ისევ ძინავს,საუზმეს ამზადებს და ყველაფერი თავიდან იწყება.
                    სამი დღის მერე სიბილი სეირნობს ბიჭთან ერთად,რომელსაც მარცხენა ფეხზე "L" აქვს ამოტვიფრული,ისე თითქოს სულაც არაფერი მომხდარა...ეჭვის საფუძველი აღარ აქვს სიბილს...ქვიშის საათიც დიდი ხანია არავის ახსოვს..ცხოვრება ოდნავ შეცვლილი ტემპით მიდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები