ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია.გელაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2011


სექტემბრამდე

თითქოს ვამსხვრევდი სულში გრიგალებს,
მირაჟები კი თხზავდნენ ოცნებებს...
არ ასვენებდა სინესტე თვალებს,
როგორც ეჭვები–ქუჩის მლოცველებს.

შენ იყავ ერთი და სხვა ათასი
ჩამჩურჩულებდა შენს წმინდა სახელს.
მეჭირა თასი, გრზნობებით სავსე
და ვერ ვებრძოდი ვით ჩიტი მახეს.

მიუყვებოდი ბილიკებს ნელა,
ვით როიალის მომცრო კლავიშებს,
მერე კი დიდხანს თან მდევდა ღელვა
და ვუყვებოდი განცდილს ბალიშებს.

შენ იყავ დიდი, გუმბათზე დიდი,
იმაზე დიდი, ვიდრე ვხედავდი,
მაგრამ ყოველი იწვოდა ხიდი
და შენთან მოსვლას ვეღარ ვბედავდი.

მოსწყურდა სხეულს შენი ხელები
და ფართო მხრების ურჩი თარეში,
ვნება, ცივ მზერის შემოფეთების
და ნებივრობა ვეფხურ მკლავებში.

და ამძიმებდა ღამის სიჩუმე
გონებას, შენზე ფიქრებით ავსილს,
როგორც მზის სხივი მარტში ყინულებს,
ქარი ამსხვრევდა შენს მიმქრალ აჩრდილს.

ვიცი, მეც ბევრჯერ შევცოდე უფალს,
როს სიყვარულით ღმერთს შეგადარე
და ახლაც ვცოდავ, როცა შენს სურათს
წმინდა ხატივით თან დავატარებ.

მაგრამ ასეა, ყველგან, ყოველთვის!
ასე დამჭკნარა ათასი გული
და როგორც ღვინო  მოღლილ ნოველისტს
ვეღარ არჩენდა წყლულს გაზაფხული.

მე კი სექტემბრის იმედად ვრჩები,
(აღარ მოქმედებს ჩემზე მაისი)
რომ შემიხვიოს ნატკენი ფრთები
და გამინათოს შენით დაისი.

რომ იმ დაისზე მაინც გიამბო,
როგორ აღვმართე ვნების გოდოლი
და იმ გოდოლში ჩაქსოვილ ამბორს
აცამტვერებდა ცრემლი–ობოლი.

და შემოდგომის პირველ დღესავით
გაფითრებული და თანაც ურჩი,
მოგიახლოვდე და საპასუხოდ
მივიღო მზერა–ცივი და ლურჯი....

და მერე მთვრალი თუნდ მაგ სიცივით,
ანდა ქცეული წვიმად და ქარად,
ჩაგჭიდო მკლავი მწარე ღიმილით,
რომ მოგიპოვო ერთხელ და მარად!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები