ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალია5
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2011


პაუ



იმხელა სახლი მაქვს, ცარიელ ოთახებში ვმორიგეობ,
ვერაფერი ვუშველე ჭაღზე დაკიდებულ აბლაბუდებს.
უბრალოდ ვერ ვწვდები...
პატარა მაგიდას ჯადვარის თაიგული ალამაზებს,
ქორწილის ღამესავით დავიწყებული და მიგდებული.
ყველა დღე ერთნაირი, სიტყვები მიკიბულ-მოკიბული,
ქუჩები უამრავი, გზა ერთი - ჩვენამდე ვერმოსული..
ცხოვრება ხორცია- სისინა გველების მიერ დაკბენილი,
შენ ამბობ: ახლოა დასასრული.
და გჯერა სასუფევლის არსებობა
და გჯერა შრეებია გასავლელი,
და ზოგჯერ იმნაირად ასავსავებ
ხელებს, რომ ვერ გიყურებ,
მეშინია...
იშვიათად ვინმეს დაუყვავო,
ხორშაკმა ქარმა ჩაიბუდა ქორისთვალებში.
როცა ბაღს ყვავები დაჩხავიან
"შენს პირს შაქარიო"- ამბობ და
გულისჩხვლეტას შეტყუპებული თითებით ეფერები...
ბოლოსდაბოლოს ადამიანი უკანასკნელი ეფემერიდია,
თავისი პაწაწინა ადგილის ძებნით დაღლილი...
ხელში სიცოცხლის ძაფებით მოქსოვილი ჩანთა უჭირავს
და წლებს ანკესზე გამოსაბმელ მატლებივით აგროვებს.
ზუსტად იცის ოქროს  თევზს ვერ დაიჭერს,
ვერც დუშაშს გააგორებს ზედიზედ...
და თავადვე რწმუნდება უხილავის მარადიულობაში.
ჩემი ცარიელი სახლი მაგონდება,
ცარიელ ოთახებში ვმორიგეობ...დავიპარები...
იცი რა მომაბეზრებელია ასე ცხოვრება?
პაუ !   




პ.ს. "პაუ" -  კანაკური გამოთქმაა, "მეყოფას" ნიშნავს.                                                                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები