ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2011


ძმას - ილტოსპირელს

ჩემი  ტრიპტიხის  კაფია-კომენტარის  პასუხად


ეამა  ილტოს  კაფია
იმოს  გულს  -  სნეულ-ბებერსა!..
სხვა  უფრო  რა  ეამვოდა
ანკი  ძმისგან  -  ძმას  ჩემფერსა?!
დამჩაგრა  სენმა  ამდენმა,
მაკადრებს  უკადრებელსა,
ხან  ფერხთა  წამგვრის,  ხანაც  ღვიძლს
მიმსგავსებს  აბედს  ბერ-ბერსა...

თუმც  ადრიდანვე  სიკვდილი
გადავიფიქრე  ბეჯითად!
მწამს  კვლავაც  მივეფერები
მზეს  შემციცინე  ჯეჯილსა!
ერთად  ვიხილავთ  მამულის
ბედნიერების  მეჯლისსაც!
როგორც  რომ  ეს  მწამს  -  ეგრემცა
მადლი  მწყალობდეს  მე  ჯვრისა!!!

მაგრამ  რც  უმთავრესია  -
მადლს  არ  დავშორდეთ  გამჩენის!
ლექსიც,  ძმობაც  და  ოცნებაც
ერთად  გვაქვს  გადასარჩენი!
რაც  მთავარია  -  სამშობლო!
( რომ  ვჭვრეტ  უფსკრულზე  გარჩენილს!..)
ჟამი  მოვალის  -
მამულში
იზევებს  ღვთის  განაჩენი!

* * * * * * * * *

სხვაც  ბევრი  რამ  მაქვს,  ძმობილო,
მე  შენთან  სათქმელ-საბჭონი!
-  არ  მამწონს  ესე  ურაკი -
არც  დოა,  არცა  მაწონი!
კარგნი  დამირჩით  ცოტანი,
ბევრზე  ბევრ  -  არმოსაწონი...
არც  ვინმე  განმკითხავი  ჩანს,
და  არც  ავკარგის  ამწონი.
მიტომ  ადრევე  გამიტყდა
გული,  დღეს  დგმური  საწოლის...

მე  მოკლედ  გეტყვი,  რას  ვფიქრობ
ამის  მიზეზად  ჩემთავად,
შენ  შენი  მითხარ,  იქნება
ორთავეს  რამე  გვეთავა...

დრო  იყო,  ასე  თუ  ისე
არ  გვქონდა  ბანძი  პორტალი,
თავთავის  ალაგას  იყო
ვერტიკალ-ჰორიზონტალი...
მაგრამ  თანდათან  გულშიგან
შემომეპარნენ  შფოთვანი...
-  წყარო  აიმღვრა  და  კოკაც
დაიმსხვრა,  წყლისა  მომტანი...
ჯგროებად  მოჟრიამულდნენ
უგვანპობათა  მხოტბავნი.

სხვა  რა  ვთქვა,  თავად  მიხვდები,
ეს  სიო  სითაც  უბერავს...
თან  მიაქ  ოქრო  რჩეული,
მოაქ  ნეხვი  და  დურბელა...
არც  შინ  გვაკლია, არც  გარეთ
მოშურნე  -  სისხლის  მწრუპველად...
ფრთაგანგმირულსა  არწივსა
მღამიობთ  ხროვამ  უყელა...

მე  ვიცი,  ამ  ყოველივეს
სხვა  ნეხვში  უდგას  ფესვები,
მავანთ  სურთ,  ჩვენი  მწერლობაც
შერყვნან  უგვანი  ტექსტებით.

მომრავლდნენ  ძუკნიშვილები,
სკოლაც  გვალპება  კეფაზე...
გაიჯეჯილეს  ვირთხებმა
ჩვენს  საბძელებში  ნებაზე!..

ამასა  ვჩივი,  ძმისდარო
ძმაო,  მოლექსედ  ნაკურთხო...
ამან  გამტეხა  ჯანშიდაც,
ამან  მიმწარა  საწუთრო...

განათუ  მარტო  მამულებს
გვართმევენ  ურცხვად,  თვალდათვალ? -
ადრე  თუ  ერთი  გვტორავდა,
ახლა  იძალა  ცხრა  დათვმა...

მონათა  სყიდვის  უარესს
ვუცქერ  მამულით  ჩარჩობას!..
ჩემი  ერისა  და  ბერის
უმწეობაში  ჩახრჩობას!..
უსამართლობის  პარადებს,
სულნამცეცათა  დამცრობას...
ჩაშვებას, ღალატს,  დასმენას,
გადევგმირებულ  ლაჩრობას!..

ცხრათვენახევარს  ვიხსენებ
ჩემს  გვემას  ჩემსავ  წიაღში...
ოთკედელშუა  ჩაკეტვას
პირუტყვულ  დეპრესიაში...

მაგრამ  თანდათან  ეს  გულიც
ზემოისწრაფვის  ხაროდან...
და  ისევ  სურს  უხაროდეს
სიცოცხლე,  ვით  უხაროდა!..

და  მეც  დღითიდღე  სულ  სხვაგვარ
წინათგრძნობებით  მამხნევებს...
მპირდება,  ნაგვემ  სულზეც  რომ
მალე  შევიხსნი  სახვევებს...
მალე  გავალთო  ამ  ხრამებს,
ამ  კლდე-ღრეს,  ავმოსახვევებს
და  დიდ  მინდორზე  მივხედავთ
საუფლო  სათეს-სახნავებს!..

და  ყველას  ღირსად  მიეზღვის,
დედულს  მოჰხედავს  მესია -
ისე  დაიფრენს  ბოროტსა,
როგორც  კეთილის  წესია!!!

30. 10. 2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები