ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2011


რელსებზე



ფრთხილად ჩამოდგა რელსებზე.
ფერმკრთალ სახეს
გახუნებული მწვანე ადევს .
ცად აპყრობილ მოჩვენებებს,
ყინვაგაუმტარ  მინებს,
ფოთლებით გამოკვებილ მიწას,
შენი მერყევი გონება უდგას სათავეში და
ფიქრებს აშორიშორებს ერთმანეთისგან.
ისე გაიშალა სიჩუმე სივრცეში,
როგორც უთქმელი გრძნობა დედაშვილის
დაბადებისასთანავე.
სიცივისგან მოყინულ ასფალტს
ნელ-ნელა ალღობს ფეხსაცმლის ლანჩი.
ცივია ჰაერი და  სქელი,
ძლივს გადადის სასუნთქ მილში.
ცოტაც და...
დახეთქავს ფილტვებს.
გაყინავს სისხლს.
რეზინის მილივით დრეკად ძარღვებს
მინის აკუსტიკას ჩაუდგამს,
სისხლის მიმოქცევის ხმამ არ დაგაყრუოს,
გონება არ დაახშოს,
შიში ობობას ქსელივით იკიდებს ფეხს  სხეულში.
უნერწყვოდ გამხმარ ენას ძლივს აბრუნებ პირში და
ტუჩებზე გამდნარ ფიფქს ილოკავ.
უგემურია.

გაიყინა ერთმანეთზე დაშენებული სართულები,
დასკდა ორთქლისგან მოჩვენებითი ფანჯრები,
რომელიც გაცალკევებს  არსებულს და ფანტაზიას შორის.
ისე დაეკიდა საქართველოს  გამხმარი ვაზი,
აღარ იწურება.
ქიშმიშის მარცვლებად დაკუმპლული
ერთ  მუჭში იყრის თავს და ხმიადივით ტყდება
შენი სიმტკიცე.

გაჩერება...
ისევ დგახარ ქარბუქის წინ და
ვერ ბედავ იმგზავრო საქართველოსგან
ზურგშექცევით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები