| ავტორი: ნებიერა ჟანრი: პროზა 20 ნოემბერი, 2011 |
დრო ტაატით მიიზლაზნება დრო. დრო, რომელსაც უკან ვერაფრით დააბრუნებ... ათასგზის დაატრიალებ თვალწინ ქარბორბალასავით მშვენიერ წამებს, სულს აიფორიაქებ, მაგრამ ყველაფერს ულმობელი დღევანდელობა წაშლის, თვალს გაუსწორებ მწარე რეალობას და ამოიოხრებ. ეჰ... არის კი დრო ყველა ჭრილობის მკურნალი? დაჭრილი სულის წამალი? ვინ იცის... შორეთიდან ლანდს ჰკიდებ თვალს, რა შორეული და იმავდროულად რა ახლობელია ეს ლანდი... იქნებ, შენი ნახევარია იგი, ღმერთებმა ნახევრად მოსიარულეს შენივე მეორე ნახევრის ძებნა რომ გარგუნეს წილად? იქნებ, ის ვარსკვლავია, არასოდეს რომ ქრება, არც დღით და არც ღამით, არც ძილსა და არც ღვიძილში, შენი სულის მანათობლად მოვლენილი? იქნებ... ვინ იცის... დროს თავისი კანონები აქვს და ვერაფერს შეცვლი, შესაძლოა ბევრჯერ გულიდანაც ამოთქვა – შეჩერდი, წამო! დამატკბე შენი მშვენიერებით... მაგრამ რა... დროს ყველაფერი თან მიაქვს და მხოლოდ მოგონებებსღა ტოვებს იმედად, დარდისა და ნაღველის გასაქარვებლად... მინავლებული ცეცხლის გაჩაღებაც შესძლებია ამ სასტიკ მბრძანებელს, მაგრამ რისთვის? კვლავ ახალი სულიერი ტანჯვისა და წამებისათვის? მან ხომ თავისი ისევ უკანვე უნდა წაიღოს, მას ხომ ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია... ხან კი უკანმოუხედავად მიჰქრის იგი და არაფრის გაგონება არ სურს, არც ის სურს მის შემდეგ რაიმე დატოვოს ამქვეყნად სახსოვარი, გულსატკენი თუ ტკბილად მოსაგონარი... მხოლოდ სიცარიელე, უაზროდ გარბენილი დროის დახსომების არანაირი სურვილი... არაფერი რჩება და არც არაფერი გაღელვებს... იქნებ ასე სჯობს? იქნებ დაღლილ სულს აღარაფრის მოგონება აღარ სურს... არა... არა! იმ მშვენიერ წუთებს, იმ ლამაზ მოგონებებს, იმ ცრემლიან თვალებსა და წვიმიან ღამეში ხეტიალს, არაფერი რომ შეედრება, სათუთად მოქცევა, შენახვა და სადღაც სულის სიღრმეში ჩამალვა სჭირდება, ერთ მშვენიერ დღეს თვალი რომ დახუჭო და იქ დაბრუნდე, ისევ გდიოდეს მტანჯველი ცრემლი და ისევ ისე გტკიოდეს გული... მადლობელი ვარ შენი, შენს კანონებს რომ დამამორჩილე, მადლობელი ვარ, არაფერს რომ მავიწყებ... მადლობელი…ვარ, უკან დაბრუნება რომ მასწავლე, მადლობელი ვარ, წინ გახედვის ნიჭი რომ მომეცი... მადლობელი ვარ, იმ ლამაზი ოცნებების ახდენის იმედის სხივის ანთებისათვის, ვარდისფერი სათვალეების მიღმა რომ გამჩენია... და მადლობელი ვარ, რომ არ ჩერდები, რომ მატკბობ იმ ტკბილ-მწარე ბალღამით, რასაც სიცოცხლე ჰქვია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სუფთა ადამიანი! შენ მეგობრად მიგულე! სუფთა ადამიანი! შენ მეგობრად მიგულე!
2. მადლობელი ვარ, იმ ლამაზი ოცნებების ახდენის იმედის სხივის ანთებისათვის, ვარდისფერი სათვალეების მიღმა რომ გამჩენია...
გიერთდები:) მადლობელი ვარ, იმ ლამაზი ოცნებების ახდენის იმედის სხივის ანთებისათვის, ვარდისფერი სათვალეების მიღმა რომ გამჩენია...
გიერთდები:)
1. საინტერესო იყო... როგორც წესი ყველა ემდურის დროს...აქ პირიქით ...:) საინტერესო იყო... როგორც წესი ყველა ემდურის დროს...აქ პირიქით ...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|