| ავტორი: შაორელი ჟანრი: პოეზია 15 იანვარი, 2012 |
სულ ცოტაც და ასტკივდება მარტს მუცელი, და იშვება სილამაზე არნახული. სულ ცოტაც და დაასკდება ხეს კვირტები, სულ ცოტაც და ავივსებით სასწაულით, სულ ცოტაც და წინაპარათა ნატერფალზე ამოფეთქავს ია-ია, ფურისულა. სულ ცოტაც და აიმღვრევა წყაროს თვალი, მთის ნაჟური გადმოსკდება ნაკადულად. სულ ცოტაც და შეასკდება ცას ტოროლა და ლილეოს მიუმღერებს მზეს ხატულას. სულ ცოტაც და აყვიდება ხარ-ირემი, აყვირდება გულის სწორის გასაგონად. სულ ცოტაც და მზე მოიგლეჯს შავ-ბნელ ლეჩაქს და სიცოცხლის სადიდებლად აგვამღერებს. სულ ცოტაც და გლოვას შეწყვეტს შავი შაშვი და შავტუხა ყელს სამღერლად მოიღერებს. სულ ცოტაც და აგვემღვრევა სისხლი ძარღვში და შავლეგოს დავაქუხებთ კვლავ ქართულად. სულ ცოტაც და დაიმსხვრევა სიძულვილი, მონატრება დაგვაბრუნებს ცისფერ ზღვასთან. სულ ცოტაც და ერთი მიწის ძმათა შვილებს სიყვარული შეგვარიგებს ოს-აფხაზთან, სულ ცოტაც და გაიხსნება ზეცის კარი და წყალობას გიწყალობებს მწყალობელი. სულ ცოტაც და ქვეყანაზე არ დარჩება მოღალატე, ეშმაკი და მწვალებელი. სულ ცოტაც და გაანათებს ყველა ტაძარს დიდი რწმენის ჩაუქრობი კელაპტარი, სულ ცოტაც და გაბრწყინდება იბერია, იბერია გაბრწყინდება – საფიცარი! 01.03.2008
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ღმერთმა გისმინოს მეგობარო. ღმერთმა გისმინოს მეგობარო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|