ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთაიუნი
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2012


დაბრუნება

მთელი დღე პაემანისთვის ვემზადებოდი. დილის ათ საათზე უკვე სალონში გახლდით.
_ ჩვეულებრივ? _ მკითხა სტილისტმა. ვერ გამერკვია, როგორი ვარცხნილობა მსურდა. ვიცოდი მხოლოდ, რომ მინდოდა სულ სხვაგვარი, განსაკუთრებული...
_ არა, ჩვეულებრივი არა, რამე ისეთი, მეტად რომ მომიხდება, _ ვუთხარი.
ის ჩაფიქრდა, დაკვირვებით შემომხედა და მკითხა:
_ მაინც როგორი?
_ არ ვიცი, თქვენ შემირჩიეთ, _ ვუთხარი და მუდარის თვალით შევხედე.
ვერ გეტყვით, რომ კმაყოფილი დავრჩი _ საკუთარ თავს არ ვგავდი.
თორმეტზე სახლში დავბრუნდი, ექვსამდე კიდევ დიდი დრო იყო. ამ ხნის განმავლობაში მაკიაჟი რამდენჯერმე გავიკეთე და ჩამოვიბანე. ჩემს გარეგნობაში რაღაც არ მომწონდა. ასეთი კრიტიკული საკუთარი თავისადმი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. საყვარელი პომადის ფერიც კი აღარ იყო მისაღები, მომეჩვენა, რომ ამ ვარცხნილობაზე არ მიხდებოდა. პარფიუმერია მთლიანად გადავქექე, რაღაც ძველი მივიწყებული პომადა აღმოვაჩინე, ვსინჯე, უფრო მომეწონა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე თვალებს_ მეტისმეტად სევდიანი მეჩვენა, არადა, როგორ არ მინდოდა, რომ მათში სევდა შეემჩნიათ. პირიქით, გადაწყვეტილი მქონდა, კმაყოფილისა და მხიარულის როლი მეთამაშა. რანაირი კონტური არ გავუკეთე, როგორ არ შევიღებე, მაგრამ ის გამომეტყველება მაინც ვერ მივეცი, რომელიც მსურდა.
ჩემი მწირი გარდერობიდან კაბები რამდენჯერმე მოვიზომე, ჩავიცვი, გავიხადე. ბოლოს ვარდისფერით დაფოთლილზე შევჩერდი. არა იმიტომ, რომ მომწონდა, არამედ ერთი თვის წინ, როცა პირველად ჩავიცვი გამყიდველმა ქალმა მითხრა, გიხდება, მხიარულს გაჩენსო.
როგორც იყო, ექვსიც მოახლოვდა. არ მინდოდა ადრე მივსულიყავი, დრო კი ძალიან იწელებოდა. სადარბაზოდან რომ გამოვედი, ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლი ყანყალებდა. ,,ბედი არ გინდა? რაღა ახლა...~ _ გავივლე გულში. დაბრუნება არ მსურდა, ცუდის ნიშნად მიმაჩნდა. ეზოში სკამზე ჩამოვჯექი, ფეხსაცმელი გავიხადე, დიდხანს ვსინჯე. ქუსლი მტკიცედ იყო. ჩავიცვი, რამდენიმე მეტრი გავიარე და კვლავ მომეჩვენა, რომ ქუსლი ძვრებოდა. გამახსენდა მეზობელ ეზოში სახარაზო, საათზე დავიხედე და იქით გავწიე.
ხარაზმა ფეხსაცმელი გულდასმით გასინჯა და მითხრა:
_ რას ემდური, ქალბატონო? მყარად აქვს.
დავმშვიდდი, ჩავიცვი, თამამი ნაბიჯით წავედი, მაგრამ შეგრძნება, რომ ქუსლი ყანყალებდა, ვერ მოვიშორე.
ტაქსი გავაჩერე, ჩავჯექი და ფიქრს მივეცი თავი:
თორმეტი წელი იყო, რაც არ მენახა. ორი კურსი ვისწავლეთ ერთად, შემდეგ მოსკოვში განაგრძო სწავლა. საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან გახლდათ, საუკეთესოდ იცვამდა, ახალი მანქანა ჰყავდა და მუდამ ძვირფას სიგარეტს ეწეოდა. შესანიშნავი აღნაგობის იყო, ოდნავ წინ წამოწეული ტუჩები და მოშვილდული წარბები ჰქონდა, თვალები მუდამ ეშმაკურად უციმციმებდა.  თუ არ ჩავთვლიდით კეხიან ცხვირს, უზადო სახე ჰქონდა. მიხვრა-მოხვრითა და საუბრის მანერით საკუთარ უპირატესობას ყოველთვის ხაზს უსვამდა. მერეღა აღმოვაჩინე, დამცინავი და ამპარტავანი რომ იყო, მაგრამ უკვე გვიანი გახლდათ.
ბევრს არ სჯერა ერთი ნახვით შეყვარებისა, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი დავინახე, იმავე წუთს მისდამი ლტოლვა გამიჩნდა. აქტიური გოგო არ ვიყავი, პირიქით, ზედმეტად მორიდებულიც კი გახლდით, მაგრამ იმდენად ძლიერი გრძნობა დაუფლებოდა მთელ ჩემს სხეულს, რომ დამალვა გამიჭირდა. მთელი ჩემი არსიდან მისდამი ლტოლვა იფრქვეოდა და მასაც არ გამოპარვია.
ერთ დღეს, როდესაც დერეფანში ჯგუფელ გოგონებთან საუბარში ვიყავი გართული, შეუმჩნევლად მომიახლოვდა, ნიკაპზე არც ისე ნაზად წამავლო ხელი, თავისკენ მიმაბრუნა,  თვალებში ჩამხედა და ხმამაღლა, ისე რომ სხვებსაც გაეგოთ, მითხრა:
_ შემიძლია დავიფიცო, რომ გიყვარვარ.
გავშრი. დავიბენი, თვალები მოვარიდე და კედელს ავეკარი. არ ვიცი, გარშემომყოფებმა შენიშნეს თუ არა, მთელი ტანით ვცახცახებდი და როცა თავის მაღლა აწევა შევძელი, დავინახე, რომ ის ღიმილით მიცქეროდა. უკვე კაი ხნის შემდეგ, როცა ვიხსენებდი, მივხვდი, რომ ეს იყო ტიპიური დამცინავი ჟესტი, მაგრამ მაშინ მისი ტუჩების მარცხნივ გამონასკვული ღიმილი სიყვარულის ნიშნად მივიღე და რამდენიმე დღე ბედნიერებით გაბრუებული დავდიოდი.
რა გასაკვირია, ჩემს მდგომარეობაში ჩავარდნილი გამოუცდელი გოგო თუ მალე მის საწოლში აღმოჩნდებოდა. ,,საწოლს~ პირობითად ვამბობ, თორემ დღესაც მახსოვს იმ ბალახის სუნი...
არ იფიქროთ, რომ ამ ამბის გახსენება ჩემში ცუდ შეგრძნებებს იწვევდეს. ალბათ, ადამიანებს ფაქტები უფრო ადრე ავიწყდებათ, ვიდრე ემოცია. ჩემი მეხსიერებიდან ამოიშალა დეტალები, მაგრამ ის გრძნობა წარუშლელად დარჩა: მაშინ უსაზღვროდ ბედნიერი გახლდით.
ის იმ ადამიანების ტიპს ეკუთვნოდა, რომლებიც სხვათაგან მოითხოვენ და იღებენ კიდეც, მაგრამ თვითონ არ გასცემენ და მეც მისი სურვილების მონად ვიქეცი.
ძალიან სიამოვნებდა გოგონებში თავისი ჩემდამი დამოკიდებულების აფიშირება, რომელსაც აგდებული ჟესტით გამოხატავდა, ნიშნად იმისა, რომ მე მისთვის დიდ რამეს არ წარმოვადგენდი და რომ ის თავისუფალი ბიჭი იყო. მისგან ეს არ მწყინდა. ის მე ასეთი მივიღე, მაგრამ მაცოფებდა გოგონების ჩემი მისამართით ჩაქირქილება, ვერც სიტყვით და ვერც ქმედებით რომ ვერ ვუხდიდი სამაგიეროს.
აი, ზოგადი სახე იმ ადამიანისა, რომელთანაც დღეს პაემანზე მივდიოდი. ის თორმეტი წლის წინ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან... წავიდა და ტელეფონის ერთი ზარი დაენანა...
ძნელი იყო შევგუებოდი იმ აზრს, რომ მისთვის არაფერს ვნიშნავდი, მაგრამ დროს ყველაფერი შეუძლია, ყველას თავ-თავის ადგილს მიუჩენს. გამიჭირდა, მაგრამ მალე შევეგუე რეალობას, ხოლო შემდეგ მისი ხსოვნა დავიწყების ყუთში ჩავდე, საგულდაგულოდ ჩავკეტე და გონების უკიდურეს ჯურღმულში მოვისროლე. მისმა გუშინდელმა ტელეფონის ზარმა კი ჩემში ყველაფერი არია, მიძინებული გააღვიძა და სულის სირღმეებიდან მაღლა წამოწია.
ამ თორმეტი წლის განმავლობაში ორი ბინა და ორი ტელეფონი გამოვიცვალე. ალბათ, ვინმე საერთო ნაცნობისგან შეიტყო ჩემი ნომერი.
ტაქსისტს გაჩერება ვთხოვე და სანამ კარს გავაღებდი, შეხვედრის ადგილი შევათვალიერე. მიუხედავად იმისა, რომ საათი დათქმულ დროზე ხუთი წუთით მეტს აჩვენებდა, ის არსად ჩანდა. მეწყინა, ტაქსი კიდევ ორმოცდაათიოდე მეტრით წინ გავატარე და მერეღა ჩამოვედი. მინდოდა პაემნის ადგილიდან შორიახლოს ვყოფილიყავი და შორიდანვე დამენახა. იქნებ შეხვედრამდე  ამომეცნო მისი ემოცია, მისი განცდა, მისი განზრახვა. ტროტუარისა და გზის გამყოფ მოაჯირს მივეყრდენი და დათქმულ ადგილს გაფაციცებით დავუწყე დაზვერვა. მალე გამოჩნდა და ჯიხურის კუთხეში აიტუზა. მის შესახვედრად არ წავსულვარ. გულმა ბაგაბუგი დამიწყო, სუნთქვა გამიხშირდა... ,,ჯობს, ჯერ თავი მოვთოკო~, _ გავიფიქრე და შინაგან ძალებს მოვუხმე. არ მინდოდა აღელვებული ვენახე. პირიქით, მსურდა მტკიცე და მხიარული სახე მქონოდა. სურვილი ერთია _ რეალობა კი მეორე...
ვერ გადამეწყვიტა დავლოდებოდი, თუ შესახვედრად წავსულიყავი. ფეხები არ მემორჩილებოდა, ძალა მოვიკრიბე და ნაბიჯი გადავდგი. ორიოდე მეტრით მოვშორდი მოაჯირს, მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლი ისევ აყანყალდა და გავჩერდი.
მან მალევე მომკრა თვალი და ჩემსკენ წამოვიდა. მუქი ყავისფერი, შესამჩნევად დაჭმუჭნული პიჯაკი ეცვა, არც ჯინსი გამოიყურებოდა მაინცადამაინც უკეთესად. შუბლთან ოდნავ შეპარვოდა სიმელოტე.  ვერ გეტყვით, რომ არ უხდებოდა... მარცხენა ტუჩთან ჩვეული ღიმილი გამონასკვოდა. წვერი ოდნავ წამოზრდოდა და მე მზერა მის ფეხებზე გადავიტანე: საგულდაგულოდ გაპრიალებული ფეხსაცმელი ეცვა. ისე ბზინავდა, ჩანდა ოციოდე წუთის წინ გააწმენდინა და როცა კვლავ სახეზე შევხედე, მისმა ღიმილმა მარცხენა ტუჩის კიდიდან მარჯვენაზეც გადაინაცვლა. ეს ღიმილი მე ყოველთვის მაბნევდა.  არ ვიცი, იმ დროს როგორი სახე მქონდა, იმდენად მრავალმხრივი ემოცია მომეძალა, რომ მთლიანად მოვიშალე და ფეხის გადადგმა ვეღარ შევძელი. აღარ მახსოვს, ჩემში რა გრძნობა ტრიალებდა, მახსოვს მხოლოდ ის, რომ ვცდილობდი გამეღიმა.
სამიოდე ნაბიჯზე გაჩერდა და მომესალმა. ხმის ამოღება ვერ შევძელი. თვალებმა მიღალატეს: წამწამებზე ცრემლი ჩამომიცურდა და გუგები ისე დაქაჩა ქვევით, თითქოს ტყვიის ყოფილიყოს. ერთ წამს ასე ვიდექით და როცა შევეცადე ფეხი წინ გადამედგა, ისევ აყანყალდა ქუსლი და ალბათ წავიქცეოდი, ხელი რომ არ შეეშველებინა.
კაფეში შევედით. სიმყუდროვე იყო. ჩაბნელებულ კუთხეში დავსხედით. სინათლე მარცხენა მხრიდან ურტყამდა, ძალიან შეცვლილი მომეჩვენა მისი სახე.
_ თორმეტი წელია არ მინახიხარ. მომიყევი შენზე, _ მთხოვა.
ენად გავიკრიფე. ვყვებოდი მეგობრებზე, შინაურზე და გარეულზე, ვყვებოდი უამრავ აბდაუბდას, რაც იმ დროს თავში მომდიოდა და ოცი წუთის შემდეგღა მივხვდი, რომ საკმარისი იყო. გავჩერდი, ღრმად ამოვისუნთქე და ვკითხე:
_ ახლა შენზე მითხარი რამე... სად იყავი?
მან გაიღიმა და დაიწყო თავისი ამბის თხრობა.
_ ხომ იცი, დედისერთა ბიჭის მდგომარეობა, მანებივრებდნენ. ბავშვობიდან სურვილი მქონდა მათ მზრუნველობას გავქცეოდი და ასეც მოვიქეცი. სასწავლებელი რომ დავამთავრე, ერთხანს მოსკოვში დავრჩი. შემდეგ ციმბირში გადავედი, ხე-ტყის ბიზნესში ვცადე ბედი, ქალაქებს ვიცვლიდი... ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ მშობლების დაკრძალვაზე ჩამოვედი.  ერთი თვის წინ საშინელი ნოსტალგია მომეძალა. გუშინ ჩამოვფრინდი და როცა ტრაპიდან მიწაზე დავდგი ფეხი, მივხვდი, რომ ამ ქვეყანასთან მხოლოდ მშობლების საფლავი მაერთებდა... მშობლების საფლავი და შენ...
მინდოდა, მის სახეზე წამეკითხა მართალს ამბობდა, თუ ძველებურად მეთამაშებოდა. საკმაოდ ბნელოდა იმისთვის, რომ თვალებში ჩამეხედა. ხმა კი გულწრფელი ჰქონდა. არ ცდილობდა, რაიმეში დავერწმუნებინე, რაიმე დაემტკიცებინა. მონოტონურად ლაპარაკობდა, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებაო. ძალიან დაღლილი მეჩვენა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ეს-ესაა სახლიდან გამოაგდესო.
_ წუხანდელი ღამე სასტუმროში გავათენე, _ აგრძელებდა ის, _ ჩემი ბინა ხუთი წლის წინ გაუძარცვავთ. აღარაფერი დამხვდა შიგ. ეს არის და ეს... რა გამომრჩა, მეთქვა? თითქმის არაფერი... ახლა ისევ შენ მოყევი.
მე კვლავ გავაგრძელე ათასი აბდაუბდის მოყოლა. სამსახურის ამბებზე გადავედი, თაყვანისმცემელი ბიჭიც ვახსენე, კვლავ საერთო ნაცნობებზე გადავინაცვლე და მოულოდნელად სიტყვა შემაწყვეტინა:L
_ ამაღამ სტუმარს ელოდები?
დავიბენი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ენა დამება, მივხვდი, რაც სურდა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ დამყოლი გოგონას როლი აღარ მეთამაშა, მაგრამ ძველებურად მის აურაში ვიყავი მოქცეული და თავბრუდახვეული. ჩემში უნდობლობა და სიყვარული ერთმანეთს ებრძოდა და მივხვდი, რომ ეს უკანასკნელი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისთვის არ შემეძლო უარი რამეზე მეთქვა.
_ სტუმარს არ  ველოდები... წავიდეთ, _ ვთქვი და ფეხზე ავდექი.
მანქანაში ერთმანეთის გვერდით უბრად ვისხედით. ის ხმას არ იღებდა, მეც ენა გადამყლაპვოდა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ხომ შემეძლო, ცივად მოვქცეოდი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მეთქვა მისთვის უარი და გული მომეკლა. ვნანობდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ერთხანს დავაპირე მანქანიდან გადმოვსულიყავი, მიმეტოვებინა. ამას კი ძალა უნდოდა... ძალა, რომელიც მის წინაშე არასოდეს მქონია.
არ მეგონა, თუ საქმე ასე შემობრუნდებოდა. საკუთარი თავისაგან სხვას ველოდი. სახლი დაულაგებელი დავტოვე და როგორც კი ზღურბლზე შევდგი ფეხი, უნებლიედ მიყრილ-მოყრილი ნივთების მილაგება და მობოდიშება დავიწყე.
_ ცხელი წყალი თუ გაქვს? _ მკითხა.
მე თავი დავუქნიე.
_ ძალიან ჭუჭყიანი ვარ. წუხელ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ სასტუმროში გაუხდელად ჩამეძინა. _ თქვა, პიჯაკი მომაწოდა და სააბაზანოში შევიდა. პიჯაკს სახელოზე სისხლის პატარა ლაქა შევამჩნიე. ,,უკვე თორმეტი წელი გავიდა... ამ კაცს უკვე აღარ ვიცნობ... რა ვიცი, ვინ არის. საიდან გაჩნდა სისხლის ლაქა მის სამოსელზე? იქნებ მკვლელია?  გიჟი ვარ, გამოუსწორებელი სულელი... რატომ მოვიყვანე სახლში? მონა ვარ, მისი სურვილების მონა!..~ _ ვლანძღავდი საკუთარ თავს და ამ დროს ჩემი ყურადღება ტელევიზორმა მიიპყრო: დიქტორი სამი დღის წინ ძარცვის მიზნით მომხდარ მკვლელობაზე ლაპარაკობდა. ფოტორობოტი აჩვენეს. მისი ასლი იყო, ძალიან ჰგავდა. პიჯაკზე სისხლის ლაქაც გამახსენდა. ,,მკვლელი!~ _ ეს სიტყვა ლამის ხმამაღლა ვიყვირე; _ ,,ნაძირალა, მატყუარა!.. გიჟი ვარ, გიჟი, რატომ მოვიყვანე სახლში, ახლავე უნდა დავრეკო~, _ გავიფიქრე და ტელეფონთან მივედი, ყურმილი ავიღე და შევყოვნდი... წეღან მოგატყუეთ _ამ თორმეტი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე და ყოველ წუთს მასთან გატარებულ დროს ვიხსენებდი, ისე მენატრებოდა... რაც უნდა დამემალა საკუთარი თავისათვის, ახლაც ხომ მეჩქარებოდა მისი სააბაზანოდან გამოსვლა, ხომ მსურდა მკერდზე მივხუტებოდი, გუშინ ხომ სასწაულად მივიჩნიე მისი ზარი...
ყურმილი დავდე და აბაზანის კართან ავიტუზე. ჩემში ორი არსი ერთმანეთს ებრძოდა: ერთი შურისმაძიებელი იყო, ხოლო მეორე _ შეყვარებული. და მე მოვინდომე ამ ორივესთვის ხარკი გადამეხადა. _ ,,პოლიცია არასოდეს მოდის დროზე, დარეკვიდან, სულ ცოტა, ნახევარი საათი მაინც გავა. დაველოდები და აბაზანიდან წყლის ხმა რომ შეწყდება, დავრეკავ... შურს ვიძიებ, ციხეში ჩავსვამ და მოსიყვარულებასაც მოვასწრებ~, _ მტკიცედ ჩამეჭედა ეს აზრი თავში, გულში მზაკვრულად ჩამეცინა და ლამის ხმამაღლა ავკისკისდი.
ამასობაში წყლის ხმაც შეწყდა და მე ტელეფონისაკენ გავიქეცი.
_ ალო, დამნაშავის შესახებ გატყობინებთ... ფოტორობოტი, რომელიც ტელევიზორში აჩვენეს... დიახ, მისი ზუსტი ასლია... იმყოფება ამ მისამართზე...~ _ და ჩემი მისამართი დავასახელე.
ლაპარაკი მოვათავე და ისიც გამოვიდა აბაზანიდან. ყოველთვის მოუთმენელი იყო _ მეგონა, პირდაპირ მკლავებში მომიქცევდა. ის კი ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა. მშვიდი სახე ჰქონდა, ასეთი მშვენიერი არასოდეს მომჩვენებია. შეშინებული ვუცქერდი. წყნარად ლაპარაკობდა და მე მისი ხმა ისე მესმოდა, თითქოს შორიდან მოჰქონდა ნიავს. თავისი ცხოვრების შესახებ ყვებოდა.
_ ...და ამ ხნის განმავლობაში დღე არ გასულა, შენზე არ მეფიქრა. მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს. თურმე ადამიანები უწვალებლად, სინით მორთმეულს არ ვაფასებთ და მიუწვდომელის მოწყვეტას ვცდილობთ. მერე როცა მივწვდებით და მოვწყვეტთ, აღმოჩნდება, რომ არც ისეთი გემრიელია, როგორიც გვეგონა. შენ ჩემთვის სინით მორთმეული სიყვარული იყავი, ამიტომ გაფასებდი ნაკლებად... მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდი, როცა დაგშორდი. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მენატრებოდი.
მის სიტყვებზე ქვითინი ამივარდა და ზარის ხმაც გაისმა.
_ გააღეთ! პოლიციაა! _ სიკვდილის მაუწყებელი ხმასავით ჩამესმა. მე ცხვირსახოცს დავწვდი, ცრემლი შევიწმინდე და კარისკენ გავიქეცი. მეგონა, ის დამედევნებოდა და არ მომცემდა უფლებას კარი გამეღო, ამიტომ თვალაკში არც კი გამიხედავს, ის  გავხსენი კარი და ,,რა გნებავთო~, _ მოვიკატუნე თავი. პოლიციელების მზერა ჩემს უკან იყო მიმართული. მოვტრიალდი და, ჩემდა გასაკვირად, ის კართან აღმოვაჩინე.
შეცბუნებული სახე ჰქონდა. პოლიციელების ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა. პიჯაკი ჩაიცვა, მაკოცა და გაჰყვა.
მე მარტო დავრჩი ჩემს განცდებთან. სწორედ მოვიქეცი თუ არა? აი, ეს შეკითხვა ღრღნიდა ჩემს გონებას და სხვა აზრს გასაქანს არ აძლევდა. ჩემში შურისძიების ანგელოზი ზეიმობდა და სათნოება და სიყვარული ბოლომდე განადგურებულიყო. იმდენად დათრგუნულად  ვგრძნობდი თავს, რომ იმ დროს ეშმაკს თოკი რომ მოეწოდებინა, ალბათ თავს ჩამოვიხრჩობდი.
ადრე დაძინებას ვარ მიჩვეული, ახლა კი საათი თორმეტს გადაცილებოდა და მაინც ვბორგავდი. ოთახებში დავდიოდი, ბოლთას ვცემდი და უცბად, თითქოს, ყურთან თოფი გაისროლესო, კარზე ზარის ხმა გაისმა. მე შევკრთი. კარი გავაღე. ის იყო... მარჯვენა ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა, ტუჩებთან, მარცხნივ, ღიმილი გამონასკვოდა.
_ გაუგებრობა იყო, _ თქვა და არც კი დალოდებია მიპატიჟებას, შემოვიდა. სავარძელზე დაეშვა, გაიღიმა და თქვა:
_ რას გიყვებოდი, სად გავჩერდი? ჰო, არ მახსოვს, სად გავჩერდი, რას ვბოდიალობდი... პირდაპირ გეტყვი, გახდი ჩემი ცოლი, ძალიან გთხოვ... გულწრფელად გთხოვ...
მე გული ყელში მომებჯინა, ცრემლი ნაკადულებად წამსკდა. ვაპირებდი მეთქვა, რომ თანახმა ვარ, მაგრამ ყელიდან მხოლოდ სლუკუნის ხმა ამომივიდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები