ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2012


შენ...

რიდი უეცრად ჟინმა აკაფა,
საცაა სისხლი ყეფით იხუვლებს.
შენ ახლა მინი გაცვია კაბა,
მე კი, სრულიად შიშველს გიყურებ.

რეალურობამ ფიქრში იორა,
თითქოს გეხები, თითქოს დამნებდი.
თუმცა ვიცი, რომ ასე იოლად,
არ ნებდებიან შენისთანები.

აღება შენი კლდისებრ სალია,
ვატყობ, ძალათი ვერ ვარ მომგები.
მომწონს და მიყვარს შენში ძალიან,
ფერად-ფერადი ეშმაკობები.

ხარ იდუმალი და ხარ კრიალა,
სიშიშვლესავით სანდობ-უნდობი.
შენი შემყურე კაცი კი არა,
დაიღვენთება ლოდი უდნობი.

შენ იცი, შენი ფასი და წონა,
შენ იცი, როგორ დამაბა ქორი.
მოგჩერებივარ, ვითარცა მონა,
როგორც დედოფალს- გლადიატორი.

შენით...(არ უნდა ამას მტკიცება),
სიცოცხლე სიკვდილს გადაებოგა.
შენით მთავრდება, შენით იწყება,
ყველა ერა და ყველა ეპოქა.

ყველას ტკბილ-მწარე ტანჯვა შეჰყარა,
ვინც შენი ხიბლის ნახა ფრიალო.
შენ შეგიძლია მთელი ქვეყანა,
შენს გრძელ ფეხებთან დააბზრიალო.

შენ გადაგეგო და დაგენაყა,
დაუთვლელ გულთა წვა და თარეში.
ამოუხსნელი მაინც შენახარ,
სირთულე- დიად სისადავეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები