ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2012


ბორჯომის მთებო!

სიზმარში ჩნდებით, დათოვლილო ბორჯომის მთებო
და ღამეს მითევს თეთრი ფიფქი თვალებწყლიანი,
მახსოვს,ნამქერში,როგორ თრთოდა ნაძვების სუნთქვა,
როგორ მარწევდა შენს კალთაში სიო სიამის;

ახლა წვიმებით გაზაფხული გეწვია ალბათ,
ხავსიან კლდეზე პაწაწინა წყარო ლიკლიკებს,
წიწვის სურნელში იძირება სველი ტყეები,
ნისლი მსუბუქად მიუყვება ცვრიან ბილიკებს;

ვერ გთმობთ ეს გული,ფრთაშესხმული, გაფრენას ლამობს,
მანდ დამრჩენია ყრმობა ტკბილი და ნაფერები,
ო...მერამდენედ მოიტაცეთ თქვენ ჩემი ფიქრი,
ზამთრის თვალებში შემოხვედით ნაზი ფერებით;

სიზმარში მათოვს მოგონება,ბორჯომის მთებო
და სასთუმალთან კვლავ ზვავდება ქათქათა ფიფქი,
ზმანებასავით მონატრება თან გასდევს დღეებს,
თქვენ ისევ მანდ ხართ,შეუცვლელი,წლები კი მიქრის




                                                          2007წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები