ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2012


უსინათლო გოგონას ლოცვა მომაკვდავი დედის გამო

ღმერთო, დამანახე დედაჩემი,
წუთით დამასესხე შენი მზერა.
ლოცვის მარადისი ტყვე დავრჩები,
ოღონდ ამაცილე ბედისწერა.

გზები მოლოდინში დარჩენილან,
დარდი წამწამებზე მიმარხია.
ჩემი ქვეყანაზე გაჩენიდან
დედა ერთხელაც არ მინახია.

ბნელი დღეებისკენ მიმაქვს გული,
სახე გაფითრებით მოვიბურე.
მძიმე სარეცელზე მიჯაჭვული,
ღმერთო, დედაჩემი მომიბრუნე.

მუხლზე დაჩოქილი გეაჯები,
გლოვის უსინათლო დედოფალი.
ღმერთო, არ მომიკლა დედაჩემი,
ღმერთო, მის მაგიერ მე მომკალი.

ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,
თუგინდ მონაზონსაც შევედრები.
ბედმა დედაჩემი სანთლად მომცა
და შენ არ მომიკლა, გევედრები. 

                        1983

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები