ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2012


მეხუთე მცნება

            კოტე ბაბუა კიდევ ერთი მოხუცია,რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარეს შვილებმა.იმ დიდ და ცივ შენობაში,სადაც ბებიები და ბაბუები დერეფნებში მოჩვენებებივით მიდი-მოდიან და მოლოდინი დააქვთ თვალებით,სადაც ჰაერი შარდისა და წამლის სუნისგან იხრჩობა და კედლებს ასკდება.შენობაში,სადაც ბევრი ოთახია და ყველა ოთახში სწორედ ეს მოჩვენებები ცხოვრობენ.ზოგი უპატრონოა,ზოგს ჰყავს პატრონი,როგორც კოტე ბაბუას,რომელმაც მოიცილა ის,როგორც დაძველებული და გამოუსადეგარი ნივთი,მაგრამ ყველა მაინც ელის ვიღაცას,ვინც მოვა და მათ წაიყვანს.არა აქვს მნიშვნელობა ის იქნება ოჯახის წევრი,ახლობელი,ნათესავი,თუ უცნობი,მთავარია,სითბო და სიყვარული გამოიჩინოს მათ მიმართ.ეს არის ის მცირე რამ,რასაც ისინი ითხოვენ,მაგრამ ამის მიცემა იშვიათად თუ ვინმეს შეუძლია.გამონაკლისი და იშვიათი ადამიანები არც კოტე ბაბუას შვილები აღმოჩნდნენ.ყველაფერი კი ნინო ბებიის გარდაცვალებას მოჰყვა.
          ნინო ბებია ყველა ხანდაზმულის სასურველი სიკვდილით გარდაიცვალა.დაიძინა და აღარ გაიღვიძა.პირველად ვნახე ისეთი ნათელით გარემოცული მიცვალებული,როგორიც ის იყო.რაღაც არაამქვეყნიურ სინათლეს გამოსცემდა,თანც გეგონებოდათ,რომ ჯერ კიდევ სძინავს და სადაცაა გაიღვიძებსო.სახეზე თითქოს ღიმილიც კი დასთამაშებდა.მისი თოვლივით თეთრი და ფითქინა თმები,მრგვალი და სათნო სახე ალაგ-ალაგ დაჭორფლილი,მაგრამ უნაოჭო აკვირვებდა ხოლმე მანდილოსნებს. სიცოცხლეში ხშირად ეკითხებოდნენ სახის კანის შენახვის საიდუმლო რეცეპტს.ის კი ღიმილით პასუხობდა,რომ არანაირი საიდუმლო არ ჰქონდა,უბრალოდ ზამთარ-ზაფხულ ცივი წყლით იბანდა სახეს.
            ნინო ბებია როცა დაასაფლავეს,მახსოვს,კოტე ბაბუა საფლავთან დიდ ხანს იჯდა.ყველა წავიდ-წამოვიდა,ის კი იჯდა და ჩურჩულებდა.სასაფლაოზე ნიავი ქროდა და ნაძვების ტოტები ისე ირხეოდა,გეგონებოდათ გაცოცხლებული ნაძვები ნინოს საფლავისკენ მოდიან,რათა კოტე ბაბუას მიუსამძიმრონო.მე ვიდექი მოშორებით და ვაკვირდებოდი.კოტე ბაბუა კვლავ ჩურჩულებდა,მაშინ ვიფიქრე იქნებ ნიავად იქცა ნინო ბებია და ერთმანეთს ესაუბრებიან,ვინ იცის ერთმანეთისთვის კიდევ რა აქვთ სათქმელი-მეთქი.წამოვედი და იმ დღიდან შეიცვალა კოტე ბაბუაც.
            ყოველ დილით ძალიან ადრე იღვიძებდა.იმ დროს,როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ სიზმრების ბურუსშია ჩაძირული და მანქანების მომაბეზრებელი ყვირილი არ ისმის.დგებოდა,იცვამდა საუკეთესო ტანსაცმელს,წმენდდა ფეხსაცმელს,თმას ივარცხნიდა და ისხამდა სუნამოს.გადიოდა სახლიდან და ფეხით მიდიოდა ქალაქის მეორე მხარეს სკვერში,სადაც პირველად შეხვდა ნინოს.ჯდებოდა სკამზე და ელოდა გათენებას,მასთან ერთად ნინოსაც,მაგრამ ის არ მოდიოდა.შემდეგ კოტე ბაბუას პოულობდნენ და სახლში აბრუნებდნენ.მომდენვნო დღეებში ისევ მიდიოდა,ოღონდ სულ სხვა ადგილას.ხან სადგურზე და მატარებლიდან გადმოსულ მგზავრებს აკვირდებოდა,ხან იმ სახლთან,სადაც ადრე ნინო ცხოვრობდა.ყველგან,სადაც მისი ნახვა შეიძლებოდა.ვერ ეგუებოდა იმას,რომ მისი მეორე ნახევრის ადგილი ცარიელი იყო.ეს დანაკლისი აწუხებდა მას და მის შევსებას ცდილობდა.სახლში მუდამ ეჩხუბებოდნენ,ზოგჯერ სახლის კარს გასაღებით უკეტავდნენ,მაგრამ ის ყველა ღონეს ხმარობდა,რომ სახლიდან გამოეღწია.იქ აღარ დაედგომებოდა.თავს უცხოდ გრძნობდა.ეს უცხოობის გრძნობა წლების მატებასთაბ ერთად თანდათან ღვივდებოდა.მას შემდეგ,რაც საპენსიო ასაკს ბევრად გადაცილებულმა სამსახურს თავი დაანება,შვილები ისე უყურებდნენ, როგორც ძველ,გაცრეცილ  და დახეულ ხალიჩას,რომელზედაც ფეხების გაწმენდას აზრი აღარ აქვს,ამიტომ მტვრის ბუდედ რომ არ გადაქცეულიყო, თავიდან მოშორებას ცდილობდნენ.ამაში ყველაზე მეტად მაშინ დავრწმუნდი,როცა კოტე ბაბუა სადგურზე ვნახე,ახლობელს ველოდებოდი.მიცნო და მეც მივედი.ვკითხე აქ ვის ელოდებით-მეთქი.მან კი მიპასუხა-ნინოს.ბათუმიდან მოდის და უნდა დავხვდეო.მერე თქვენებმა იციან აქ რომ ხართ-მეთქი.ვინ ჩემებმა მე ნინოს გარდა არავინ მყავსო,-მიპასუხა.ეს სიტყვები შხამიანი ეკლებივით მოხვდა გულს და მთელი დღე მოშხამული დავდიოდი.მერე გავიგე,რომ არც ნინო ბებიას ექცეოდნენ დიდი სიყვარულით შვილები.ის დარდებს თავის სულის კუნჭულში მალავდა და ზედ ქვიშას აყრიდა,ბოლოს მისი სულიც პირთამდე აივსო და გრდაიცვალა კიდეც.მისი სიკვდილის შემდეგ თითქოს ყველაფერს ფარდა აეხადა.აღარ იყო საჭირო ნიღბები და მზრუნველი შვილების როლის თამაში,რადგან მალე კოტე ბაბუასაც მოიშორებდნენ და დარჩებოდათ მთელი ქონება.
            მახსოვს მეზობლები იხსენებდნენ,როგორი მზრუნველი მშობლები იყვნენ კოტე და ნინო.არაფერს აკლებდნენ შვილებს.ყველაფერი მათთვის უნდოდათ.მისცეს საუკეთესო განათლება და მოყვასის სიყვარულს უნერგავდნენ ბავშვობიდან,მაგრამ თურმე სულ ტყუილად. მწარე აღმოჩნდა რეალობა,მათ შვილებში არ აღმოცენდა სიყვარული და მზრუნველობა.ის სითბო რაც ყველა ადამიანში უნდა იყოს დათესილი.ალბათ ნიადაგი აღმოჩნდა ზედმეტად მწირი და უნაყოფო.ისინი ყინულივით ცივები იყვნენ და მათ ოჯახში, ბოლო დროს სულ ზამთარი იდგა.ყინულით და მხოლოდ ყინულით იყო შელესილი მათი გულები.გასაკვირია,ასეთი მოსიყვარულე ადამიანების შვილები რატომ იყვნენ სრულებით განსხვავებულები,მაგრამ ახსნა შემდეგ სიტყვებში მოიძებნა: “მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა”.ამბობდნენ,რომ ნინო ბებიას მშობლები საზიზღარი პიროვნებები იყვნენ,არავის არ უყვარდა ისინი.შუახნის ასაკში გარდაიცვალნენ.ნინო ბებია იშვიათად თუ იხსენებდა მათ და მაშინ მის სიტყვებში იგრძნობოდა ,რომ ის საყვედურობდა მათ,თითქოს მას აკლდა მშობლების მზრუნველობა.ყველაფრით ცდილობდა მშობლების შეცდომები არ გაემეორებინა საკუთარი შვილების აღზრდაში.მაგრამ გენეტიკამ მაინც გაიტანა ლელო და ვერ შეეწინააღმდეგა მას.შვილებიც ისეთივე ხასიათის და ბუნების აღმოჩნდნენ,როგორიც მშობლები იყვნენ.
            ბოლო დროს კოტე ბაბუას აღარც უკრძალავდნენ გარეთ გასვლას.უშვებდნენ იმ იმედით,რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა,მაგრამ ის ხან ახლობელს,ხან მეზობელს მოჰყავდა და ეს მათში არანაირ სირცხვილს არ აღძრავდა.არა და ხალს ხომ უყვარს სხვისი გაკიცხვა და სხვაზე ჭორაობა,მაგრამ არავის აზრი არ ადარდებდათ.ერთხელ გაუწყრნენ კიდეც მეზობელს რატომ იქ არ დატოვე,სადაც იყო,იქნებ უკან გზა ვეღარ გამოეგნოო.მეზობელს სახე გაუფითრდა ასე საკუთარ მამაზე როგორ ამბობენო,გაიფიქრა. მერე კოტე ბაბუას გამოემშვიდობა და გამობრუნდა.ცხადი გახდა,რომ მისი მომვლელი მხოლოდ ნინო იყო და ახლა მის მოვლაზე აღარვინ იწუხებდა თავს.პარადოქსია ასე მალე როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი.შეცვალოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ,გახდეს გულგრილი.ნუთუ აქამდე ოჯახური იდილია ილუზია იყო ან დადგმული სპექტაკლი?!ნუთუ არ შეიძლებოდა ეს სპექტაკლი კოტე ბაბუას თავშესაფარში ჩაბარებით არ დასრულებულიყო?!მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი სწორედ ამით დამთავრდა.
              ერთხელ სანახავად შევუარე.ფანჯარასთან იჯდა და შარას გაჰყურებდა. ის დარდობდა, ვაი თუ ნინო დაბრუნდეს და ვერ მომაგნოს,მან ხომ არ იცის აქ რომ ვარო.ვერ მოისაზრა,რომ ნინოსთვის შეიძლებოდა ვინმეს ეთქვა მისი ადგილსამყოფელი. ჩემი იქ ყოფნისას ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია შვილებზე.მივხვდი,რომ ის ნორმალური ადამიანივით აღარ აზროვნებდა,მაგრამ ეს არ იყო სიგიჟე.ეს იყო დანაკლისით გამოწვეული ჯიუტი აზრები.მას უყვარდა ნინო სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების მერეც.დარწმუნებული იყო,რომ  ნინო მივლინებაში ან სოფელში იყო წასული,როგორც ადრე, და მალე დაბრუნდება.
              იქიდან წამოსვლისას გზაში ვფიქრობდი,მოხუცთა თავშესაფარს შეემატა კიდევ ერთი მიტოვებული მოხუცი კოტე ბაბუა,რომელსაც მხოლოდ ნინოსთან გატარებული წარსული წლებიღა შერჩა ხელში მომავლისკენ სამგზავრო გუდად.(აწმყო კი რაღა სახსენებელია.)იმ მომავლისკენ,სადაც აუცილებლად  შეხვდება ნინოს,ისევ ჩამოჯდებიან სკვერში სკამზე და ვინ იცის რას ეტყვიან ერთმანეთს.გაშლის თავის გუდას კოტე ბაბუა და იქიდან კადრებად ამოფრინდებიან ერთად გატარებული წლები,მაგრამ ეს ყველაფერი ამ ქვეყნად არ მოხდება.
                გარეთ ოცდამეერთე საუკუნე დგას,როგოც ცრუ მხატვარი.მზეც კი აღარ ასხივებს ისეთ სითბოს,როგორც ადრე,არა თუ ადამიანები. ახალმა საუკუნემ წაშალა ყველა ბუნებრივი ფერი,რაც სადმე კიდევ იყო შემორჩენილი.მან თავიდან დახატა მზე,ცა,მიწა,ადამიანები სულის სიცარიელით და ყველაფერს არაბუნებრივი ფერი მისცა.იცით,დღევანდელი სამყარო სპეკტაკლის დეკორაციასაც ჰგავს,რომელიც ადვილად მოსასპობი ბუტაფორიაა.ადამიანები კი მარიონეტებივით თამაშობენ ცხოვრებას,რომელზედაც პასუხი, მათი ფიქრით,არ მოეთხოვებათ.ათი მცნება ისევ წერია მეხსიერების ფიცარზე,მაგრამ როგორც მოლბერტზე დადებულ ნახატს აფარებენ აბრეშუმის ნაჭერს რომ არ დაიმტვეროს,ისე აქვს გადაფარებული ცოდვების თარგებისგან შეკერილი ტილო.კოტე ბაბუას შვილებიც ცხოვრობენ ისე,როგორც ახალ საუკუნეს შეეფერება,ალბათ ახსოვთ,რომ ათი მცნება სადღაც არსებობს და მეხუთე სწორედ მშობლებზეა : “პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა,რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა” მაგრამ მათ დადანაშაულებას ან თვალების ახელას რა აზრი აქვს, ისინი ხომ საპასუხოდ სიცრუით გალესილ მახვილს მოგაგებენ და იტყვიან,რომ  სწორედ მოიქცნენ.შეიძლება ახალი წესებით მართლებიც არიან.მი-მოიხედეთ გარშემო,ნუთუ ეს ერთადერთი შემთხვევაა?სწორედაც რომ არა.დასავლეთიდან მოვარდნილმა ქარიშხალმა წარიტაცა ყველაფერი,შემდეგ მას ტალღა მოჰყვა,რომლემაც საძირკველი გამოუთხარა ფასეულობებს რაც საუკუნეების მანძილზე შენდებოდა ქართველთა გულებში.ზიგიერთნი თავს იმით იმშვიდებენ,რომ წყალნი წავლენ წამოვლენ ქვიშანი კი დარჩებიანო,მაგრამ ვაი,რომ ეს “ქვიშანიც” მალე აღარ იქნებიან.მიდის ძველი თაობა და მხოლოდ წყალში მოტივივე ახალი თაობა რჩება,რომლის მართვა და მოსპობა იოლად შეიძლება.საკმარისია ერთი ქვის სროლა და წარმოქმნილი ტალღა ერთმანეთს შეაჯახებს.პატივისცემაც და თავაზიანობაც ქარიშხალს გაჰყვა და ძალიან ძნელად თუ დაბრუნდება უკან.ის ძაფი გაიჭრა,რომელიც შვილებს მშობლებთან აკავშირებდა და ვის ეჭირა ეს საბედისწერო მაკრატელი?!ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ღმერთმა თუ იცის.
              გავა დრო, უფრო სწორად,როგორც ხალხს სჩვევია თქმა,ბევრი წყალი ჩაივლის.კოტე ბაბუაც გარდაიცვლება ნინოს მოლოდინში.მათ შვილებსაც დაედებათ სიბერის უღელი და ვინ იცის, როგორი მძიმე იქნება ის. ამქვეყნად ყოველი ქმედება უჩინარი ბუმერანგია,რომელიც უკან აუცილებლად ბრუნდება ან კარგად ან ცუდად,გააჩნია შენ რას გაუშვებ.ისინი ახლა ამას ვერ აცნობიერებენ,მაგრამ როცა მოუბრუნდებათ ის ბუმერანგი და ყველაზე მტკივნეულ ადგილას მოხვდებათ,შემდეგ მიხვდებიან ყველაფერს,მაგრამ უკვე გვიანი იქნება,რადგან დრო უკან არ ბრუნდება.ის ჩანჩქერია,რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით,მომავლისკენ მიედინება,ხოლო ადამიანი ვერასდროს გახდება დროის კალმახი,რომ ჩანჩქერის დინებას შეეწინააღმდეგოს და უკან დაბრუნდეს.ამიტომ ჯობია სიკეთე შექმნა,ქვაზე დადო და რომ გაივლი წინ დაგხვდეს,ვიდრე სიცოცხლის ბოლოს მიხვდე,თუ რამდენი ასეთი ქვა გამოტოვე და არაფერი სიკეთისმაგვარი ხელში არ გჭერია,რომ მათზე დაგეტოვებინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს