ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: DAVID
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2008


პალატაში

სიგარეტის კვამლით შემოსილი თითებით
ვხაზავ კარდიოგრამის დეგრადირებულ ნოტებს
ვამუქებ გამოგონილი დღეების ერთფეროვნებას
და ვიდრე წვეთებად ჩამოიღვრება სიჩუმის ფარდა
ვიდრე უკანასკნელად შეიგრძნობ ხარბად ჰაერს

გიკითხავ:
გაწყვეტილი რომანის ჩემეულ დასასრულს
სადაც ინტიმურ სცენებს ვაწამებ მრავალწერტილად
და რეფლექსად გაჟღენთილ სიკვდილს ვიწვევ უიარაღო დუელში
შენი გახრწნილი ღამეების გახსენების ჟამს.

და ვიდრე ლარივით გაჭიმავს უსწორმასწორო ხაზებს
სადგურიდან ნაკივლი ზარი

გიკითხავ:
ჩემი მოზღვავებული განცდების იეროგლიფებად წოლას
ვაქსოვ იდიოტურ დაკნინებას შენი სხეულის ილუსტრირებაში
და სარკეში ყოველი ჩახედვისას
მესმის ზურგსუკან ფრთხილი ნაბიჯები, როგორ მშორდებიან ისინი.

და ვიდრე გადავალ მომდევნო ფურცელზე
შემომხედავ უმწეო თვალებით
და მთხოვ
          რომ გამოგრთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები