გაუ, ხიშე და ერობე
ავტობუსში ძლივს ავედი. ხალხით იყო გადაჭედილი. საშინლად ცხელოდა. აუტანელი ჰაერი იყო. ვცდილობდი ღია ფანჯარასთან დავმდგარიყავი. მაგრამ ვერ მოვახერხე. ჩემს წინ მდგარი ახმახი ზანგი მეღობებოდა. გვერდის აქცევა ვცადე, არც ეს გამომივიდა. ფაშფაშა მულატმა ქალმა თვალები დამიბრიალა და მუჯლუგუნი მკრა. მზე უფრო და უფრო აჭერდა. ოცდაათი, ან შეიძლება ორმოცი წლის წინ გამოშვებულ ავტობუსში არც ერთი სკამი არ იყო დაუზიანებელი. ტყავი, რომელიც ოდესღაც გადაკრული ჰქონდა სკამებს, ძნელად გამოსაცნობი ფერის იყო. ვენტილიაციაზე ლაპარაკი არც ღირდა. სუნთქვის საშუალება არ იყო. უჰაერობისაგან მალე გული წამივიდოდა. ჩანთიდან წყლით^ სავსე ბოთლი ამოვიღე და მოვსვი. ჩემსკენ მომართული რამდენიმე ხარბი მზერა შევნიშნე. ახმახმა პირი გააწკლაპუნა კიდეც. - გინდა? - რატომღაც ქართულად შევეკითხე და ბოთლი გავუწოდე. ახმახი თითქოს დაიბნა უცხო ენის გაგონებაზე. მერე მიხვდა, წყალს რომ ვთავაზობდი და ხელი გამომიწოდა. ბოთლი მივაჩეჩე. სწრაფი მოძრაობით გამომართვა, პირზე მოიყუდა და ხმამაღალი ყლუპ-ყლუპით დალია. გარშემო მდგარი ადამიანები ხარბად უცქეროდნენ. ბავშვის ხმა გაისმა. რაღაც თქვა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე. ახმახი გაჩერდა. კალთაში ჩასმული ბავშვისკენ გაიხედა. ისევ ბოთლს შეხედა მზომავი თვალით, კიდევ ერთხელ მოსვა ხმაურით და მე შემომხედა. მერე მზერა ბავშვისაკენ გადაიტანა. თავი დავუქნიე. ზანგი ახმახი გაშეშებეული იდგა. მე გამოვართვი ბოთლი და ბავშვს მივაწოდე. დედამ, ვის კალთაშიც იჯდა ბავშვი, სახურავი მოხსნა, ბოთლის ყელი გულდასმით გაწმინდა. ბავშვი მოუთმენლობისაგან აცმუკდა. პატარა ხარბად დაეწაფა. სამი წლის იქნებოდა. გოგონას კუპრივით შავი ჩაკუწკუწებული თმები ჰქონდა. კანი, დედასავით, ყავისფრად უბზინავდა. ბავშვმა ბოლომდე დალია წყალი, რადგან ბევრი არ იყო დარჩენილი. ახმახმა თითქმის მთლიანად გამოცალა. ავტობუსმა დაამუხრუჭა. წონასწორობა დავკარგე და ახმახს მივასკდი. მან ცალი ხელით დამიჭირა, მეორეთი სახელურს ჩასჭიდებოდა. ხალხი აყაყანდა. მძღოლი თავს იმართლებდა, ცალ ხელს შლიდა, ლაპარაკში იშველიებდა, მეორეთი საჭეს ჩაჰფრენოდა. ფაშფაშა მულატი ქალი ხმამაღლა ყვიროდა და გაჭრილ ხელს აჩვენებდა ახლომდგომებს. ძველი ავტობუსის დამტვრეული სკამის რკინის რიდეს გაჰკრა, ალბათ, ხელი და დაიზიანა. საკმაოდ ღრმა ჭრილობა იყო. სისხლი ბლომად მოსდიოდა. ჩანთა გავხსენი, იოდი და სტერილური ბინტი ამოვიღე. მულატ ქალს ფრანგულ ენაზე შევთავაზე დახმარება. მან ეჭვის თვალით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. შემდეგ ჩემს ხელს შეხედა, რომელშიც იოდი და ბინტი მეჭირა. - ექიმი ვარ, დაგეხმარები, - კიდევ ერთხელ გავუმეორე ფრანგულად. ორიოდე წუთის ყოყმანის მერე დაშავებული ხელი გამომიწოდა. მხარზე გადაკიდებული ჩანთა ხელს მიშლიდა. ახმახს მივაწოდე დასაჭერად. მან გამომართვა და მხარზე გადაიკიდა. ზურგით სკამის საზურგის გვერდს მივეყრდენი და ბინტს ქაღალდი მოვაცილე. ჯერ პატარა ნაჭერი მოვახიე, იოდით დავასველე და ჭრილობა კარგად მოვუსუფთავე მულატს, მერე ბინტით გადავუხვიე ხელი. მულატმა ქალმა ყურადღებით დაათვალიერა ჩემი “ნამუშევარი” და მხოლოდ ამის შემდეგ წაიზმუვლა ჩემთვის უცნობი სიტყვა. მივხვდი, მადლობა გადამიხადა. ავტობუსი კი მიდიოდა და მიდიოდა ოღრო-ჩოღრო გზებზე და მალიმალ ორმოში ჩარტყმისას მგზავრებს შეგვაკუნტრუშებდა. სიცხე უფრო მატულობდა. წვიმას ან ქარს ვნატრობდი. ნატვრამ არ დაახანა და მართლაც ქარი ამოვარდა. ეს უფრო საშინელება იყო, ვიდრე სიცხე. გზებიდან ახვეტილი ქვიშა ღია ფანჯრებიდან შემოგვაყარა. მგზავრებმა სასწრაფოდ დახურეს ფანჯრები. ჰაერი დაიხუთა, ოფლის, იაფფასიანი ოდეკალონების და პარფიუმერიის სუნი იდგა. ცოტაც და გონებას დავკარგავდი. უცებ მანქანის სიგნალის ხმა გაისმა. ჯიპი მერსედესს წინ გადაუდგა და გააჩერებინა. მანქანიდან მაიკლი გადმოვიდა. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა: ეს ნიშნავდა, რომ ამ საშინელი ტრანსპორტიდან სუფთა და კომფორტულ მანქანაში გადავბარგდებოდი. ძლივს წავიწიე კარისაკენ. უკნიდან ძახილის ხმა შემომესმა. მივიხედე. ბავშვიანი ქალი ცარიელ ბოთლს მიწვდიდა. მე ხელი უარის ნიშნად გავუქნიე და ავტობუსიდან ჩამოვედი. ორი წუთის შემდეგ კონდიციონერით გაგრილებულ მანქანაში ვიჯექი და მაიკლს ვესაუბრებოდი.
* * *
- რატომ არ მოიცადეთ ცოტა? ხომ გითხარი, რომ აუცილებლად მოვიდოდი. მობილურიც გამორთული გქონდა და ვერაფრით გაგაგებინე, რომ ცოტა დამაგვიანდებოდა. - ჰო, გათიშული იყო, ვერსად ვერ მოვახერხე მობილურის დატენვა. ექსპედიციის სხვა წევრები უკვე ადგილზე იქნებიან, არა? - კი, ისინი სამი დღეა, რაც დაბანაკდნენ. - პირველად ხართ ნამიბიაში? - ნამიბიაში პირველად, მაგრამ აფრიკაში მეექვსედ ვარ. - დიდი პრაქტიკა გქონიათ. - ასე გამოდის, - გავუღიმე. - მედიკამენტები უკვე მიიღეს, ლანსმა დამირეკა. - ექსპედიციაში სულ რვანი ვართ, ხომ? როგორც მე ვიცი, ასე გადაწყდა. - არა, შვიდნი. დაიანას რაღაც პრობლემები შეხვდა, ვეღარ წამოვიდა. მე, თქვენ, ლუიჯი ფალკონი იტალიიდან, მარენმარ კიედისი ლიტვიდან, სანდრა სარასა ესპანეთიდან, ჰანს ლანსი გერმანიიდან, ტატიანა ლედაკოვა რუსეთიდან. აქ, ნამიბიაში, ახლა მძიმე პერიოდია, განსაკუთრებით მალარიის შემოტევა გაძლიერდა. დილიდან გვიან ღამემდე მოგვიწევს მუშაობა. შეიძლება, ღამითაც, ვიმორიგეოთ. - მე მზად ვარ. - თქვენი სახელის დამახსოვრება გამიჭირდა. შემახსენეთ კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება. - მანანა. - დიახ, დიახ, მანანა... გამახსენდა. - თქვენ სად ცხოვრობთ? - ლოს-ანჟლესში. - როგორი გვალვებია. სამი თვეა არ უწვიმია. გადამშრალია აქაურობა. უდაბნო კალაჰარის აქაური მაცხოვრებლები კგალაგარის ანუ “ველურ ადგილს” უწოდებენ. აქ ნიგერიის იმ მხარეს მოგვიწევს მუშაობა, სადაც გაბნეულ სოფლებში ძირითადად ბუშმენები ცხოვრობენ. - ორი თვის განმავლობაში აუტანელი პირობების გაძლება მოგვიწევს. - დიახ, მაგრამ ეგზოტიკური გარემო ჩემი სტიქიაა. მე ნაკლებად მაწუხებს მინიმალური პირობების უქონლობა. შევეჩვიე, ალბათ. უკვე თექვსმეტი წელია, რაც ასეთ ექსპედიციებში მიწევს მონაწილეობის მიღება. მდინარე მალოპოს ამომშრალი კალაპოტი გამოჩნდა. - აქ წყალი მოედინება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ხშირი და წყალუხვი წვიმებია. ეს კი შეიძლება სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ მოხდეს. საოცარი ხალხია ბუშმენები. გასაკვირია, როგორ არსებობენ ასეთ სიცხეში და უწყლობაში. წყლის დანაკლისი რომ შეივსონ, დღეში სამ კილოგრამამდე ნესვს მიირთმევიენ. ამომშრალ კალაპოტში თხრიან ორმოებს და წვეთწვეთობით, სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭში აგროვებენ წყალს. საშინელი გვალვების დროს, როდესაც ტემპერატურა 50 გრადუსზე ზევით ადის, აღარც ნესვია და ორმოებიდანაც ქრება წყალი, მაშინ ანტილოპას კუჭიდან ახერხებენ წყლის მოპოვებას. - საინტერესო ხალხია. - ალბათ, თქვენც იცით, რომ აქ, დაახლოებით 500 000 წლის წინათ ცივილიზაცია არსებობდა. ახლაც კი ვერ ამოუხსნიათ მეცნიერებს მათი ბევრი მონაპოვარი. - მაიკლ, რამდენ ხანში ვიქნებით სოფელში? - ათიოდ წუთში. - მედიკამენტები ადგილზეა? - გუშინ ვერტმფრენით მოგვაწოდეს. მალარიის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული გექნებათ, არა? - რა თქმა უნდა, - ვუპასუხე, - ერთი კვირით ადრე აქ გამოფრენამდე შვიდი დღის განმავლობაში ლარიამის ტაბლეტებიც დავლიე. - ჰო, ეს აუცილებელია. თუმცა რას დაგღალეთ ამდენი კითხვებით. ჩვენი ორგანიზაციის ინსტრუქციაში დაწვრილებით წერია, რა გვევალება და სიფრთხილის რა ზომები უნდა მივიღოთ. - მივედით! - წამოვიძახე. კანტიკუნტად ამოსულ ჯუჯა ხეებით და ბუჩქებით მოსირმულ ოქროსფერქვიშიან უდაბნოს ჰორიზონტზე ჩალისფერი ქოხები გამოჩნდა. აქა-იქ ბუშმენები მოჩანდნენ. რაღაც საქმით იყვნენ დაკავებულნი. სიღრმეში სანდრა და ლუიჯი გამოჩნდნენ ლურჯი ჩალის ქუდებით. ისინი ხელს გვიქნევდნენ. რამდენიმე წუთიც და ჩვენ უკვე მათთან ვიყავით. მაიკლმა გაგავაცნო ერთმანეთი. ხელი ჩამოვართვით. ქერათმიანი სანდრა კითხვებს კითხვებზე გვაყრიდა. მაიკლმა გააწყვეტინა საუბარი. - ჯერ ნება მოგვეცით დავბინავდეთ, შეკითხვები მერე. - აქეთ წამოდით, ჩვენი ამბულატორია კარავშია. საცხოვრებელი კარვები ცოტა მოშორებითაა. თქვენ, მანანა, ტატიანა ლედაკოვასთან ერთად იცხოვრებთ, - თქვა ლუიჯიმ. - დანარჩენები ამბულატორიაში იქნებიან, არა? - შეეკითხა მაიკლი. - დიახ, წამოდით, სანდრა გაჩვენებთ. ბარგი მე მომეცით, თქვენს კარავში შევიტან, - მანქანასთან მივიდა და საბარგული ახადა, სამი დიდი გორგოლაჭებიანი ჩანთა ამოიღო და საცხოვრებელი კარვებისაკენ გააგორა. - აქეთ, ამ ქოხების ბოლოსაა ჩვენი ამბულატორია. - ავადმყოფთა რაოდენობა მაინტერესებს, - შეეკითხა მაიკლი. - სავალალო მდგომარეობაა. სოფლის მოსახლეობა 106 ადამიანს შეადგენს. აქედან მალარიით დაავადებული 46-ია, თითქმის ნახევარი. რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი ცალკე მოთავსება შეუძლებელია. ამიტომ თავიანთ ქოხებში არიან. დაუსნებოვანებელ ოჯახის წევრებს მალარიის საწინააღმდეგო ინექციას ვუკეთებთ, ავადმყოფებს მკურნალობის კურსს ვუტარებთ. - მართლაც სავალალო მდგომარეობა, - თავი გადააქნია მაიკლმა, - ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის სტატისტიკის თანახმად, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც მეტ-ნაკლებად ასეთივე მდგომარეობაა. ნიგერიაში სამი ჯგუფია გამოგზავნილი. ალბათ, დამატებით სხვა ჯგუფებსაც გამოშვება გახდება საჭირო. ამბულატორიას მოვუახლოვდით. დანრჩენებიც გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად: ტატიანა, ჰანსი, მარენმარი. გავეცნეთ ერთმანეთს, მერე იქვე მოწყობილ პირსაბანთან ხელები კარგად დავიბანეთ, გავსუფთავდით. ვცდილობდით, რაც შეიძლება ეკონომიურად გვეხმარა წყალი, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო. ცისტერნებით გვაწოდებდნენ ვერტმფრენით. ერთ-ერთი პუნქტი, რაც ჩვენს მოვალეობაში შედიოდა, ეს იყო წყლის ეკონომიურად ხარჯვა.
* * *
ამბულატორიაში მხოლოდ მძიმე ავადმყოფები იყვნენ მოთავსებულნი, ისინი დღედაღამე ყურადღებას საჭიროებდნენ. აქ რვა მამაკაცი და სამი ქალი იმყოფებოდა. მე და მაიკლმა გამოვიკითხეთ ავადმყოფთა მდგომარეობა. თითქმის ყველას ჰქონდა დიდი სიცხე, თავის ტკივილები და პირღებინება. ასეთ უწყლობის პირობებში ძალიან ჭირდა ელემენტარული სისუფთავის დაცვა. აქ ექიმებს ჯოჯოხეთური შრომა უწევდათ. - ეს ქალი ძალიან გვეხმარება. ლაკა ჰქვია. ჩვენი სანიტარია, - დაბალ ბუშმენ ქალზე მიგვანიშნა, რომელიც ერთ-ერთ ავადმყოფს მოსვრილ ზეწარს უცვლიდა, - მარტო ეს დაგვიახლოვდა. სხვები არ გვეკარებიან. ნეტავ გენახათ რა ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ესენი, - ავადმყოფებზე გვანიშნა თვალით ტატიანამ, - აქ გადმოგვეყვანა. უცებ ქვითინის თუ ყვირილის ხმა შემოგვესმა. ამ დროს ლუიჯიც შემოვიდა კარავში და მაიკლს უთხრა: - ახალგაზრდა ბუშმენის დედაა. მისი ვაჟი ავადაა. სამი დღეა ვეხვეწებით, მოეცა შვილის აქ გადმოყვანის უფლება, მაგრამ ამაოდ. თავიანთ ქურუმს უძახდა მხოლოდ, რაღაც ლოცვებს ბუტბუტებდა, ავადმყოფის გარშემო ცეცხლს ანთობდნენ, ვითომ ავ სულებს სდევნიდნენ. ახლა ვაჟი უგონოდ გამხდარა. დედამAMსხვა გამოსავალი ვეღარ დაინახა და აქ მოვიდა. გეხვეწებათ, უშველოთ მის შვილს. მაიკლი მე მომიბრუნდა: - მანანა, ჩანთა აიღე და წავედით. ლუიჯი, შენც გვჭირდები, უნდა გვითარგმნო. სწრაფად გავედით კარვიდან. საწყალი ქალი მიწაზე გორაობდა, მიწას ბღოტნიდა და თავზე იყრიდა. - ლაკაც წამოვიყვანოთ, ძალიან გვეხმარება ხოლმე. თავისიანს უფრო უჯერებენ, ვიდრე ჩვენ, - გვირჩია ლუიჯიმ. - კარგი, ახლა უთხარი ამ ქალს, რომ წაგვიყვანოს თავის ქოხში. ლუიჯი ქალს მიუახლოვდა და უთარგმნა მაიკლის ნათქვამი. ქალმა ტირილი შეწყვიტა, წამოდგა და მაიკლს მიუახლოვდა. - თეთრო აჩრდილო, ხომ არ მომატყუებ, მომირჩენ ჩემს შვილს? ლუიჯიმ უთარგმნა სიტყვასიტყვით და აუხსნა, რომ აქაური მაცხოვრებლები თეთრკანიან ადამიანებს აჩრდილებად თვლიან. - ნუ გეშინია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ შენი შვილი კარგად გახდეს. ლუიჯიმ მაიკლის სიტყვები აუწყა გამწარებულ ქალს. მერე ლაკას გასძახა და უთხრა, რომ მათ წაჰყოლოდა. ათიოდე წუთის შემდეგ მივადექით ქოხს, სადაც მძიმე ავადმყოფი იწვა. მე პულსი გავუსინჯე. ძალიან გახურებული იყო ავადმყოფი, დიდი სიცხე ჰქონდა. ლაკას ვთხოვეთ ყველა გაეყვანათ ქოხიდან, რადგან სამედიცინო ინსტრუმენტების დანახვაზე შეიძლება შეშინებოდათ და უარი ეთქვათ ავადმყოფის მკურნალობაზე. ლაკა მოხერხებული აღმოჩნდა. დედის ცივი უარის მიუხედავად, არ გასჭირვებია დაერწმუნებინა ქალი, რომ უმჯობესი იქნებოდა ქოხიდან გასულიყვნენ. სიცხე გავუსინჯე, თერმომეტრი ორმოცს და რვა ხაზს უჩვენებდა. ის მგომარეობა მძიმე იყო. მაიკლმა ლაკას დაუძახა და სთხოვა დედისათვის აეხსნა, რომ საჭირო იყო ჭაბუკის ამბულატორიაში გადაყვანა. მშობელი ცივ უარზე იყო. ლაკამაც კი ვერ შეძლო დაეთანხმებინა ქალი. მაიკლმა გააფრთხილა ბუშმენი ქალი, რომ თუ არ დათანხმდებოდა, შვილი მოუკვდებოდა. დედამ მაინც მტკიცე უარი უთხრა. - სულ ასკეს ბრალია, - უთხრა ლუიჯის ლაკამ, - იგი არ აძლევს უფლებას იქ გადმოიყვანოს შვილი, აშინებს, გაუ, ხიშე და ერობე განრისხდებიანო. ლუიჯიმ უთარგმნა მაიკლს: ქურუმი ღმერთებით აშინებს, გაგიბრაზდებიანო და საწყალ ქალს ვერ გაუბედავს მის წინააღმდეგ წასვლა. ბევრს ვეცადეთ, მაგრამ ქალი ვერ დავარწმუნეთ, რომ ავადმყოფი დღედაღამე ყურადღებას და მკურნალობას საჭიროებდა, და ამისათვის საჭირო იყო ამბულატორიაში გადაყვანა. ერთმა აზრმა გამიელვა. - მაიკლ, მე დავრჩები აქ. რაც საჭიროა, ყველაფერს წამოვიღებ. თუ რაიმე კიდევ დამატებით დამჭირდება, რაციით შეგეხმიანებით. - რას ამბობ, ამათი ნდობა არ შეიძლება. ისინი ისე ვერ აღვიქვამენ ჩვენს მოქმედებას, როგორც საჭიროა. შეიძლება, ნემსის გაკეთების დანახვაზე შეშინდნენ და მაშინ კაცმა არ იცის, რას იზამენ. ამიტომ აქ დარჩენა საშიშია. - სხვა გამოსავალი არ გვაქვს, - ვუთხარი მაიკლს, - მართლა, ლაკა რომ დავტოვო ჩემთან, ახლობლები კი დავითანხმოთ, რომ ეზოში ან სხვა ქოხში დაიდონ დროებით ბინა. მაიკლმა თავი გადააქნია. - ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. - თუ მშობლები სხვაგან გადასვლაზე დავითანხმეთ, მე დავრჩები ავადმყოფთან. ლუიჯიმ ლაკას აუხსნა ჩემი მოსაზრება. ლაკა ვაჟის დედასთან მივიდა. დიდხანს ელაპარაკებოდა ხელებით, რაღაცას უმტკიცებდა. ბოლოს შვებით ამოისუნთქა და ჩვენსკენ წამოვიდა. - თანახმაა იმ შემთხვევაში, თუ მე სულ აქ ვიქნები, და ექიმს გალისთან მარტო არ დავტოვებ. მაიკლმა შემომხედა. - გადაწყვიტე? - რა თქმა უნდა, - ვუპასუხე, - ლუიჯი, ერთი თხოვნა მექნება, ჩემი ლურჯი ჩანთა მომიტანეთ. მაიკლ, თქვენ კი საჭირო მედიკამენტები ჩააწყეთ და ისიც გამოატანეთ. ლაკას ხელი დავუქნიე, რომ ჩემთან მოსულიყო. ორივე ავადმყოფთან შევედით. ქოხში ფრინველების ჭრელი ფრთების აცმები იყო ჩამოკიდული. კედლებთან რაღაც მბჟუტავი მუგუზლები ეწყო, რომელიც ბოლავდნენ და საშინელ სუნს აყენებდნენ. ლაკას ვთხოვე ეს ყველაფერი მოეშორებინა. მან პასუხად ხელები გაასავსავა და სახელი ასკე ახსენა. მივხვდი, ქურუმის ეშინოდა. გადავწყვიტე ბუმბულები დამეტოვებინა, რომ ავადმყოფის ახლობლები არ განმერისხებინა. მაგრამ მბჟუტავ მუგუზლებს ვერ დავტოვებდი, რადგან ავადმყოფს სუფთა ჰაერი ესაჭიროებოდა. ლაკა ერთობ მოხერხებული აღმოჩნდა. ძალიან მეხმარებოდა. მართალია, მუნჯურად, ხელებით ვლაპარაკობდით, მაგრამ ყველაფერს ვაგებინებდი. მისი გული მას შემდეგ მოვიგე, რაც სარკე და მძივი ვაჩუქე. სიხარულისგან არ იცოდა, რა ექნა. მუდამ იმის ცდაში იყო, რითიმე ესიამოვნებინა ჩემთვის. სამი დღე ავადმყოფი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. გონზე ვერ მოდიოდა. მაიკლი, ლუიჯი და ტატიანა ხშირად მაკითხავდნენ. დედა და მამა ქოხის სიახლოვეს იყვნენ მუდამ. აქაურობას არ შორდებოდნენ. დანარჩენ შვილებს სიახლოვეს არ უშვებდნენ, რომ ხმაურით ავადმყოფი არ შეწუხებულიყო. ერთ დღეს მათი ქურუმი, ბებერი ასკე მოვარდა და დიდხანს ეჩხუბებოდა ავადმყოფის დედ-მამას. განრისხებული თვალებს აკვესებდა და ხმამაღლა ყვიროდა. მამა შეშინებული ჩანდა. ასკემ ქოხში შემოსვლა დააპირა. ალბათ, ჩემი გაგდება უნდოდა, მაგრამ დედა გადაუდგა წინ და არ გამოატარა ქურუმი. გაავებულმა ბებერმა ხელი ჰკრა ქალს. ეს კი ვეღარ აიტანა ქმარმა და ქურუმს ისიც შეეწინააღმდეგა. ქურუმმა მხარზე გადაკიდებული შავი ჩანთიდან რაღაც თეთრი ფხვნილი ამოიღო და მიწაზე მიმობნევა დაიწყო. ბუშმენი ქალი ამის დანხვაზე სულ გადაირია, მივარდა ქურუმს და ხელი ჰკრა. ბებერი წავიდა ყვირილით, თან წამდაუწუმ ცოლ-ქმრისკენ იხედებოდა.
* * *
სამი დღე და ღამე ვებრძოდით სიკვდილს. ბოლოს ისევ ჯანმრთელმა ახალგაზრდა სხეულმა გაიმარჯვა. მეოთხე დღეს სიცხემ საგრძნობლად დაუიწია. ავადმყოფმა თვალებიც გაახილა. ძალიან მიხაროდა, რომ გავიმარჯვეთ, სიკვდილს ხელიდან გამოვაცალეთ ჭაბუკი. ლაკას ვუთხარი, მშობლებისთვის დაეძახა და შვილი ეჩვენებინა. ლაკამ არ დაახანა და გახარებული გარეთ, დასაძახებლად გავარდა. ამ ამბის მერე, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, არ დამავიწყდება დედის სახე, როდესაც თავისი შვილი გონს მოსული დაინახა. შვილს მიუახლოვდა, დაიჩოქა. მერე სახეზე მოეფერა, ოფლიანი შუბლი ხელით მოუმშრალა. როგორი სინაზე და სიხარული იდგა მის თვალებში. მამა შემოსასვლელთან იდგა და ცრემლები ჩამოსდიოდა. მერე ორივემ ერთმანეთს გადახედეს, მომიახლოვდნენ და მუხლებზე დაეცნენ. ლაკას ვუთხარი, ეთქვა მათთვის, რომ მათი შვილი მალე კარგად იქნება და ისევ სანადიროდ ივლის. მერე ვთხოვე ოთახი დაეტოვებინათ, რადგან ავადმყოფს სიმშვიდე სჭირდებოდა. ლაკამ გადაუთარგმნა. მშობლები უსიტყვოდ დაემორჩილნენ ჩემს თხოვნას და ქოხიდან გავიდნენ. ერთ დღეს ლაკა მოვიდა და მუნჯურად დამიწყო ახსნა, რომ ვაჟის, გალის ნახვა დკას უნდა და მოშორებით ჯუჯა ხესთან მდგარი ბუშმენი გოგონა დამანახვა. მე უარი ვუთხარი. ცოტა ხნის შემდეგ-მეთქი. ჩემი ნათქვამი გოგონას გადასცა. დავინახე, როგორ მოექუფრა დკას სახე და მრისხანე მზერა მესროლა. ლაკა რაღაცას უხსნიდა, დკა კი გაბრაზებული ხმით ედავებოდა. ლაკამ ერთი მაგრად დაუყვირა და თავი დაანება. - რა უნდოდა? - ხელით დკაზე მივუთითე. - შენი ეშინია. თეთრი აჩრდილი გალის სახე გახდებაო. ვერაფერი ვერ გავიგე. ხელი ჩავიქნიე. ვიფიქრე, მერე ლუიჯის გადავათარგმნინებ-მეთქი. მალე გადამავიწყდა კიდეც. ამ ამბის შემდეგ ორი დღე იყო გასული. გალის წვენს ვასმევდი. უკვე წამოჯდომაც შეძლო, მომჯობინდა. რაღაც მითხრა და გამიღიმა. ვერ გავიგე. ლაკას დასაძახებლად გამოვედი. აქვე, ახლომახლო უნდა ყოფილიყო. ის იყო ქოხიდან ფეხი გადმოვდგი, რომ მაღლიდან ჩემს მარჯვნივ დიდი გველი ჩამოვარდა. მე შიშისაგან გავშეშდი, ვეღარ ვინძრეოდი. უცებ საიდანღაც გალის მამა გაჩნდა და გველს ჩაავლო ხელი. მე ძალაგამოცლილი კედელს მივეყუდე. გველს იქვე დაგდებული ჯოხით გაუთეთქვა თავი. ამ დროს ლაკაც მოვიდა. გალის მამას რაღაც შეეკითხა. მან პასუხი ვერ გასცა. გალის დედაც გამოჩნდა. მან გველი დაანაწევრა. ეტყობა, შეჭმას უპირებდნენ. გემრიელი სადილის მოლოდინში გალის მამა პირს აწკლაპუნებდა. მე ქოხში შევედი. ამაზრზენი შესახედი იყო დანაწევრებული სისხლიანი გველი. ხიფათით სავსეა აქაური ბუნება. კალაჰარის უდაბნო სავსეა შხამიანი მწერებით, ქვეწარმავლებით თუ მცენარეებით. აქ ყოველ ნაბიჯზე საშიშროებაა ჩასაფრებული.
* * *
გალი უკვე მომჯობინდა. თავისი ხელით დაიწყო ჭამა. მე მისი ქოხიდან ტატიანასთან კარავში გადმოვედი. დღეში ორჯერ ვაკითხავდი. მის გარდა ბევრ ავადმყოფთან მიხდებოდა სიარული. ღამით ამბულატორიაში მორიგეობით ვრჩებოდით. გალის დედ-მამა თვალებში შემომციცინებდნენ. ერთხელ, ერთ-ერთი ვიზიტისას მათ ნანადირევი, მსუქანი ვირთხა მომართვეს. ლამის გული შემიწუხდა დანახვაზე, მაგრამ არ ვაგრძნობინე და გამოვართვი. ცელოფანში ჩავდე და მერე კარგა ხანს სპირტში დასველებული ბამბით ვიწმენდდი ხელებს. ამბულატორიაში დაბრუნებისას ლაკას ვაჩუქე. ჩვენი ბუშმენი სანიტარი სიხარულისგან ლამის გადაირია. პირი გააწკლაპუნა და თავი აქეთ-იქით გადააქნია, აქაოდა, ვითომ რა გემრიელიაო. დაძაბული სამუშაო გრაფიკი გვქონდა, აუტანელ პირობებში ვიმყოფებოდით. თუ არ ვმორიგეობდით, ღამე მაინც ვერ ვიძინებდით ნორმალურად. აუტანელი სიცხე იყო. ძალიან გადაღლილებიც ვიყავით. ლანსს სეირნობის დროს შხამიანმა ობობამ უკბინა. მართალია, აცრა ჩატარებული ჰქონდა და თითქოს საშიშიც არაფერი იყო, მაგრამ, მოწამვლის ფონზე ალერგია განუვითარდა. საშინელი გამონაყარი მისცა და დასივდა. დროებით მუშაობას გამოეთიშა და მასზე დაკისრებული სამუშაოც ჩვენ დაგვაწვა მხრებზე. დავრბოდით სოფლიდან სოფელში, აცრებს ვუკეთებდით ავადმყოფებს, მუდმივ კონტროლში გვყვავდნენ. მაგრამ ავადმყოფობის ლოკალიზაცია შეუძლებელი იყო, რადგან დაავადების გადამტანები აქ მომრავლებული კოღოები იყვნენ. საჭირო იყო საყოველთაო ვაქცინაცია, რაც ძალიან დიდი თანხებს მოითხოვდა და ამის შესაძლებლობა ჩვენს ორგანიზაციას ჯერ არ გააჩნდა. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა.
* * * მე დღეში ოცი-ოცდახუთჯერ მაინც მიხდებოდა ავადმყოფებთან გასვლა. არა მარტო იმ სოფელში, სადაც ამბულატორია გვქონდა, არამედ ახლობელ დასახლებულ პუნქტებშიც. რაც გალი გამოჯანმრთელდა, მას მერე თავს არ მანებებდა, სულ თან დამყვებოდა აჩრდილივით. თავიდან მეხამუშებოდა მისი ასეთი საქციელი, მერე მივეჩვიე. ერთხელ ავადმყოფის ქოხიდან გამოსვლისას დავინახე, როგორ უღერებდა ლაკა დკას მუშტებს. როდესაც შეველითხე, თუ რას ერჩოდა გოგონას, თავი დაღუნდა და უხმოდ გამცილდა. საერთოდ, ძალიან ბევრი ამოუცნობი რამ ხდებოდა, რადგან ბუშმენებს სხვა ყოფა, სხვა წესები და სხვა ხედვა გააჩნდათ. ისინი ბევრ რამეს სულ სხვა კუთხით უყურებდნენ ჩვენგან, თეთრკანიანებისაგან განსხვავებით. მათთან ურთიერთობა ძალიან ძნელი იყო. ეჭვის თვალით გვაკვირდებოდნენ და ჩვენთან სიახლოვეს ვერ ბედავდნენ. ყველანაირად ვცდილობდი შემეყვარებინა თავი. ასე უფრო ადვილი იქნებოდა დამერწმუნებინა ისინი მკურნალობის შედეგიანობაში. ამაში ხელს გვიშლიდნენ ქურუმები. ქურუმები არწმუნებდნენ, რომ ჩვენ, თეთრი ადამიანები, ვიყავით თეთრი აჩრდილები, რომლებსაც ბოროტების მოტანა უნდოდათ მათი ხალხისათვის. ძნელი იყო ყოველი ბუშმენის დარწმუნება, რომ ჩვენ მათი შველა, განკურნება გვსურდა. თავდაპირველად, ასეთი წინააღმდეგობის გამო ბევრი ბუშმენი დაიღუპა, ხოლო ამბულატორიაში მოთავსებული რამდენიმე ბუშმენის და გალის გამოჯანმრთელების შემდეგ, ქურუმის სიწრფელეში ეჭვი შეეპარათ. ახლა დიდი ძალისხმევა აღარ გვჭირდებოდა, რომ სახლებში შევეშვით. იყო შემთხვევები, როდესაც თვითონვე მოდიოდნენ ამბულატორიაში და ჩვენ ვეხმარებოდით მას.
* * * ლაკამ ლუიჯისთან ერთად დამინახა, მოვიდა და თვალებში შემომხედა. ვატყობდი, რაღაცის თქმა უნდოდა. - რა გინდა, ლაკა? - შევეკითხე მათ ენაზე, ცოტ-ცოტა ვისწავლე ამ ერთი თვის განმავლობაში. ლაკამ შუბლს ქვევიდან ამომხედა და თქვა: - დკამ ასკესთან ღმერთების სახლში მოუხშირა სიარულს. ვერ გავიგე და გადათარგმნის მოლოდინში ლუიჯის შევხედე. ლუიჯიმ იმის მაგივრად, რომ ეთარგმნა, ლაკას რაღაც შეეკითხა. ლაკამ ჩქარ-ჩქარა რაღაც მიაყარა და გაიქცა. - რა უნდოდა? - შევეკითხე ლუიჯის. - სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, რაში გვაინტერესებს ვიღაც დკამ ასკეს ღმერთების სახლში რატომ მოუხშირა სიარულს, - ჩაიცინა ლუიჯიმ, - ცოტა უცნაურები არიან... - ჰო, ასეა, ესენი სხვაგვარად უყურებენ ყველაფერს, ჩვენთვის კი ძნელია მათი აზრების გამოცნობა. წავედი ახლა ერთ ავადმყოფთან, შვიდი წლის გოგონას გადაედო მამისაგან. ისეთი საყვარელი ბავშვია, ბუნჩულა... იქნებ აქ გადმოვიყვანო, ამბულატორიაში.
* * *
ერთ დილას გალი მოვიდა ჩემთან. - ლუიჯი, - მითხრა მან და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. - ლუიჯის ნახვა გინდა? გალი თავის ქნევას მოყვა: - ლუიჯი, ლუიჯი. - მალე მოვა, აქ არის სადღაც, - ხელი დასახლებისკენ გავიშვირე. დამთავრებული არ მქონდა, რომ ბილიკზე ლუიჯი გამოჩნდა. გალი მისკენ სირბილით წავიდა, ხელი ჩაჰკიდა გაოცებულ ლუიჯი ფალკონის და ჩემთან მოიყვანა. - უთხარით მანანას, რომ აქედან რაც შეიძლება მალე წავიდეს, - უთხრა გალიმ ლუიჯის. ლუიჯის კეთილად გაეღიმა და ისე, რომ ჩემთვის არც გადაუთარგმნია გალის ნათქვამი, რაღაც შეეკითხა. გალიმ სწრაფად დააყარა სათქმელი შეშფოთებული სახით, თან ხელებს იშველიებდა ლაპარაკში. - რა სჭირს, ვინმე ხომ არაა ავად, - შევეკითხე. - არა, - ჩაიცინა ლუიჯიმ. ფალკონეს ჩაცინებაზე გალა გაბრაზდა, უფრო დარწმუნებით დაუწყო რაღაცის მტკიცება. - ჰო, კარგი, - უთხრა და მე მომიტრიალდა, - ეს ყმაწვილი მეუბნება, რომ შენ აქედან უნდა წახვიდე. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. ვიცოდი, რომ გალი ძალიან კარგად მეპყრობოდა. - რატომ? - მოუთმენლობა შეპყრობილი შევეკითხე ლუიჯის. - ასე მეუბნება, რომ დკამ ასკეს დახმარებით გაუს, ხიშეს და ერობეს სთხოვეს შენი განადგურება. - ვერ გავიგე, - დავიბენი. - გაუ, ხიშე და ერობე – მათი ღმერთებია. დკამ შენი განადგურება შესთხოვა და გუშინ საღამოს ასკემ რიტუალი-შელოცვა ჩაატარა. გალი ამბობს, თუ აქედან ორ დღეში არ წავიდაო, ღმერთების რისხვა დაატყდება თავსო. ძალიან ნერვიულობს, არაფერი მოუვიდესო. მე გამეღიმა და გალის ვუთხარი, რომ ნუ ეშინია ნურაფრის. გალიმ ხელი ხელზე მტაცა და კოცნა დამიწყო, მევედრებოდა, წავსულიყავი აქედან. - გეჯავრები? - შევეკითხე ლუიჯის დახმარებით. - არა, - მიპასუხა გალიმ. - აბა, რატომ მაგდებ აქედან? - არ გაგდებ! მე მინდა, რომ შენ ცოცხალი გადარჩე!.. მე კვლავ გამეღიმა. - ნუ გეშინია, არაფერი მომივა. გალი ფეხებზე შემომეხვია. - კარგი, - ვუთხარი მკაცრი ტონით, - მე არაფერი მომივა. გალი ცივად ადგა და გამშორდა. * * *
თავიდან თითქოს გალის ნათქვამი არაფრად ჩავაგდე, მაგრამ დასაძინებლად რომ დავწექი, ფიქრებმა წამიღო. გამახსენდა დკას სიძულვილით სავსე მზერა, გველი, რომელიც ლამის თავზე დამეცა. ცოტა არ იყოს, შიში შემეპარა გულში. ვერა და ვერ დავიძინე. უცებ ქოხთან რაღაც ხმაური მომესმა. მე წამოვხტი, ხალათი მოვისხი, ფარანი ავიღე და გარეთ გამოვედი. ქოხის გვერდით რაღაც ჩრდილი შევნიშნე. ფარანი იქით მივანათე. გალი შემრჩა ხელში. - რა გინდა? - შევეკითხე. - აქ ვიქნები. - რატომ? - მე დაგიცავ შენ. ჩამეცინა, ქოხში დავბრუნდი. ტატიანა არ იყო აქ. მორიგეობდა ამბულატორიაში. დავწექი, მაგრამ ჩემს თვალებს რული არ ეკარებოდა. სიმართლე გითხრათ, გალისაც მეშინოდა უკვე. რას გაიგებ, ბუშმენს რა უდევს გულში. ხალათი ჩავიცვი და ლუიჯის ქოხისკენ გავწიე ფარნით ხელში. ლუიჯის ჩემს დაძახებაზე უცებ გაეღვიძა, შეშფოთებული შემეკითხა: - რამე ხომ არ მოხდა? - ვერ ვიძინებ, მეშინია, - ვუთხარი და გალის უცნაური საქციელის შესახებ მოვუყევი. - ეტყობა, მართლაც რაღაც ხდება. ჰანსის საწოლზე დაწექი და დაიძინე. მორიგეობაზეა. მე გიყარაულებ. ისედაც არ მეძინება. მე ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ ლუიჯი ასე შევაწუხე. ისედაც, ამდენი ავადმყოფების გამო, გამოუძინებლები ვიყავით და ახლა ჩემი მიზეზით კიდევ უძილო უნდა დარჩენილიყო. მე პროტესტით შევხვდი მის წინადადებას. ის იყო ლუიჯი ჩემს დარწმუნებას მოჰყვა, რომ სრულიადაც არ ეძინება, რომ თუთიყუშმა თუ რაღაც ფრინველმა წიოკი ასტეხა. ლანსმა ფარანი აიღო და ქოხიდან გამოვიდა. მეც გამოვყევი. - ისევ შენ ხარ? - გაბრაზებული შეეკითხა ლუიჯი ხესთან მიკუნჭულ გალის. - მე უნდა დავიცვა მანანა, - ჯიუტად იმეორებდა ახალგაზრდა ბუშმენი. ბუშმენებმა ადვილად ისწავლეს ჩემი სახელი. გზაზე ბავშვები მომდევდნენ ხოლმე ძახილით, - „მანანა, მანანა!” - კარგი, რახან ასე გინდა, იყავი და გვიყარაულე, - უთხრა ბოლოს ლუიჯიმ, ხელი მომკიდა და ქოხში შემიყვანა. სიბნელეში კარგად დავინახე, როგორ დააკვესა გალის თვალებმა იმ დროს, როდესაც ლუიჯიმ ხელი მომკიდა. ახლა კი მართლა შემეშინდა. ირგვლივ ყველაფერი გაურკვევლობის ბურუსმა მოიცვა. ვერ ვხვდებოდი, ვის უნდა მოვრიდებოდი, ვისგან მომელოდა საშიშროება... იქნებ თვით გალისგან. გამახსენდა მისი თვალები და გამაჟრიალა. მე და ლუიჯიმ ის ღამე გავათენეთ. დილაუთენია გარეთ რომ გამოვედით, გალი ისევ იმ ხესთან დაგვხვდა მიყუდებული. ლუიჯიმ ხმა არ გასცა, მე მომიტრიალდა: - ამბულატორიაში წავიდეთ. იქ მისვლისთანავე მაიკლი მონახა და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. მაიკლი ძალიან შეფიქრიანდა. - აქ ხალხიც ისეთივე გამოუცნობია და საშიში, როგორც აქაური ფაუნა და ფლორა. ხვდებით, ალბათ, რომ მე იმ რელიგიური რიტუალების შესრულებამ კი არ ჩამაფიქრა, არამედ იმ ფაქტმა, რომ მათი სიძულვილის ობიექტია მხოლოდ მანანა. ეს არაა მიმართული კონკრეტულად თეთრი აჩრდილების, როგორც ისინი გვიწოდებენ, წინააღმდეგ. ესე იგი, აქ სხვა რამეშია საქმე. ლაკამ რა გითხრათ? - კიდევ გაამეორებინა ბუშმენი სანიტარის სიტყვები. - საინტერესოა, რა შუაშია აქ დკა.... არა, ისევ ლაკას უნდა გამოვკითხოთ. ლუიჯი ლაკას დასაძახებლად გავიდა. მაიკლი მომიტრიალდა. - რაღაც უსიამო ამბავში გაეხვიე... საინტერესოა, ლაკა რა გვეტყვის. ლუიჯი დაბრუნდა სანიტართან ერთად. მაიკლი მიუტრიალდა ლაკას. - მითხარი, რატომ ემტერებიან მანანას? ლუიჯიმ გადაუთარგმნა. - დკა, დკა!!!! - წამოიყვირა ლაკამ. - რა დკა, გაგვაგებინე კარგად, - მაიკლი მოუთმენლობამ შეიპყრო. ლაკამ ლუიჯის შეხედა, როდესაც მოისმინა მაიკლის კითხვა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა, მერე მომიახლოვდა, სახეზე ხელი ჩამომისვა. მე ჩემდაუნებურად უკან დავიხიე. - დკას უნდა გალის სახე იყოს. გალი კი მას არც უყურებს... ჩემსკენ თითი გამოიშვირა და თქვა: - გალის უნდა შენ იყო მისი სახე. ლუიჯის ჩაეცინა. ლაკა გაუშვა და მაიკლს უთხრა: - შეჰყვარებია გალის ქალბატონი მანანა. დკა კი გალის ვერ სთმობს... ასე რომ, ქალბატონო მანანა, თქვენ უნებლიედ შეყვარებული წაართვით დკას. მაიკლი ჩაფიქრდა. მერე მომიბრუნდა: - თქვენ აქაურობის დატოვება მოგიწევთ. ეს ხალხი არ გაპატიებთ, რომ ბუშმენს შეუყვარდით. მათ თვალში თქვენ ჯადოქარი ხართ, რომელმაც ახალგაზრდა ვაჟს თავგზა აუბნია. - ჩემი ბრალია, რომ შევუყვარდი? - რა თქმა უნდა არა, მაგრამ თქვენივე უსაფრთხოების მიზნით ვალდებულნი ვართ, აგაცილოთ საფრთხე. უნდა დაბრუნდეთ თქვენს ქვეყანაში. თქვენი სილამაზის პატრონი, ალბათ უნდა მოგარიდოთ ასეთ ექსპედიციებს. ამ დროს ლუიჯის დაუძახეს. - ხვალ ვერტმფრენს ველოდებით. მათ გაგაყოლებთ. მოემზადეთ, ბარგი ჩაალაგეთ. მერე მაიკლმა ჩემი მაჯა ხელში მოიმწყვდია და მითხრა: - თქვენ წახვალთ, მაგრამ მე როგორ გავძლებ თქვენს გარეშე, არ ვიცი. ამ სიტყვებზე გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა. - მე, გალის შემდეგ, თქვენი მეორე თაყვანისმცემელი ვარ. ვიდექი გაშეშებული და არ ვიცოდი, ხუმრობაში ჩამეთვალა თუ არა მაიკლის ნათქვამი. მხოლოდ გაფრენის წინ, მაიკლის დანაპირებმა, რომ ექსპედიციის ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდოდა ჩემს სანახავად, დამარწმუნა, რომ იგი არა ხუმრობდა. ვერტმფრენი მაღლა აიჭრა. მე ზემოდან ვუყურებდი ჩვენი ექსპედიციის წევრებს, რომლებიც ხელს მიქნევდნენ, პატარა ქოხებს, გადაჭიმულ ქვიშის უდაბნოს... და უცებ დავინახე გალი, რომელიც მორბოდა, გეგონება ვერტმფრენის დაწევას ცდილობსო და ხელებს იქნევდა... ბოლოს დაეცა და ცხელ ქვიშას ხელები უმოწყალოდ დაუშინა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. მოგესალმეთ და მოგიკითხეთ. :))
მოგესალმეთ და მოგიკითხეთ. :))
27. ნეფერტარის კომენტარმა აღმომაჩინა ამ არაჩვეულებრივ ისტორიაში. უდავოა ავტორის შესაძლებლობა. წარმატებები. ნეფერტარის კომენტარმა აღმომაჩინა ამ არაჩვეულებრივ ისტორიაში. უდავოა ავტორის შესაძლებლობა. წარმატებები.
26.
წაიკითხეთ ეს მოთხრობა ლიტერატორებო და არაჩვეულებრივო ჩვეულებრივო წევრებო, არც რჩეულ ავტორებსაც აწყენდათ...
ქალბატონო თინა, "თქვენ - ჩემი სახე" ხართ. :)
წაიკითხეთ ეს მოთხრობა ლიტერატორებო და არაჩვეულებრივო ჩვეულებრივო წევრებო, არც რჩეულ ავტორებსაც აწყენდათ...
ქალბატონო თინა, "თქვენ - ჩემი სახე" ხართ. :)
25. მშვენიერი თხრობა და კარგი ხელწერა!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერი თხრობა და კარგი ხელწერა!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
24. ძალიან კარგი თხრობაა... რაღაცნაირად სომერსეტ მოემი გამახსენა... :)
+5!
შენ ჩემი სახე ხარ, ავტორო :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me ძალიან კარგი თხრობაა... რაღაცნაირად სომერსეტ მოემი გამახსენა... :)
+5!
შენ ჩემი სახე ხარ, ავტორო :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
23. მუხა, ეს ამბავი სინამდვილეში მე არ გადამხდენია თავს ), თუმცა, როდესაც ვწერ, მეც იქ ვარ, მეც იგივე განცდები მაქვს, როგორც პერსონაჟს. როგორც მსახიობი, ხან ერთი პერსონაჟის ''ტყავს'' ვირგებ, ხან მეორეს. გმადლობთ კომენტარებისათვის. მუხა, ეს ამბავი სინამდვილეში მე არ გადამხდენია თავს ), თუმცა, როდესაც ვწერ, მეც იქ ვარ, მეც იგივე განცდები მაქვს, როგორც პერსონაჟს. როგორც მსახიობი, ხან ერთი პერსონაჟის ``ტყავს`` ვირგებ, ხან მეორეს. გმადლობთ კომენტარებისათვის.
22. მე დარწმუნებული ვარ ეს არის ნამდვილი ისტორია ხომ?! ძალიან კარგი თხრობაა, გუშინ დავიქწყე და დღეს დავამთავრე, კიდევ კარგი, რომ მშვიდობით წამოხვედით, მე დარწმუნებული ვარ ეს არის ნამდვილი ისტორია ხომ?! ძალიან კარგი თხრობაა, გუშინ დავიქწყე და დღეს დავამთავრე, კიდევ კარგი, რომ მშვიდობით წამოხვედით,
21. "თეთრი აჩრდილი გალის სახე გახდებაო." "დკას უნდა გალის სახე იყოს. გალი კი მას არც უყურებს..."
გამოდის, ბუშმენების ენაზე, მე შენ მიყვარხარ = შენ ჩემი სახე ხარ...
მშვენიერია, ძალიან ლამაზია ... :) "მე შენ მიყვარხარ"-ზე ლამაზია...
ხუთიანების მთელი კალთა ავტორს მხოლოდ ამაში ეკუთვნის.
"თეთრი აჩრდილი გალის სახე გახდებაო." "დკას უნდა გალის სახე იყოს. გალი კი მას არც უყურებს..."
გამოდის, ბუშმენების ენაზე, მე შენ მიყვარხარ = შენ ჩემი სახე ხარ...
მშვენიერია, ძალიან ლამაზია ... :) "მე შენ მიყვარხარ"-ზე ლამაზია...
ხუთიანების მთელი კალთა ავტორს მხოლოდ ამაში ეკუთვნის.
20. მომეწონა აქაც:) მომეწონა აქაც:)
19. დიდი მადლობა, ჯინა დიდი მადლობა, ჯინა
18. მიხარია თქვენი ამ საიტზე გამოჩენა... ეგებ "მურაც" მოიტანოთ.
წარმატებებს გისურვებთ! პატივისცემით. მიხარია თქვენი ამ საიტზე გამოჩენა... ეგებ "მურაც" მოიტანოთ.
წარმატებებს გისურვებთ! პატივისცემით.
17. ოდნავ, სულ ოდნავ დამღალა. ისე ოდნავ, აღნიშვნადაც კი არ ღირდა =)
ყველაფერი თავის ადგილზეა ოდნავ, სულ ოდნავ დამღალა. ისე ოდნავ, აღნიშვნადაც კი არ ღირდა =)
ყველაფერი თავის ადგილზეა
16. მეც ვნახე და...ძალიანაც კარგი, რომ არაა... ახლა ორი საინტერესო თინათინია:) მეც ვნახე და...ძალიანაც კარგი, რომ არაა... ახლა ორი საინტერესო თინათინია:)
14. ვნახე ფოტო და მაპატიეთ რომ შენობით მოგმართავდით :) ვნახე ფოტო და მაპატიეთ რომ შენობით მოგმართავდით :)
13. არა, ახლავე დავდებ ჩემს სურათს. არა, ახლავე დავდებ ჩემს სურათს.
12. მადლობთ კომენტარებისათვის. აზგო, შინაარსის მეტ-ნაკლებობის დანახვა, არა მარტო ავტორზეა დამოკიდებული, არამედ მკითხველზეც...
მადლობთ კომენტარებისათვის. აზგო, შინაარსის მეტ-ნაკლებობის დანახვა, არა მარტო ავტორზეა დამოკიდებული, არამედ მკითხველზეც...
11. მსახიობი რომ არის :D ის ხარ? მსახიობი რომ არის :D ის ხარ?
10. საინტერესოა, რომელ თინას დაეძებთ? :) საინტერესოა, რომელ თინას დაეძებთ? :)
9. ხო მეც მაინტერესებს ეს ის თინა არის? :D
აუ ნეტა ის იყო :შ ხო მეც მაინტერესებს ეს ის თინა არის? :D
აუ ნეტა ის იყო :შ
8. რა ვიცი...კი წაიკითხე ბოლომდე, მაგრამ ძალიან ბევრი მიმართვებია ერთმანეთთან სახელებით...:) აი, გალი მეც მომეწონა და დკა..:)) და ნინეხ მომწონს...;-* რა ვიცი...კი წაიკითხე ბოლომდე, მაგრამ ძალიან ბევრი მიმართვებია ერთმანეთთან სახელებით...:) აი, გალი მეც მომეწონა და დკა..:)) და ნინეხ მომწონს...;-*
7. კარგად იკითხება. ნინეხ.ცოტა უფრო გარკვევით წერე კარგი? შენი კომენტარების წაკითხვა ჭირს. კარგად იკითხება. ნინეხ.ცოტა უფრო გარკვევით წერე კარგი? შენი კომენტარების წაკითხვა ჭირს.
6. სიტყვები უხვადაა, შინაარსი ცოტა. პირიქით უნდა იყოს. სიტყვები უხვადაა, შინაარსი ცოტა. პირიქით უნდა იყოს.
5. საინტერესო და კარგი ნაწერია. ეს თინათინი ის თინათინია? :) საინტერესო და კარგი ნაწერია. ეს თინათინი ის თინათინია? :)
3. ხო ოღონდ ეხა.......ისე არ გაიგოტ რო...მშრალია ნაწერი და ბლაბლა...დავწერემე...:/ არარი მშრალი.... გრძნობები არჩანს ექსპედიციის წევრების მარა......აი გალი და დკა...ძალიან ძლიერი პერსონაჟები არიან.... დკა კიდე უფრო.... : ))))))) ხო ოღონდ ეხა.......ისე არ გაიგოტ რო...მშრალია ნაწერი და ბლაბლა...დავწერემე...:/ არარი მშრალი.... გრძნობები არჩანს ექსპედიციის წევრების მარა......აი გალი და დკა...ძალიან ძლიერი პერსონაჟები არიან.... დკა კიდე უფრო.... : )))))))
2. ეგზოტიკური ამბები ყოველტვის კარგია.....:ყეს:.. მომეწონამე...:უ არც ფიქრები...არც გრძნობები.....ანუ პერსონაჟები არ გვაძლევენ ტავიანტ ....გრძნობებს...(ეს ნაკლი არაა...:უ) გარედან და შორიდან დანახული სიტუაცია....დოკუმენტური ტხრობა და ვობშემ კაია რა...:დ ეგზოტიკური ამბები ყოველტვის კარგია.....:ყეს:.. მომეწონამე...:უ არც ფიქრები...არც გრძნობები.....ანუ პერსონაჟები არ გვაძლევენ ტავიანტ ....გრძნობებს...(ეს ნაკლი არაა...:უ) გარედან და შორიდან დანახული სიტუაცია....დოკუმენტური ტხრობა და ვობშემ კაია რა...:დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|