ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზის საგალობელი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2012


წავიდეთ ირენ...

ყველაფერი მივატოვოთ ირენ,
იქ წავიდეთ, სადაც  უფლის თვალებით იყურება ცა,
სადაც გაზაფხული ფეხშიშველი მოარღვევს სივრცეს და სიმშვიდეა,
ნანინანატრ ჩვილს რომ მოაქვს ისეთი სიმშვიდე.
შენ იცი ირენ, რამხელაა დედამიწა,
გულზე რომ გვაწევს მძიმე ლოდივით,
მთელი თავის ავან-ჩავანით,
რა ცივია, თან რა უხეში...
რომ სადაცაა ჩაგვიტანს და ჩაგვიყოლიებს უფსკრულებისკენ
მერე?
ამოსვლა არც ისეთი მარტივია წყვდიადებიდან,
ირენ, ბრმები ვართ,
სინათლის წრეზე დავაბიჯებთ უსიცოცხლო თვალის გუგებით,
ვერაფერს ვგრძნობთ დამსხვრეული ოცნების გარდა,
გაცრეცილი ლექსების გარდა, არაფერი არ მოჩანს ირენ,
თუნდაც ამიტომ  თავს ვუშველოთ,
თორემ ხომ ხედავ
გაიწურა იმედებიც დროის საცერში
და არაფერი აღარ დარჩა ტკივილის გარდა,
სისხლი დაგვიშრა ჩემო ირენ
და სისხლძარღვებიც, სხეულში ახლა
მიტოვებული წისქვილის ჭერზე ჩამოძენძილ აბლაბუდას ჰგავს,
მტვრიანია სხეული, ქვიშიანი, როგორც უდაბნო,
აქ ქარი დაქრის, ქვენა ქარი და
იქამდე სანამ სულში მოაღწევს,
გააცამტვერებს ყოველივეს, რაც იქ დავმარხეთ,
წავიდეთ ირენ!
მივატოვოთ ყველაფერი,
ეს დედამიწაც,ეს სხეულიც და ეს ნაწერიც....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები