ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2012


ცოტა რამ ვუდი ალენის ფილმის მოტივებზე

რაღაცნაირად ლურჯი ცა იყო,. არ ვიცი, ძერწვა რომ ვიცოდე, ან ქსოვა, ან მინანქარზე მუშაობა, კიდევ ჰო, მაგრამ ცოტაოდენი წერა თუ შემიძლია და ახლა მისთვისაც ძლივს ვიცლი… ნუთუ, გამოხატავს ჩემს ემოციებს ჩემი მოღლილი კალამი? აი, ყალამი კი უფრო გადმოსცემდა, ალბათ.
მუსიკა იყო სრულიად სულისწამღები.  და ბოჰემა, ბოჰემა, ბოჰემა ირგვლივ. დიახ, ეს პარიზი იყო და ეს ფილმი იყო – ფილმი ფანტაზია და ფილმი ოცნება – ფილმი რეალობაც, იმიტომ, რომ რა ვუთხარი ისეთ რეალობას, რომელსაც ოცნება არ ურევია. “მუსიკა წვიმაზე და ქარზე მღეროდა”; და მე წარმოვიდგინე თავი ფილმის მთავარ გმირად – ო,ღმერთო ჩემო, რა სიამოვნებით ვისეირნებდი წვიმიან პარიზში ღამით… და შევხვდებოდი ქარიზმატულ მაჩო ჰემინგუეის, ცოლ–ქმარ ფიცჯერალდს, თუნდაც უჟმურ და უხიაგ პაბლო პიკასოს და იდუმალებით მოცულ, ყველაზე დიდ ექსცენტრიკოს სენიორს სალვადორ დალის.
ო, როგორია პარიზი ღამით! თანაც წვიმაში?! მინდა, ვიხილო, თუმცა, ვირტუალურად უკვე შევიგრძენი მისი ხიბლი, გემო, ფერი და სურნელი. რეალობა კი – რეალობაში მხოლოდ რადიო–ტალღებზე შემთხვევით გამოჭერილი სმუფ–ჯაზის ცელქი მოტივები, პიკასოს მუზას მიმსგავსებული არისტოკრატი ქალის თავდაჭერა სიგარეტით ხელში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინდროინდელი დეკორის ინტიმს ქმნის და წვიმა, საოცრად ლამაზი წვიმა, ოღონდ წვიმა თბილისის ქუჩებში – ჰოი, რა შორს ვართ იქიდან და ამისდა, რამდენი რამ გვაერთიანებს. მიხარია. თუნდაც, ეს საერთო მხოლოდ წვიმით მოტანილი სევდანარევი, ნესტიანი სურნელი და ქალაქური ბუღი იყოს – ბოჰემის და მანქანების ნაერთი.
დიდი მადლობა, monsieur ალენ, ამ  შესანიშნავი მოგზაურობისთვის.
p.s. ნამდვილი პარიზი წინ არის! თუმც, ვშიშობ, ის ისეთივე მომხიბვლელი იყოს, როგორიც ამ ფილმშია. ვინ იცის? იქნებ, უკეთესიცაა? მთავარი ისაა, რომ ბევრად უფრო მომინდა იქ წასვლა, ვიდრე ოდესმე. და როტონდა ისევ არსებობს? იქნებ, იქ მაინც წავაწყდე ერთი საუკუნის წინანდელ გმირებს თუ არა, მათ ლანდებს მაინც, ან იქნებ, ისევ იკრიბებიან იქ პარიზული ბოჰემის მამები? ვინ იცის…


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები