ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოკო
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2012


„მზის ჩასვლა“ (მოთხრობა)

„ დასაწყისი“

- გიო!.. გიო!.. გი...ო...
- სად ხარ?
- აქ ვარ გიო, შენთან!...ბიჭმა გოგოს ხელი იგრძნო...
- ნუ გეშინია! თქვა გიომ.
- გიო!..
ბიჭს გაეღიმა და სევდიანი თვალებიდან გამოანათა...
- ნუ გეშინია სულელო...


* * *

გაზაფხულის თბილი საღამო იყო. ჰაერში სიცოცხლის სუნი იდგა, ქუჩაში ახალგაზრდობა ირეოდა, ჩიტები ზეიმობდნენ სითბოს... მზე ჩადიოდა და ბუნებას ბოლო სიყვარულს ჩუქნიდა. იყო სიმშვიდე, სუსტი ნიავი ფრთხილად ეფერებოდა ხეებს, ახლად წამოზრდილ ყვავილებს და ყველა ჩვენგანს ვინც იქ ვიყავით...
- რა ლამაზია არა? მკითხა გიორგიმ და ჩამავალ მზეზე მანიშნა... მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე... გიომ გაიღიმა.
- უჰ, რა დრო გასულა!  ხვალ მამიდაჩემთან მივდივარ დილაუთენია. პატარა საქმეა და უნდა მივეშველო... მოკლედ, მე წავედი და ხვალ საღამოხანს გნახავ.
- კაი გიო, აბა შენ იცი... გიორგიმ კისერზე მომარტყა ხელი, გაიღიმა და წავიდა...
მიდიოდა და მე ვუყურებდი მას. მიდიოდა მოპირკეთებულ ბილიკზე, რომელსაც გარდი-გარდმო ხეები მიუყვებოდა, გიორგის წინ მზე ჩადიოდა. ის უყურებდა წითელ ბურთს, მისგან შეღებილ ღრუბლებს და იღიმოდა. მე მხოლოდ გიოს ზურგს ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ისედაც გამხდარი გიორგი, მზის მეწამულ სხივებში კიდევ უფრო დალეული და მაღალი მეჩვენებოდა, მისი ჩრდილი კი ფეხაკრეფით მისდევდა უკან...



„გიორგი“

გიორგი სუსტი აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ბიჭი იყო. მოკლე თმა ჰქონდა, უყვარდა ოდნავ მოშვებული წვერი და უხდებოდა კიდეც. თოვლივით თეთრი იყო, თაფლისფერი თვალები მუდამ უციმციმებდა და უღიმოდა, თუმცა თუ დააკვირდებოდი ამ თვალებში იმხელა სევდა იყო, იმხელა მწუხარება, თითქოს მთელი დედამიწა ვერ დაიტევდა... თეთრი კანი გიორგის მუქ, თაფლისფერ თვალებს კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს, მეტ სიმკვეთრეს სძენდა და ამიტომ, როდესაც შეხედავდი, პირველ რიგში, მისი სიცოცხლით სავსე თვალები მიიქცევდა შენს ყურადღებას...
დიდი გული ჰქონდა გიოს. ყველას იტევდა შიგნით. ყველას და ყველაფერს ! ერთხელ მაინც რომ გაგეკეთებინა მისთვის სიკეთე (ან სხვისთვის და მას ეს დაენახა), გულში ჩაგიძვრენდა... თუმცა მაინცდამაინც არ ეხერხებოდა გიოს გრძნობების გამოხატვა. ერთს გაგიღიმებდა, თვალებში შემოგხედავდა და შენ უკვე იცოდი რომ მის გულში ხარ.
ერთხელ მე და გიორგი, თბილისის რომელიღაც უბანში ვიყავით. ბიძაჩემმა გაგვგზავნა მანქანის რომელიღაცა ნაწილის საყიდლად. მაშინ ის ნაწილი თბილისში მხოლოდ ერთ მაღაზიაში იშოვებოდა და ჩვენც იქ მივედით.
- გმარჯობათ! შესვლისთანავე მიესალმა გიორგი გამყიდველს... კაცმა ფრთხილად ამოგვხედა.
- გაგიმარჯოს! თქვა ბოლოს... გიორგიმ აუხსნა რაც გვინდოდა... გამყიდველი ტკბილი მოხუცი იყო, თეთრი წვერი ულვაშებთან შეჰყვითლებოდა... თვალები უნათებდა, ბავშვივით სუფთა თვალები ჰქონდა...
უცებ გაეცინა სათნო მოხუცს, ამოგვხედა და დაიწყო:
- თქვენ ჩემსავით ბებერი მანქანა გყავთ არა? აბა „იმპორტულ“ მანქანებს რაღათ უნდათ ეგეთი დეტალები...  რასაც შენ მეუბნები შვილო, საქართველოში თითქმის არ იშოვება... როგორც ვიცი, მხოლოდ ჩვენთან შემოაქვთ და ისიც ცოტა... მაინც იშვიათად რომ ვინმეს დაჭირდეს და მაღაზიებიც არ იღებენ. ისე მგონი სულ გავყიდე რაც მქონდა.. მაგრამ - კაცი დაფიქრდა, და ცოტახნის ფიქრის შემდეგ განაგრძო - ერთიცალი უნდა მეგდოს საწყობში და ახლავე მოგცემთ...
- გაიხარეთ! რამდენად ყიდი ბიძაჩემო?
- რავი აბა შვილო, ეს ნაწილი კაი ხანია ესე მიგდია და აღარც არავინ მოდის რომ იყიდოს. ბოლოს რომელიც გავყიდე ისიც ძლივს გაიყიდა და თქვენ რომ არა მემგონი არც არავინ წაიღებდა და ტყუილა გდებით, ჟანგს უნდა შეეჭამა... ალბათ თქვენთვის უნდა მომეცა და წაიღეთ... კაპიკი არ მინდა თქვენგან. ამის თქმა იყო და წამოდგა კაცი, წელში მოხრილი ფრთხილად დაიძრა, შეაღო კარი, ჩაბნელებულ ოთახში შუქი აანთო და ძებნას შეუდგა... გიორგის შევატყე რომ მოეწონა კეთილი მოხუცი.
- არა, უფასოდ არ გვინდა! დიდი მადლობა, მაგრამ ვერ გამოგართმევთ. თქვა გიომ.
- თქვენ რამდენიც გინდათ გვითხარით და მოგცემთ!
- მე ჩემი გითხარით! - თქვა მოხუცმა - თუ არ გამომართმევთ მეწყინება.
ამ დროს ორი ბიჭი შემოვიდა მაღაზიაში... ორივეს შავი სათვალე ეკეთა. თავები გადაეხოტრათ. ერთი ჯმუხი იყო, მეორე - აყლაყუდა... მაღალი ბიჭი კევს აღლაჭუნებდა, უაზროდ იცინოდა და კრიალოსანს ისე ატრიალებდა თითებში, თითქოს სათამაშო ყოფილიყოს...
- ვა, ვა რა ხალხი ტო! გაუმარჯოს ბიჭებს! თქვა კევიანმა, მერე მეგობარს გახედა და გაიცინა. გიორგი გამყიდველს უყურებდა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ახლადმოსულები.
- გაუმარჯოს. ერთად მივესალმეთ უცნობებს.
- ოე, სოსკა! გამოდი ერთი აბა. დაიყვირა ისევ კევიანმა. როგორც ჩანს იცნო მოხუცმა სტუმრები და აცახცახებული გამოვიდა.
- გამარჯობათ ბიჭებო. როგორ ხართ?
- ჩვენ მაგრად, შენა? კევი გააღლაჭუნა მაღალმა და გაიცინა.
- ვარ რა... ძლივს წაილუღლუღა გაფითრებულმა გამყიდველმა.
- შენა და მუშაობის საქმეები როგორ მიდის?
- კარგად. მოკლედ მოუჭრა მოხუცმა.
- მერე სოსკა?!
- რა მერე? გაშრა გამყიდველი
- რაღა რა ბიჭო?! შეუღრინა მაღალმა.
- სოსკა გქვია ბიძაჩემო? წყნარად იკითხა გიომ და ყველამ მას შევხედეთ.
- სოსო შვილო. ჩუმად უთხრა მოხუცმა.
- აბა სოსკას რატომ ეძახით, რაღაც სოსკის ფორმა არა აქვს. თქვა გიომ, გაიღიმა და ბიჭებს თვალებში შეხედა.
- ეგ რა შენი საქმეა ბიჭო?! დაიღრიალა ჯმუხმა. მე მივხვდი საქმის ვითარებას და მოხუცი დავაჩქარე.
- ეგ ჯერ ჩვენ მოგვცემს წილს ! თქვა მაღალმა.
- მეორედ დამიყვირებ და კბილებს დაგამტვრევ! წყნარად უთხრა გიომ ჯმუხს. ჯმუხი გაიქაჩა, მაგრამ კევიანმა გააჩერა...
- მოიცა, მოიცა - დაიწყო სიცილით - ბიჭო გითხარი უკვე! როგორც ვიტყვი ისე იქნებათქო!
- ვითომ რატო? იკითხა გიომ.
- იმიტომ ბიჭო რომ ეგრეა!
- რატოა ეგრე?!
- იმიტომ რომ ჩვენი უბანია და როგორც ჩვენ ვიტყვით ისე იქნება! (თავიდანვე მივხვდი რომ უბნის ყოჩები იყვნენ).
- ახლა გაიგე ?! გამომწვევად წამოწია თავი კევიანმა, სათვალეები ჩამოიწია და გაიცინა.
- შენი და ჩემი უბანი რა შუაშია?! ჯერ ჩვენ მოვედით, მოვათავებთ ჩვენს საქმეს და მერე თქვენსას მივხედოთ! თქვა გიომ.
- რა?! მივხედოთ? მოიცა შენც აპირებ ამ საქმეში ჩარევას? იკითხა კევიანმა.
- ამ კაცს ვერავინ შეეხება. თქვა გიომ და მოხუცს გახედა, რომელმაც აჩქარებით გამომიტანა ის რისთვისაც მოვედით და შემევედრა:
- წადით შვილო , არაფერი არ მინდა... წადით გთხოვთ!.. მე პარკი ძირს დავდე.
- ოე ბიჭო, შენ რას მიწყვეტავ მე რა ვქნა და რა არა?! როგორც მინდა ისე იქნება! - მერე ჯმუხს გახედა კევიანმა და თქვა - ამას ბიჭო საბავშო ბაღში ჰგონია თავი ტოო.. დაგვტუქსა და ეხლა რა ვქნათ? დედა ხო არ დავიფიცო რომ აღარ ვიზავ?!...
- ეგ რა შუაშია ?! გავმწარდი მეც. სულმთლად ავენთე...
- აუ ამათ გავგლიჯავ - თქვა კევიანმა და განაგრძო - ეხლა ხუთამდე ვითვლი და გამასწარით! 1... 2... 3 - მაღალმა მუშტის თავებზე კრიალოსანი გადაიჭდო... გიოს გაეღიმა...
- ეს ბიჭო ჩვენი უბანია და რაც გვინდა ის იქნება! შეაწყვეტინა თვლა ჯმუხმა.
- მაშ თქვენს უბანში სამართალი ქრება, კაცს კაცობა ერთმევა და რაც უნდა ცამდე მართალი იყოს სიტყვა აღარ ეთქმის არა?! გიორგის ხმაში უკვე ბრაზი იგრძნობოდა და მე მოვემზადე...
- აუუ, 4, 5 - მორჩა თვლას ჯიბგირი და რაღაც დაიძახა... ოთახში ოთხი მუტრუკი შემოლაგდა.
- თქვენი დედ... დაიწყო კევიანმა მაგრამ გიომ არ დაასრულებინა და ისეთი აჯახა კევი გადაეყლაპა უბნის ყოჩს... მე ყველაზე დიდს ვეცი და სამჯერ შემოვარტყი, უგონოდ დაეცა... მერე რაღაც მომხვდა და თვალებში დამიბნელდა. წავიქეცი, ვგრძნობდი ტკივილს, დარტყმებს და მესმოდა გინება.. რომ დაიღალნენ და წავიდნენ, თვალები ფრთხილად გავახილე და მაღაზიას მოვავლე. გიორგი იჯდა, სისხლი სდიოდა წარბიდან და ცხვირიდან, მოხრილ მუხლებზე მკლავები დაეკიდა და იღიმოდა... მე თავი ჩავღუნე და ყელში რაღაც მომებჯინა.
- როგორ გვცემეს ჰა?! ვფიქრობდი ჩემთვის
- ეგ არაფერი ძმაო. - მიმიხვდა გიორგი დარდს - ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. თქვა და სახლში წავედით. მოხუცი ქვითინებდა. მე გიოს შევხედე და მივხვდი, რომ იმ ტკბილი მოხუცის ცრემლებს არავის შეარჩენდა... მეორე დღეს დავბრუნდით, იმდენივე ვიყავით, რამდენიც ისინი და კარგადაც მოხვდათ... კიდევ რამდენჯერმე მოგვიხდა დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ თავისი მიიღეს და მას მერე ამ ჯიბგირების დაჩაგრული კაცი აღარ გვინახავს...


„ბაღი“

გიორგი მიეხმარა მამიდამისს. შუადღემდე ეხმარებოდა. მერე თავის პატარა მამიდაშვილს, გვანცას შუბლზე აკოცა, გულში ჩაიკრა და დაემშვიდობა
საღამოს შევხვდით ბაღში. ბაღი გორაკის თავზე იყო გაშენებული... ამ პატარა მოსწორებულ ადგილას უამრავი ხე იყო და თითოეულ მათგანს თავისი ისტორია ჰქონდა. ხეებს შორის მიმოფანტულად ჩაელაგებინათ გრძელი სკამები, მათ უკან კი სხვადასხვა ფერისა და სურნელის ყვავილი დაერგოთ. ბაღის ერთი ბოლო ხევთან მთავრდებოდა. ხევში, ცოტა მოშორებით მწვანეში ჩაფლული სახლები მოსჩანდა, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა, იმის იქეთ კი მთები იყო...
მე და ნინი ბალახზე ვიჯექით. ფეხები გაშლილი მქონდა, ოდნავ მოხრილი და მათ შორის იჯდა ნინი... მე მისი ზურგის სითბოს ვგრძნობდი, თავი მის მხარზე მედო და გავყურებდი მთებს. ვტკბებოდი გაზაფხულის ამ მშვიდი საღამოს არსებობით.  მზე ჩადიოდა. ამ დროს გიორგი მოვიდა. მარტო მოვიდა... გვერდზე მოგვიჯდა და მოგვესალმა. ის წერდა.
- რას წერ გიო? ვკითხე მე.
- რას უნდა ვწერდე...
- ლექსს წერ ისევ ხო? ჰკითხა ნინიმ. გიოს გაეღიმა რაც თანხმობას ნიშნავდა. ჩამავალი მზე გიორგის თეთრ სახეს ისე ანათებდა, ისე ათბობდა, ისე ალამაზებდა და აცოცხლებდა მის თვალებს რომ იფიქრებდი, რაც კი ქვეყნად სითბოა სულ ეს ბიჭი ატარებსო. არ იყო გიორგი ლამაზი. მხოლოდ თვალები ალამაზებდა მას, თვალები კი სულის სარკეა ხო იცით?...
გიორგი წერდა... მერე წამოდგა და ხევს მიუახლოვდა. ის იდგა ბაღის კიდეში, სადაც მოსწორებული მდელო მთავრდება და ხევი იწყება... იდგა და ჩამავალი მზის სხივებთან ერთად სითბოდ მეღვრებოდა გულში.
გიორგი ჩემი ძმა იყო. ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. არა აქვს მნიშვნელობა სისხლს, რეზუს დადებითსა თუ უარყოფითს, მთავარია სული, გული იყო მთავარი. გულით კი ძმა იყო ჩემი...




„გვანცა“


შემოდგომის თბილი საღამო იდგა. ფოთლები ფრთხილად ეფინებოდა ქუჩებს. მე და გიორგი ნელა მივდიოდით და ვხუმრობდით, ვიცინოდით. გიო ფეხით ფანტავდა ყვითელ საფარს. მერე ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ფოთლების ხრაშუნი და შრიალი ისმოდა. სუსტი ნიავი ეფერებოდა გარემოს. ჩამავალ მზეს კიდევ უფრო გაეყვითლებინა სამყარო და ასე მეგონა მთლად ოქროს ქუჩაზე მივდიოდით. გიორგის თეთრ სახესაც თბილი ფერი დასდებოდა. ისევ უღიმოდა სევდიანი და წყლიანი თვალები...
- რას შვები იმ გოგოზე ? ვკითხე გიოს და სიჩუმე დაირღვა.
- რომელ გოგოზე?
- აი იმაზე რა, რომ დაგდევს. მაგაზე ამბობენ კახპააო ხო იცი?
- ხო ვიცი, მაგრამ შენ რატომ იძახი მაგას?
- რას?
- რას და იმას რომ კახპაა.
- ეგრეა და რატომ არ უნდა ვთქვა ვითომ? თავი გავიმართლე უცებ..
- რა იცი რომ ეგრეა? წაასწარი?
- წასწრება რა შუაშია ?! ხალხი ამბობს მასე.
- ხვალ ხალხს ვეტყვი რომ არაკაცი ხარ, ზეგ ყველა იგივეს გაიმეორებს. ესეიგი არაკაცი იქნები ხო ?
- რატო ვიქნები ვითომ?! გავუბრაზდი გიოს.
- ხალხი იტყვის და მაგიტომ!.. გიოს გაეღიმა და ლოყაზე მომარტყა ხელი. მივხვდი რომ გიო მართალი იყო.
- ხო მაგრამ ისეთებმა მითხრეს... მაინც არ ვიტეხდი იხტიბარს...
- ჩემზე ახლობელი გყავს ვინმე?
- არა.
- ხოდა მე გეუბნები რომ არაა კახპა ეგ გოგო... ყოველშემთხვევაში ჩემთან არაფერი შეშლია და სხვის ჭორებზე არავის არც შევიყვარებ და არც შევიძულებ!
- ანუ... ჩაფიქრებულმა წავილუღლუღე...
- რა ანუ?
- ერთად ხართ?
- არა ბიჭო... მეგობარია... რაღაც ეგეთი... ხომ იცი მე ვინც მიყვარს... თქვა გიორგიმ, მერე  სევდიანად შეხედა მზეს და რაღაც ისროლა...  ცოტახანს იფიქრა და თქვა:
- რა საოცრებაა, ადამიანებს ხელები გვემორჩილება, დავდივართ, რამდენი რამის კეთება შეგვიძლია და მაინც იშვიათად რომ რამე ღირებული შევქმნათ.  ძირითადად განადგურებაა ჩვენი სფერო... ფოთლები კი... ფოთლები ჩვენს დაბინძურებულ ჰაერს წმინდავენ და მაშინაც კი როცა ჭკნებიან და კვდებიან ისეთ ლამაზ და თბილ სურათს გვიხატავენ, როგორსაც ახლა ვუყურებთ. თქვა და მოოქროვილ ბუნებას მოავლო თვალი...



* * *
- გამარჯობა მამიდა. შესვლისთანავე მიესალმა გიორგი ქეთი დეიდას.
- გამარჯობა შვილო. თქვა მამიდამ და გიორგის მოეხვია.
- გამარჯობათ ქეთი დეიდა. მივესალმე და ფრთხილად შევაბიჯე ოთახში.
- გაგიმარჯოს შვილო. შემოდი, შემოდი, ნუ გერიდება. ცოტა ხანი მაცალეთ და გემრიელ ლობიანებს მოგართმევთ.
- გვანცა სადაა? იკითხა გიომ.
- ოთახშია წევს. წუხელ სიცხე ჰქონდა და წევს ახლა...
- გაცივდა?
- ხო ალბათ. ხო იცი პატარების ამბავი?!.. ახლა კი უკეთაა, მაგრამ იწვეს მაინც, გამოშუშდება. თქვა ქეთი დეიდამ და სამზარეულოში გავიდა... ჩვენ გვანცასთან შევედით. გიოს დანახვაზე  დასუსტებული ბავშვი წამოფრინდა საწოლიდან და გიორგის შეახტა... მეც ვაკოცე გვანცას. ძალიან საყვარელი და ლამაზი ბავშვი იყო. გამხდარი, მასაც გიოსავით ცოცხალი, მუქი თვალები ჰქონდა, სულ ერთთავად იღიმოდა, ოღონდ ის შავგვრემანი იყო.
- როგორ ხარ პატარა ანგელოზო? კითხა გიომ
- კარგად. შენ?
- უკეთ.
- სკოლაში რა ხდება?
- არც არაფერი ვსწავლობ და ვარ.
- შეწექი ეხლა თორე სიცხეს მოგცემს ისევ... ვთქვი მე. გვანცა შეწვა.
- გიო, რაღაც დაგიხატე, - თქვა გვანცამ - აი იქ, იქ ნახე გიო... იძახდა ბავშვი და პატარა გაფშეკილ თითს უჯრისკენ იშვერდა... გიომ გამოაღო უჯრა
- აი მანდაა გიო, ოთხადაა გაკეცილი. გიომ მიაგნო ქაღალს, ამოიღო, გაშალა და უცებ გაშეშდა... აშკარად დიდი სითბო ჩაეღვარა გულში, სითბო და სინანული...
- მანახე აბა. ვუთხარი და ხელი გავუწოდე. გიომ მომაწოდა ქაღალდი, თვითონ კი გვანცასთან მივიდა და გულში ჩაიკრა...
- ვაი... გავიჭყლიტე გიო - სიცილით იძახდა პატარა ანგელოზი.
- ძალიან მიყვარხარ ციცქნა... თქვა გიომ და ბავშვს ხელი გადაუსვა თავზე...

ფურცელზე ყვავილებით მორთული მდელო ეხატა, მდელოდან გზა პატარა ქოხისკენ მიდიოდა, რომლის საკვამურიდანაც კვამლი ამოდიოდა. ცაზე მზე იცინოდა. ყვავილებში კი გიორგი და ხატია იწვნენ... გიო იღიმოდა...



„ფიფქები“


დღეები დღეებს მისდევდა... აცივდა. ყოველ დილით სუსხი ასფალტს კენჭებს უთვლიდა. ცოტაც და და თოვლი მოვიდა... ძლიერი ყინვები დაიჭირა. მძულდა ზამთარი, ყინვა, სუსხი,საშინელი ამინდები... გიორგი კი სხვანაირად იტყოდა, ის ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდა... არ უყვარდა ზედმეტი სიცხე და არც ზედმეტი ყინვა ეხატებოდა გულზე, მაგრამ უყვარდა ყველა წელიწადის დრო. უყვარდა გაზაფხული, როდესაც ბუნება იღვიძებს, იკაზმება, იპრანჭება, უყვარდა ათასფრად მორთულ-მოკაზმული, კეკლუცი ზაფხული, უყვარდა შემოდგომა, ჭრელი, თბილი ფოთლები, უყვარდა ზამთარიც, ახალი წელი, უყვარდა თოვლი, განსაკუთრებით ღამით, ლამპიონების ყვითელი შუქით გამთბარი თოვლი და ამ შუქში მოფარფატე ფიფქები...
იმ დღეს გიორგისთან უნდა შემევლო, მერე კი ნინი უნდა გვენახა საავადმყოფოში. ნინი ცუდად იყო... ხელიდან მეცლებოდა ჩემი ერთადერთი სიყვარული. მივედი გიოსთან. მას ეღვიძა. ფანჯრის პირდაპირ მდგარ მაგიდასთან იჯდა, ჩაის სვავდა და ჩუმად უყურებდა ციდან წამოსულ ყინულის ნამცეცებს.
- გიო მალე წავიდეთ რა.. ვთხოვე მე.
- კაი, ახლავე... გიომ უცებ გამოცალა ჭიქა და ჩვენ წავედით.


* * *

მივდიოდით ჩუმად და მხოლოდ თოვლის უცნაური ხრაშუნი გვესმოდა...
- გიო..
- რა იყო?
- რომ მოკვდეს?...
- არ მოკვდება!
- მეშინია... ძლივს წავილუღლუღე.
- ნუ გეშინია...
- არაფერი არ სჭირდა, არაფერი აწუხებდა და ასე უეცრად მოწმენდილ ცაზე...
- გეყოფა! ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. თქვა გიომ. მე გავჩუმდი... ვფიქრობდი...
- რა ვქნა მერე გიო?.. მუდარანარევი ხმით ვკითხე გიოს.
- როდის მერე?
- თუ მოკვდა... მერე რა ვქნა?...
- არ მოკვდება...
გაჩერებამდე მივედით...


* * *

გიორგი იდგა და ჩუმად უყურებდა რაღაცას... მეც იქით გავიხედე საითაც გიო იყურებოდა და... მე ის ვიცანი... თაფლისფერი თვალები, ლამაზი, სწორი ცხვირი, სისხლისფერი, მწიფე ტუჩები, ტალღოვანი თმა. ყვითელი ქუდი ეფარა, ცხვირი ყინვისაგან გაწითლებოდა და თათმანებიან ხელებში სულის ჩაბერვით ითბობდა... ეს იყო ხატია... ლამაზი, ნაზი. მეგობარ ბიჭთან ერთად იდგა და იცინოდა... გიორგი იდგა და უყურებდა ხატიას, უყურებდა და გრძნობდა რომ მისთვის ზედმეტი იყო... ხატიამ იგრძნო გიორგის მზერა და შეხედა, მერე თვალი აარიდა. იყურებოდა ყველგან. უყურებდა ყველას და ყველაფერს, გიორგის კი თვალს არიდებდა. არ ქონდა მნიშვნელობა რას ან ვის შეხედავდა, მთავარია ეს გიო არ ყოფილიყო.
გიორგი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, იდგა გაშეშებული და უყურებდა მოპირდაპირე ტროტუარზე მდგარ ხატიას, წარბები ზემოთ ასწეოდა და სევდიანი თვალებით უყურებდა მის ერთადერთ სიყვარულს, რომელსაც არ სჭირდებოდა გიორგი, მის გარეშეც ბედნიერი იყო...
გიორგის ესმოდა ეს და სციოდა, ტკიოდა გულის სიღრმეში. თოვლის ფიფქები ათოვდა სახეზე, მის წარბებზე და წამწამებზე ჩერდებოდა და გიორგი თითქოს მოხუცდა, დასუსტდა, გული შეეკუმშა, მისი წყლიანი თვალები კიდევ უფრო მეტყველი და სევდიანი გახდა...
ფიფქები კი ცვიოდა და გიორგის გაყინულ სულს ნაზად ეფინებოდა...



„  არაკაცი “

ჩუმად და გაუნძრევლად იჯდა ავტობუსში გიორგი. ხმას არ იღებდა, ფანჯრიდან იყურებოდა, მაგრამ ვგრძნობდი სულ სხვარამეს ხედავდა, სხვაგან იყო გიორგი ფიქრებით. მინდოდა რაღაც ისეთი მეთქვა, რაც გაახალისებდა, გაამხიარულებდა, მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა. უცებ გამახსენდა რომ გიოსთვის უცხოეთიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მობილური უნდა გამოეგზავნათ, რომელსაც სულმოუთმენლად ელოდა... არ გიჟდებოდა ძვირფას ნივთებზე, მაგრამ ეს მობილური ძალიან მოსწონდა და დღეებს ითვლიდა.
- რაო ბიჭო, როდის გიგზავნიან მობილურს?
- მგონი დღეს ჩამოვა...
- ვა, მაგარია. წინასწარ გილოცავ.
გიორგის აღარაფერი უთქვამს. ჩემი მცდელობა უშედეგო გამოდგა.


* * *

საავადმყოფოში რომ მივედით, ნინი უსიცოცხლოდ იწვა. თვალები ჩაშავებოდა, ჩასცვენოდა, ტუჩები გამოშრობოდა და სულ გაფითრებულიყო. მე მივედი და ხელი მოვკიდე. ნინიმ მიცნო და ცერა თითით, სუსტად დამიწყო ფერება ხელზე. ყელში ბურთი მომაწვა და ცრემლები ძლივს შევიკავე.მთავარ ექიმს ველაპარაკე და ასე მითხრა, მარტო ოპერაცია თუ უშველისო. ოპერაციის გარეშე მაქსიმუმ ერთი კვირა ეცოცხლა. ნინის მშობლები უცხოეთში იყვნენ და ვერ დავუკავშირდით. სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია. მე კი ფული არ მქონდა. ბანკში ვალების გადაუხდელობის გამო ყველაფერი გამიყიდეს და შავ სიაში შემიყვანეს... ხელფასი წინასწარ ავიღე, ნაწილი ბინის ქირას მოვახმარე, ნაწილი კი ყოველდღიური საჭმლის ფულად მქონდა გადადებული და რომც ამეღო ის ფული, მაინც ვერ გადავიხდიდი ნინის ოპერაციის საფასურს. გიოსაც ვერ ვუბედავდი ფულის თხოვნას, მერიდებოდა.
პალატაში ვიჯექი, ნინის ხელი მეჭირა და ვკოცნიდი, ვეფერებოდი. რაღაც ამოუცნობი წვავდა ჩემს გულს, ყინულივით ეწვეთებოდა სულში და მთელ სხეულს ჟრუანტელად უვლიდა...
- წავედი! თქვა გიომ.
- სად მიდიხარ? ვკითხე მე.
- მობილური ჩამოვიდა და უნდა ავიღო... გიორგი წავიდა. დავრჩი ნინისთან მარტო... დავრჩი მარტო, უსუსური და ვუყურებდი როგორ მეცლებოდა ჩემი ერთადერთი სიყვარული ხელიდან.
- რა ვქნა ეხლა მე?! გიორგიც ძმაკაცია რა... ეხლა ჩემი დატოვება იქნებოდა? ხომ იცის რა ცუდად ვარ?! მაგრამ არა! წავიდა... ვფიქრობდი მე და რაც უფრო დიდხანს ვაგრძელებდი ამაზე ფიქრს, უფრო მეტად ვბრაზდებოდი გიოზე...
- რა დროს მობილურია?! ძმაკაცი ლამის გაგიჟდეს დარდით და ეს მობილურებს დასდევს... დებილი! დავშორდები და მიყაროს მერე კაკალი. არა როგორ წავიდა ჰა?! ზედ აღარ შევხედავ. ხატიასგანაც მეტის ღირსია!.. ხომ მიაგდო?!.. აი ეგრე! მოუხდება!.. თვითონ რა, ნაკლები ქნა ვითომ?! მობილურში გაცვალა ძმაკაცი... სახეში შევაფურთხებ... მაგის ღირსია... არაკაცი!..

* * *
გადიოდა საათები და ნელ-ნელა მეცლებოდა ხელიდან ნინი. ეს უფრთო ანგელოზი ჩემს თვალწინ ქრებოდა... ძლივსღა ფეთქავდა... ვერაფრით ვეხმარებოდი... გული მტკიოდა და ვგრძნობდი, რომ ჩემი სიყვარული სასიკვდილოდ იყო განწირული... ყველაფერი აზრს კარგავდა... ჰაერს ძალა ეცლებოდა, სუნთქვა მიჭირდა... დავსუსტდი და ნინისთან ერთად მეც ვკვდებოდი... ყოველი ჩასუნთქვისას ჰაერი ფილტვების მაგივრად გულს მივსებდა, გულს ევლებოდა და მერე ისიც მტოვებდა...
უცებ გიორგი შემოვიდა. იღიმოდა.
- რა გინდა?! მკვახედ ვკითხე მე. გიორგის ექიმები შემოყვნენ და ნინი პალატიდან გაიყვანეს.
- დროზე ბიჭებო, დროზე ! იძახდა მთავარი ექიმი...
- რა ხდება? სად მიგყავთ?!
- ნუ გეშინია ძმაო! ნინი კარგად იქნება. მითხრა გიომ და ხელი მხარზე დამადო... მე მისი ხელი უხეშად მოვიშორე და მკვახედ ვკითხე:
- რა ხდება?! გიორგის გაუკვირდა ჩემი ასეთი ქცევა, მაგრამ არ შეიმჩნია და წყნარად მიპასუხა:
- ნუ გეშინია. ეხლა ნინის ოპერაციას გაუკეთებენ და ყველაფერი კარგად იქნება. აგერ ნახავ, სულ მალე შენი ანგელოზი ჩიტივით იფრენს.
- ხო მაგრამ... - მე დავიბენი - ფული არ მაქვს გიო...
- მე მაქვს! გიომ გაიღიმა...
- საიდან გიო?
- შენ რა გინდა კაცო, მაქვს რა... ესეც შენ - თქვა და ჯიბიდან ხუთას ლარამდე ამოიღო...
- ექიმმა მითხრა ეს წამალი მიიღოს ოპერაციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში და ჩიტივით იქნებაო... ხოდა ამ ფულით უყიდი რა.
- ეგ წამალი ჰა ჰა 50 ლარი ღირდეს... აქ კი 500 ლარამდეა გიო... ძლივს გასაგონად ვთქვი და თავი დავხარე.
- არაუშავს ან კაბას უყიდი, ან სუნამოს და საავადმყოფოდან რომ გამოწერენ აჩუქებ. გაუხარდება ბიჭო.. ათასი რამის მოფიქრება შეიძლება კიდევ, მოკლედ ეგ უკვე შენ იცი... მითხრა გიომ. ისევ გაიღიმა და ლოყაზე მომარტყა ხელი.
მე შემრცხვა. შემრცხვა ისე როგორც არასდროს შემრცხვენია... სულ ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში: „არაკაცი“
- როგორ ვიფიქრე ჰა?! რა სულელი ვარ! ცრემლები მახრჩობდა, ხმას ვერ ვიღებდი და უცებ გიოს მოვეხვიე... მაგრად ჩავიკარი გულში... გიომ გაიცინა და ხელში ამიტაცა...


„უსასრულოდ“

მე და გიო მოსაცდელში ველოდებოდით ოპერაციის დამთავრებას. საუკუნესავით იწელებოდა წუთები. ასე მეგონა აღარასდროს დასრულდებოდა ეს წყეული 2 საათი, რომელიც ჩემსა და ნინის შორის იდგა... ვნერვიულობდი. გიორგიც თავის ფიქრებში წასულიყო. მომეჩვენა თითქოს რაღაც ამოცანას უკირკიტებდა და ვერ ამოეხსნა. მერე თითქოს პასუხს მიაგნო. გაშრა. თვალები მოლულა, დახუჭა, მერე გახსნა და ჰაერზე გავიდა... გააბოლა... ცოტახანში შემოვიდა. გიორგი კარების ზღურბლზე იდგა, ცალი ფეხი მოკეცა, მხრით კი ჩარჩოს მიეყრდნო... გიორგის გაეღიმა და...
- გეგონა მიგატოვე? წყნარად მკითხა გიომ. გავცივდი!
- რა? დაბნეულმა ვკითხე... გიორგი უთქმელად გავიდა გარეთ... ცოტახანი გაუნძრევლად ვიჯექი. გავშრი. მერე ძლივს ავდექი და გიოსთან გავედი. არ ვიცოდი რა მეთქვა. ასე, ჩუმად ვიდექით მე და გიო... მერე ხელი დავადე მხარზე და შევხედე... გიომ მომხედა, გამიღიმა... მეც გავუღიმე. სიტყვები ზედმეტი იყო. ერთმანეთს გადავეხვიეთ.
- მაგრად მიყვარხარ ბიჭო! ჩემი ძმა ხარ ხო იცი და ეგ... ეგ აღარ იფიქრო! მითხრა გიომ... მე არაფერი მითქვამს.


„სიცოცხლე“


ერთი თვე და ნინი ჩიტივით იყო. აღარაფერი აწუხებდა. ძალიან ლამაზი კაბა ვუყიდე. სულ ის კაბა ეცვა... გიოს ცოტა ფული კიდევ შემორჩენოდა და ნიშნობის ბეჭდები გვიყიდა. მე მომცა და მითხრა, მზად რომ იქნები ხელი სთხოვე, ხომ იცი როგორ უყვარხარო. მეც დავპირდი რომ ასე მოვიქცეოდი.
გადიოდა დრო და გიორგის ისევ ხატია უყვარდა, უყვარდა მთელი არსებით, მთელი გულით...
- ხომ იცი ჩემი სიცოცხლეა ეგ გოგო!... მეტყოდა ხოლმე გიო როცა ხატიაზე ვუწყებდი ლაპარაკს. არ ვიცოდი რატომღა უყვარდა გიორგის ხატია.
ერთხელ ქუჩაში შეხვდნენ ერთმანეთს. ხატია ისევ იცინოდა. გიორგი რომ დაინახა სახე შეეცვალა, დასერიოზულდა. გიორგი მიესალმა და აკოცა. ხატიამ არ აკოცა, ხმა არ ამოუღია, იდგა და უყურებდა გიორგის ისე თითქოს მის წინ ყველაზე საზიზღარი კაცი მდგარიყოს.
- როგორ ხარ ხატი? კითხა გიომ... ხატია შებრუნდა და წავიდა. წავიდა ისე რომ ხმა არ გაუცია გიორგისთვის. გიო გაშრა, რაღაც ცივმა დაუარა ტანში, გაცივდა, გული აეწვა... ხატია მიდიოდა და გიორგი უყურებდა მის ზურგს...
რატომ?! მხოლოდ იმისთვის რომ უყვარდა?! ასეა! ღორს ბრილიანტი არ უნდა დაუყარო. მაინც ვერ მიხვდება რომ ძვირფასია, დაღეჭავს, დაღრღნის, დაფშვნის, ზედ რას აღარ იზავს, გასთელავს ბინძური ფეხებით... იმიტომ რომ არ იცის ბრილიანტის ფასი... მაგრამ... მაგრამ გულს ვერ უბრძანებ, ის თვითონ ირჩევს ვინ შეიყვაროს და ვინ არა...



„შეხვედრა“


გაზაფხულის თბილი საღამო იდგა. ჩიტები გალობდნენ. გიორგის ერთ ადგილას უყვარდა სეირნობა... იქ იშვიათად რომ ვინმე ყოფილიყო. გზას ორივე მხრიდან ხეები ეკრა. ჩიტები გალობდნენ.  გზა წრისმაგვარ გაშლილ ადგილას მთავრდებოდა, რომელსაც გარშემო უამრავი ხე შემოვლებოდა... ტყე არ იყო, თუმცა ბევრიც არ ეკლდა, ამიტომ ტყეს ვუწოდებ და თქვენ უბრალოდ ბევრი ხე იგულისხმეთ. აქ, როგორც უკვე ვთქვი, იშვიათად რომ ვინმე ყოფილიყო, ერთადერთი შეყვარებულებს უყვარდათ ამ მშვენიერ ადგილას განმარტოვება...
ამ დღესაც სწორედ აქ მოვიდა გიორგი. სეირნობდა და ფიქრობდა. ოცნებობდა, ჩანახატებს აკეთებდა... როდესაც წრეს მიუახლოვდა, იქვე ქვაზე ჩამოჯდა. ტყიდან გოგოს კისკისი ისმოდა... მერე კოცნის ჩუმი ხმა გაიგო გიორგიმ, გაეღიმა... უცებ მოუნდა იმათ ადგილას ის და ხატია ყოფილიყვნენ. ოღონდ არა კოცნა, და მოფერება... ასეთ წვრილმანებზე გიო არ ფიქრობდა... გიოს მოუნდა რომ ხატიას მისთვის გაეღიმა, რამე ეთქვა... უბრალოდ ხელი ჩაეკიდა გიოსთვის და ესეირნათ...
გოგონას ძალიან თბილი და ნაცნობი ხმა ქონდა... თითქოს სადღაც გაეგო ეს ხმა გიოს, თუმცა არა... რაღაც ეშლება. გიორგიმ სიგარეტს მოუკიდა და ფიქრებში წავიდა... ერთი ნაფაზი, მეორე, მესამე, მეოთხე... გიორგის კვამლი გადასცდა და დაახველა.
- გაჩე აჩი, გაჩე! ვიღაცაა... ჩუმად თქვა გოგონამ. გიომ გაიგო უცნობის ხმა და თბილ ბგერებად ჩაეღვარა გულში... ძალიან მოუნდა გიორგის მისი ნახვა.
- მერე რა?! იყოს... ბიჭი კოცნიდა.
- გაჩეთქო რომ გეუბნები! მორჩა წავედით...თქვა გოგონამ. გიორგიმ ფეხის ხმა გაიგო და მშვენიერების ხილვის მოლოდინში გული შეეკუმშა. ფეხის ხმა უახლოვდებოდა გიოს...ისიც იმ მხარეს უყურებდა ტყეს საიდანაც, ხმა მოდიოდა... ცოტაც, ცოტაც და გიორგი გაცივდა....



* * *

აქამდეც იცნობდა გიორგი ხატიას ხმას, უბრალოდ ბოლოს როცა ხატია გიოს დაელაპარაკა ისინი პატარები იყვნენ... მას შემდეგ კი რაც გიორგიმ უთხრა მიყვარხარო, ხატიას აღარაფერი უთქვამს გიოსთვის.
გოგონას მოკლე კაბა ეცვა, თმები გაშლილი და აჩეჩილი ჰქონდა, სისხლისფერი ტუჩები კი პომადით მკრთალად, ძლივსშესამჩნევად მოთხუპნოდა... გიორგი გაშრა.
- გამარჯობა ხატი... თავისდაუნებურად მიესალმა გიო. ხატია უხერხულად შეიშმუშნა, გიორგის თვალი აარიდა და აჩიკოს მოეხვია.
- ვინ არის ? იკითხა აჩიკომ
- არავინ! მოუჭრა ხატიამ და ასე ჩახუტებულები მიუყვებოდნენ გზას. გიორგი გაშტერდა, თავის პირდაპირ გაფუჭებულ ასფალტს დასცქეროდა.
- არავინ არ ვარ!.. არავინ... ფიქრობდა გიო. ისმოდა მხოლოდ ფოთლების შრიალი და ფეხის ხმა... აქა-იქ გოგოს კისკისი... გიორგი იჯდა ჩუმად და ვეღარ ხედავდა ვერაფერს, აღარაფერი ესმოდა, უეცრად კივილმა გამოაფხიზლა და როდესაც მარჯვნივ გაიხედა ვიღაცის ლანდსღა მოჰკრა თვალი, რომელიც გზიდან ბუჩქებში გადავიდა... იქაც ბევრი ხე იყო, ხეებს შორის კი წრედ მოტიტვლებული ადგილი...
გიორგი ვერ მიხვდა რა მოხდა. ცოტახანში წამოდგა და ბუჩქებისკენ გაიქცა. ეშინოდა რამე ისეთი არ დაენახა რაც კიდევ უფრო მოუკლავდა გულს.
- იქნებ ერთმანეთს წაეთამაშნენ, აჩიკომ კოცნა დაუპირა და კეკლუცური ხმაურობით თვალს მიეფარნენ რომ მე აღარ დამენახა?  ფიქრობდა გიორგი, მაგრამ არა! გული ცუდს უგრძნობდა და ვერ დაწყნარდებოდა სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავდა რა ხდებოდა იქ, ხეებში... გიორგი ბუჩქებში გადავიდა და მოტიტვლებულ წრემდე გაუყვა ხეებს...
- ეგ საათიც მანდ დააგდე, ეგ ოქროს სამაჯურიც, ჯვარიც! დროზე ბიჭო.. -ისმოდა ხმები... - ეხლა კი მოკურცხლე! - თქვა ნიღბიანმა და უჟმურად გაიცინა, თან ხელში თოფს ატრიალებდა. აჩიკო და ხატია საცაა უნდა გაიქცნენ და..
- ე ბიჭო, მე შენ გითხარი წადითქო, გოგო ჩემთან რჩება! არა ფისო?! - თქვა ბანდიტმა და უხეშად გაიცინა - შენ კი დროზე მომწყდი თავიდან და მარტო დაგვტოვე მე და პრინცესა... ხოდა კიდევ, პოლიციას არ შეატყობინო თორემ ხო იცი, ციხეს ორი კარი აქვს... გიპოვი და დედას გიტირებ...
გიორგის ესმოდა ეს ყველაფერი და ფეხს აუჩქარა... ამ დროს არჩილი გაიქცა და მისი სირბილისგან გამოწვეულ ფეხის ხმაურში გიო შეუმჩნევლად მიუახლოვდა ბოროტმოქმედს... როდესაც გიორგიმ ხატია და  ნიღბიანი დაინახა, ყაჩაღი შარვალს იხსნიდა... ხატიამ გაქცევა სცადა. ნიღბიანი თმებში სწვდა და ძირს დააგდო... ხატიამ იკივლა... გიორგი  აენთო..
- უხ შე არაკაცო!! -  დაიძახა გიომ და სანამ ყაჩაღი გონს მოვიდოდა, ყბაში ისეთი მოსდო, ნიღბიანი უკან გადავარდა და ცხვირიდან სისხლი წასკდა..
- როგორ ხარ ხატი? ჰკითხა გიორგიმ ხატიას და მისკენ დაიხარა... ხატია ხმას ვეღარ იღებდა... მუნჯის თვალებით უყურებდა გიოს. შერცხვა. არ იცოდა რა ეთქვა.
- აქეთ მობრუნდი! შენ გელაპარაკები ბიჭო!.. გაისმა ხრინწიანი ხმა... გიო წამოდგა, და მიბრუნდა. მის წინ შეიარაღებული ავაზაკი იდგა, რომელსაც ცხვირპირიდან სისხლი სდიოდა და გიორგის იარაღს უმიზნებდა.
- შენ როგორ შეეხე ხატიას?! დაიყვირა გიორგიმ, მუშტი შეკრა და ქურდისკენ დაიძრა. არ გაჩერდა სანამ დამიზნებული იარაღი გულზე არ მიებჯინა...
ხატია უყურებდა გიორგის და გრძნობდა რომ მის წინ ნამდვილი ვაჟკაცი იდგა, ადამიანი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ის და მისთვის სიცოცხლეს არ დაიშურებდა...
- მოგკლავ! დაიყვირა ყაჩაღმა..
- ფეხებსაც ვერ მომჭამ!
- ნუ მაიძულებ ლაწირაკო! იმუქრებოდა ნიღბიანი.
გიორგი არ ნებდებოდა...
- მოგკლავ ბიჭო! გამეცალე აქედან თორემ მოგკლავ! ხმა აუკანკალდა ავაზაკს.
- მომკალი შენი დედა ვატირე! თქვა გიომ და ყაჩაღს სახეში დაარტყა... თოფი გავარდა.



* * *

გიორგი იწვა სისხლის გუბეში და ვეღარაფერს ხედავდა... ბოლოს რაც დაინახა ჩამავალი მზე, ოდნავ აშრიალებული ხეები და მზისგან გამთბარი ცა იყო.
ყაჩაღი გაიქცა. ხატია წამოხტა და გიორგის მივარდა... მისი თავი კალთაში ჩაიდო და მაგრად მიიხუტა მკერდზე...
- გიო!.. გიო!.. გი...ო...
- სად ხარ?
- აქ ვარ გიო, შენთან!...ბიჭმა გოგოს ხელი იგრძნო...
- ნუ გეშინია! თქვა გიომ.
- გიო!..
ბიჭს გაეღიმა და სევდიანი თვალებიდან გამოანათა...
- ნუ გეშინია სულელო... თქვა გიომ და ისევ გაიღიმა... გოგონა ტიროდა...
- გიო, არ დამტოვო, გთხოვ.. გიო!
- ხატი ვეღარ გხედავ, არადა როგორ მინდა დაგინახო...
- დამინახავ გიო! აი ნახავ, დამინახავ!.. ხატიამ სასწრაფოში დარეკა... გიომ იცოდა რომ აზრი არ ქონდა... მისი გული სისხლისგან იცლებოდა, ძლივსღა ფეთქავდა... ცოტაც და გიო აღარ იქნებოდა...
- მიყვარხარ ხატი... ხატიამ გიოს დახედა და პირველად შეამჩნია მისი თვალები. აქამდე არასდროს არ დაკვირვებია გიორგის სევდიან და სიცოცხლით სავსე, წყლიან თვალებს... ახლა კი დააკვირდა, დააკვირდა და..
- ღმერთო, რა ლამაზია ! იფიქრა ხატიამ.
- მიყვარხარ ხატი... ლუღლუღებდა გიორგი.
- ვიცი გიო... არ ვარ მე ღირსი..
- არაფერს აქვს მნიშვნელობა... შენ მაინც ისეთი წმინდა იქნები ჩემთვის... მაინც ჩემს გულში იქნები სულ!... მარტო ჩემი... რაც არ უნდა მოხდეს...
- გაჩერდი გიო.. ტიროდა ხატია და მაგრად იხუტებდა გიორგის გულში - გაჩე, შენ იცოცხლებ და ეგ ყველაფერი მერე მითხარი! კაი? ხომ მეტყვი გიო?!
- ვერ გეტყვი ხატი... დაიჩურჩულა გიორგიმ..
- მეტყვი! შენ გადარჩები! და მეტყვი!... ტიროდა ხატია
გიოს გაეღიმა - შენ ნუ იდარდებ... ნახე, რა ლამაზია... ცაზე გეუბნები. თქვა გიორგიმ... ხატიამაც ახედა ცას. ცა ჩვეულებრივი იყო, ცისფერი და ნათელი. ხატიას უცებ გაახსენდა რომ გიორგი ვეღარ ხედავდა. ხატია მიხვდა... ...და ატირდა... გიორგი იღიმოდა...



„აღარ არის“


მორჩა, გათავდა! გიო აღარაა... წავიდა. გაიღიმა და წავიდა. ღირსეულად წავიდა. ახლა რა ვქნა მე?! ის ჩემი ძმა იყო და დღეს მიწა უნდა დავაყარო დაფლეთილ გულზე... ვზივარ ცივ ოთახში სადაც გიო ასვენია... სულ გათეთრდა. მე ვზივარ და თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს : „არაკაცი“...
გიო მშობლების საფლავზე დავკრძალეთ. ხატიაც იქ იყო... ტიროდა... ყველა წავიდა. მხოლოდ მე და ხატია დავრჩით. მერე მეც წავედი და ხატია გადაემხო საფლავს...


* * *

აგერ უკვე ხუთი წელი გავიდა. მე ყოველ კვირა დღეს მივდივარ გიოს საფლავზე და ვუყვები უკვე ბევრჯელ მოყოლილ ან ახალ ამბებს...
    - ნინის ხელი ვთხოვე გიო, შენი ნაჩუქარი ბეჭედი მივეცი. უკვე ორი შვილი გვყავს. ვაჟს გიორგი ქვია, გოგოს კი... გოგოს ხატია დავარქვით გიო... ხატია.. ხატია გიო, შენი ხატია, მონაზონია... ღმერთს მიუძღვნა სული... მაგრამ მე ხომ ვიცი, ღმერთს კი არა... შენ მოგიძღვნა გიო... კაი ახლა წავედი და მე კიდევ მოვალ. ბევრჯელ მოვალ გიო... ...ძალიან მომენატრე ბიჭო... ვთქვი და ორი ცრემლი მოწყდა თვალებს... საფლავს ხელი მოვუსვი... გავიღიმე... წამოვდექი და დავტოვე გიორგი... გიორგი კი იწვა ცივ მიწაში და  საფლავის ქვიდან მიღიმოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები